ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში

29 დეკემბერი, 2017

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ჩვენ მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე უარყოფითი ტენდენცია გამოავლინა. განსაკუთრებით პრობლემური იყო თბილისში არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის არამართლზომიერი აღრიცხვა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.  

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ ყველაზე ყურადსაღები იყო არჩევნების დღეს თბილისის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო სუბიექტების მხრიდან მოსული ამომრჩევლის მიუღებელი მეთოდებით აღრიცხვა, რაც საარჩევნო კომისიებმა არათუ აღკვეთეს, არამედ წაახალისეს კიდეც. ეს ქმედებები ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლის ნების კონტროლისა და პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების კუთხით სერიოზულ რისკებს წარმოშობდა. ასევე, არჩევნების დღეს პრობლემური იყო საჩივრების რეგისტრაციის პროცესი.

რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სხვადასხვა ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ხშირად ისმოდა განცხადებები მათ კანდიდატებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ასევე, აღსანიშნავია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს გაჩენილი პრობლემები.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა დაფიქსირდა. ცალსახად ადგილობრივ არჩევნებს შესაძლოა არ უკავშირდებოდა, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების წარმომადგენლების არამუდმივ თანამდებობებზე გადაყვანამ. ასევე, პრობლემური იყო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესის მიღება.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საარჩევნო მიზნით რამდენიმე სახის ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსი იქნა გამოყენებული. ადმინისტრაციული რესურსების სხვა სახეობებთან შედარებით, ამ ტიპის რესურსის არამიზნობრივი გამოყენება ყველაზე მეტად პრობლემური იყო.

ამ კუთხით, წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავი იყო მმართველი პარტიის „ქართულ ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბური მობილიზება, რასაც, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი. „ქართული ოცნების” ყველა ფართომასშტაბიან საარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენი დამკვირვებლები ესწრებოდნენ, დაფიქსირდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების სრული მობილიზაციის ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ რთული აღმოჩნდა ისეთი ადამიანების მოძიება, რომლებიც საჯაროდ იტყოდნენ, რომ ისინი აიძულეს შეხვედრაზე მისულიყვნენ, ჩვენთან საუბარში რამდენიმე საჯარო მოსამსახურე უკმაყოფილებას გამოთქვამდა მიღებული ინსტრუქციის გამო. გარდა ამისა,  რთულად წარმოსადგენია, რომ პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების გულწრფელი სურვილი საბიუჯეტო ორგანიზაციების ფაქტობრივად ყველა თანამშრომელს ჰქონდეს და სხვა მიზეზების გამო არ ჩადიოდეს ამ ქმედებას. საარჩევნო კამპანიისთვის საჯარო მოსამსახურეთა მსგავსი მობილიზება, კანონის პირდაპირი დარღვევაც რომ არ იყოს, მინიმუმ ხელს უწყობს საჯარო სამსახურის უკიდურეს პოლიტიზებას, რაც მიუღებელია.

საარჩევნო მოტივაციის მხრივ გარკვეული კითხვები გააჩინა  ახალი გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებამ, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეეცვალა მოადგილე ნინო ლომჯარია, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის საკითხს ზედამხედველობდა.

ასევე, საგანგაშო იყო მედიაორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა სიების შეგროვების შესახებ. არსებობს აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, ბაგა-ბაღების დირექტორებს, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე აძლევდა უკანონო ბრძანებებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პროკურატურამ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა, რაც გაუგებარია და კითხვებს აჩენს.

გარდა ამისა, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ათეულობით ფაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა ამ შემთხვევებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა.

ორგანიზაციამ ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე სულ 16 საჩივარი შეიტანა ცენტრალურ და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში. მათგან დაკმაყოფილდა მხოლოდ ორი. ძირითადად დარღვევები გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებებით: უკანონო აგიტაცია საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსისა და თანამდებობრივი მდგომარეობის უკანონოდ გამოყენება.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის“ რეგულაციები. რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური ტენდენცია არ ყოფილა.

 

print