ENG

მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელთა დანიშვნისას ხელისუფლებამ ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე უნდა გაითვალისწინოს

16 სექტემბერი, 2013

მედიის ცნობით, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.

დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების ეფექტიანი საქმიანობის აუცილებელი პირობაა მათი დაცვა მათივე რეგულირების სფეროში მოქმედი კომპანიების გავლენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება საფრთხე, რომ მარეგულირებელი კომისიები საზოგადოებრივი ინტერესების ნაცვლად იმ კომპანიების ინტერესებით იხელმძღვანელებენ, რომელთა საქმიანობის მიუკერძოებელი ზედამხედველობაც ევალებათ. ამიტომაც, საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კომისიონერებსა და მათ ოჯახის წევრებს უკრძალავს პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესის ქონას შესაბამის სფეროში ლიცენზიის მქონე რომელიმე სუბიექტთან.

ამგვარი არასასურველი გავლენის წარმოქმნის კიდევ ერთი შესაძლო წყაროა ე.წ. „მბრუნავი კარის“ პროცესი, რაც გულისხმობს ადამიანების მოძრაობას კერძო და საჯარო სექტორებს შორის. ასეთი მოძრაობა პრობლემებს წარმოშობს მაშინ, როდესაც თანამდებობის პირები კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში შეძენილ ინტერესებს საჯარო სექტორში გადმოსვლის შემდეგაც ლობირებენ, აგრეთვე მაშინ, როდესაც საჯარო თანამდებობიდან კერძო სექტორში გადასული პირები საჯარო ინსტუტებში შენარჩუნებული კავშირების წყალობით უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ კომპანიებს. ამდენად, პოტენციურად რისკის შემცველია თანადებობის პირების მოძრაობა დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებსა და იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მათი რეგულირების სფეროში მოქმედებენ.

ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რისკებით (და არსებული კანონმდებლობის ნაკლოვანებებით) გამოწვეული პრობლემების მაგალითია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ბოლო წლებში შექმნილი ვითარება. კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი თანამდებობაზე დანიშვნამდე იმავე სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებში საქმიანობდა და შესაბამისი კომერციული ინტერესები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც შეინარჩუნა. ჩიქოვანის თავჯომარეობისას კომისიის საქმიანობაში გამოვლენილ შესაძლო დარღვევებს ამჟამად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია იკვლევს.

საქართველოს ენერგეტიკის სეტორში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე ახალი არ არის. გასულ წელს, ჩვენ ვწერდით ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატ კახა კალაძის კომერციულ ინტერესებზე იმავე სექტორში.ასევე აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი (რომელიც ამ პოსტზე 2008 წლიდან მუშაობს), 2012 წლის ნოემბრამდე შპს “ტოტ ენერჯის” დირექტორის თანამდებობას ითავსებდა.

საქართველოს ხელისუფლებამ მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა აწონ-დაწონოს ინტერესთა კონფლიქტიდან მომდინარე ყველა შესაძლო საფრთხე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა უნდა იზრუნონ სხვადასხვა კანონში არსებული იმ ნორმების დახვეწაზე, რომელთა მიზანი საჯარო და კერძო ინტერესების გამიჯვნა და საჯარო ინსტიტუტებში ინტერესთა კონფლიქტის პრევენციაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს საჯარო და კერძო ინტერესების გადაკვეთისას წარმოქმნილი პრობლემების დეტალურ კვლევას და კონკრეტულ რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს  შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“