ENG

ხულოს მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას არ ასრულებს

20 თებერვალი, 2018

საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თვალყურს ადევნებს, რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. ამჯერად წარმოგიდგენთ ხულოს მუნიციპალიტეტის შედეგებს:

  • ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 28 იანვარს მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შესახებ.

  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს.

  • თუმცა, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე  (www.khulo.ge) დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციის უმრავლესობა არ ქვეყნდება, მათ შორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა ოდენობა, შესყიდვების წლიური გეგმა, ქონების პრივატიზაციის გეგმა, მუნიციპალიტეტთან დასაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ცხელი ხაზის ნომრები, მერიის სამსახურების დებულებები, შემუშავებული სტრატეგიები, სამოქმედო გეგმები და ა.შ.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ხულოს მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ დადგენილებებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარე საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით