ENG

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ

19 ოქტომბერი, 2018

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ.

გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ზაზა რუხაძისა და მერიისა და საკრებულოს ოთხი საჯარო მოხელის (მუნიციპალიტეტს საჯარო მოხელეთა ვინაობა პერსონალური მონაცემების დაცვის არგუმენტაციით არ მოუწოდებია) წინააღმდეგ 2016 წელს დაიწყო, 2018 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ისინი თანამდებობებიდან მხოლოდ 2018 წლის 25 სექტემბერს გათავისუფლდნენ. საქმე ეხებოდა 2015 წლის დეკემბერში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში არსებული 5372 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთის მაშინდელი გამგებლის მოადგილის, ოთარ ქაშიბაძის მეუღლის ნინო ქაროსანიძისთვის გადაცემის ფაქტს.

2016 წელს თაღლითობის, დოკუმენტების გაყალბებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებების გამო დაწყებული გამოძიება 2018 წლის აგვისტოში მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. პროკურატურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ოთარ ქაშიბაძის მეუღლეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიღებული უძრავი ქონება ჩამოერთვა, ზაზა რუხაძესა და გელა ჩოგოვაძეს თაღლითობისთვის განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, საჯარო მოხელეებს კი 2000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.

გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებდნენ, მეტიც გელა ჩოგოვაძე გამოძიების დაწყების დროს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის და აღრიცხვის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა, მოგვიანებით კი  ხონის მერის მოადგილედ დაწინაურდა. გარდა ამისა, გელა ჩოგოვაძესა და ზაზა რუხაძეს შეუნარჩუნდათ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სწორედ ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში მათ მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების გამო მიმდინარეობდა.

საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 43-ე და 59-ე მუხლების, ასევე საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” 107-ე მუხლის მიხედვით, მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირის, ასევე საჯარო მოსამსახურის განთავისუფლების საფუძველი არის მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა. მოცემულ შემთხვევაში, მათი განთავისუფლება სასამართლოს განაჩენის გამოტანისთანავე არ მომხდარა, რაც კანონდარღვევაა.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის 13-ე მეორე პრიმა  მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაკავების, დაპატიმრების ან მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ამის შესახებ აცნობოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს. თუმცა აღნიშნულმა პირებმა თანამდებობებიდან გათავისუფლების განცხადებით შესაბამის უწყებებს მხოლოდ მედიაში ფაქტის გაშუქების შემდგომ მიმართეს, რასაც ხონის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული საჯარო განცხადება ადასტურებს - ამ პირების განთავისუფლება მათ განცხადებაზე არ იყო დამოკიდებული, რადგან კანონის თანახმად, სასამართლოს განაჩენი მათი განთავისუფლებისათვის სავალდებულო საფუძველია.

მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მოხდა სათანადო და დროული რეაგირება, რამაც გამოიწვია ბიუჯეტის თანხების არამართლზომიერი ხარჯვა, ვინაიდან სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირები გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან გათავისუფლებამდე შრომის ანაზღაურებას უკანონოდ იღებდნენ.

ამასთან, 2018 წელის 29 სექტემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გაავრცელა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ამ დრომდე დადგენილი არ არის. ჩანაწერის თანახმად, მერის ყოფილი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე განიხილავენ შესაძლებლობას, თუ როგორ უნდა შენარჩუნებოდათ თანამდებობები სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილ პირებს. ჩანაწერის შინაარსი, შესაძლოა, შეიცავდეს ხონის მუნიციპალიტეტის მოქმედი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჩანაწერში მოხსენიებული გარემოებები და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ავთენტურობის დასადგენად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.