ENG

ხონის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციას პროაქტიულად არ აქვეყნებს

07 მარტი, 2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ხონის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ვალდებულებას.

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ხონის საკრებულომ 2014 წლის 15 სექტემბერს მიღებული N40 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://www.khoni.gov.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

  • მიღებული დადგენილება არ მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • ხონის საკრებულოს N40 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში; ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებსა და კონკურსის შედეგებს; ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის, ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ; საკრებულოს სხდომების ოქმები, პეტიციები და სხვა.


დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ხონის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე იხილეთ გრაფიკებზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად შეასრულონ 2014 წლის 15 სექტემბერს მიღებული N40 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სასურველია, 2014 წლის 15 სექტემბერს მიღებულ N40 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც,   საქართველოს მთავრობის N219 დადგენილების მსგავსად, გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ფართო სპექტრს შემოგვთავაზებს.

დამატებით, ორგანიზაცია მოუწოდებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები.

 

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით