ENG

უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე ახალი რეგულაციები წესდება

08 ივნისი, 2017

პარლამენტში 29 მაისს დარეგისტრირდა პარლამენტის 21 წევრის ინიციატივა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის საკითხი.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხი აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაშიც.  კონსტიტუციის ინიციირებული პროექტის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ „მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი”. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს და მოითხოვს ორგანული კანონით მიწაზე საკუთრების უფლების საკითხის მოწესრიგებას.

სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ცალსახად დადებითი გადაწყვეტილებაა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე სპეციალური რეგულაციების დაწესება ცნობილია საზღვარგარეთის ქვეყნების კანონდებლობისთვისაც. სპეციალური რეგულაციები ძირითადად უკავშირდება მიწის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის რაციონალრ გამოყენებას და ასევე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს საზღვართან არსებული მიწების გასხვისების შემთხვევაში.  მნიშვნელოვანია, რომ კანონით განსაზღვრული მიწის საკუთრების შეზღუდვა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს, არ ქმნიდეს გაუმართლებელ ხელოვნურ ბარიერებს და ამ გზით არ აზარალებდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კორუცფიის რისკების თავიდან აცილებისათვის, ასევე მნიშვნელოვანია, კანონი შეიცავდეს აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს, შეზღუდვისა და გადაწყვეტილების მიღების მკაფიო რეგულაციებს.

* ეს ბლოგი მომზადდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” დაფინანსებული პროექტის „პარლამენტის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერების“ ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.