თევზის უსიამოვნო სუნი - მოუგვარებელი პრობლემა ფოთში
თევზის გადამუშავებით გამოწვეული არასასიამოვნო სუნი ქალაქ ფოთის მოსახლეობას წლებია აწუხებს. თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მოსახლეობა პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ გადაჭრილა. ფოთში მოქმედი თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმოდან, სამი კომპანიის მეწილეები მოქმედ და ყოფილ მმართველ პარტიებთან დაკავშირებული პირები და შემომწირველები არიან.
მოსახლეობის ინფორმაციით, არასასიამოვნო სუნის გავრცელება შემდეგი გარემოებებითაა განპირობებული:
თევზის ტრანსპორტირება გემებიდან საწარმოებამდე სატვირთო ავტომობილებით ხდება, რომლებიც არასათანადოდ არიან აღჭურვილი. ტრანსპორტირებისას იღვრება თევზის სისხლნარევი წყალი, რაც სუნის გავრცელებასთან ერთად გზებს აბინძურებს;
წარმოების პროცესში ჰაერში ორთქლი გაიფრქვევა, ასევე ხდება თევზის გადამუშავებისას გამოყენებული წყლის და ნარჩენების ჩაღვრა მდინარეებში რიონსა და კაპარჭინაში.
მოქმედი რეგულაციები
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი განსაზღვრავს, რომ ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე ისე, რომ ამ პროცესმა:
საფრთხე არ შეუქმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას;
არ გამოიწვიოს ზიანი ხმაურითა და სუნით;
არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით – დაცულ ტერიტორიებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე (კოდექსის მე-5 მუხლი).
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოების მიერ რიონსა და კაპარჭინაში ჩაღვრილი დაბინძურებული წყალი და ნარჩენი შავ ზღვაში ხვდება, საფრთხე ექმნება არამხოლოდ აღნიშნული მდინარეების, არამედ ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ეკოსისტემას.
ამასთან, კოდექსით გათვალისწინებულია პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ნარჩენების წარმომქმნელი ან ნარჩენების მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები (კოდექსის მე-5 მუხლი).
ნარჩენების მართვის კოდექსით, საწარმოებს ეკრძალებათ მუნიციპალური და ცხოველური სხეულის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 100-დან 1000 ლარამდე ოდენობით.
თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს რეგულაციებს უწესებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც, მაგალითისათვის, წყლის დაცვის რეჟიმის დაღვევისათვის (წყლის დაბინძურება სხვადასხვა ტიპის ნარჩენებით) გათვალისწინებულია ჯარიმა 200-დან 800 ლარამდე.
გარდა ნარჩენების მართვისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების მოთხოვნებისა, თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები ვალდებულნი არიან დაიცვან „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის N17 დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციები. საწარმოებზე ასევე ვრცელდება “გარემოს დაცვის შესახებ”, “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, “წყლის შესახებ” საქართველოს კანონებითა და “ნარჩენების მართვის კოდექსით” განსაზღვრვული მოთხოვნები.
საწარმოები
ფოთში თევზისა და ზღის პროდუქტების გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს: შპს “აისბერგი 2”; შპს “მბმ”, შპს “ზღვის პროდუქტები” და შპს “გეოფიშ კომპანი”.
ოთხივე კომპანია ამავდროულად ფლობს თევზჭერის ლიცენზიასაც, რომელთა მოქმედების ვადაც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდე იქნა გაგრძელებული.
აღსანიშნავია, რომ შპს “აისბერგი 2-ის” 25%-იანი წილის მფლობელი საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია არის. ამასთან, აღნიშნული კომპანია ფლობს შპს “გეოფიშ კომპანის” 60%-იან წილს. ორივე საწარმოს დირექტორი არის ირაკლი ვეკუა, რომელიც ამავე დროს შპს “აისბერგი 2-ში” ირაკლი ხახუბიას 25%-იანი წილის მმართველია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლების კომპანიებში სტუმრობის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
შპს “აისბერგი 2-ის” წარმომადგენელთა განცხადებით, საწარმო აღჭურვილია შესაბამისი ფილტრებითა და დანადგარებით, რომელთა მეშვეობითაც მავნე და უსიამოვნო სუნის გამომწვევი ნივთიერებები მინიმალურ დონეზე გაიფრქვევა;
შპს “მბმ” წარმომადგენელთა განცხადებით, საწარმოში დგას აღნიშნული პრობლემა, რაც განპირობებული იყო 2017 წელს გადამუშავებული ქაფშიის განსაკუთრებულად დიდი ოდენობით, რის გამოც გამწმენდმა დანადგარებმა ვერ შეძლეს სრული დატვირთვით მუშაობა. შპს “მბმ-ში” აცხადებენ, რომ 2018 წელს საწარმო გეგმავს ფილტრებისა და შესაბამისი დანადგარების განახლებას და თევზის სუნის ატმოსფეროში გაფრქვევის პრობლემის სრულად მოგვარებას;
შპს “ზღვის პროდუქტების” დირექტორმა დავით კვანტალიანმა განაცხადა, რომ საწარმოში ფილტრები და გამწმენდი დანადგარები სამი წლის წინ დამონტაჟდა, შესაბამისად, შპს “ზღვის პროდუქტებიდან” არც თევზის სუნი ვრცელდება და არც გარემო ბინძურდება;
შპს “გეოფიშ კომპანის” წარმომადგენელთა განცხადებით, ფილტრებისა და გამწმენდი ნაგებობების მონტაჟი დაწყებულია და თევზის გადამუშავების მომავალი სეზონისთვის უსიამოვნო სუნისა და მავნე ნივთიერებების გაფრქვევის პრობლემა სრულად მოგვარდება.
საწარმოებში აღმოჩენილი დარღვევები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოთხივე საწარმოში 2017 წელს კანონმდებლობის დარღვევის 27 ფაქტი გამოავლინა (“აისბერგი 2-ში” - 15, “ზღვის პროდუქტებში” - 5, “მბმ-ში” - 4, “გეოფიშ კომპანიში” კი 3).
საწარმოებში შემდეგი სახის დარღვევები იქნა გამოვლენილი:
ცხოველური (ქაფშიას) ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
თევზის სისხლნარევი წყლითა და ცხიმის ნარჩენებით ზღვის დაბინძურება;
თევზის გადამუშავების შედეგად ნარჩენი ნივთიერებებით (არხის გავლით) მდინარის დაბინძურების ფაქტი.
საწარმოებისათვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 100-დან 1000 ლარამდე მერყეობს. ჯარიმის ასეთი მოცულობა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პრევენციულ ფუნქციას ვერ ასრულებს.
საწარმოს მფლობელების პოლიტიკური შემოწირულებები
ირაკლი ხახუბიამ - 2012 წელს 10 000 ლარი, ხოლო ირაკლი ვეკუამ 1 100 ლარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირეს.
პოლიტიკური შემოწირულობები თევზის მწარმოებელი სხვა კომპანიების მფლობელებმაც განახორციელეს:
დავით წიწილაშვილმა, რომელიც შპს “ზღვის პროდუქტების” 100%-იანი წილის მფლობელია, 2016 წელს 60 000 ლარი შესწირა პარტიას “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”;
კახაბერ ლატარიამ, რომელიც შპს “აისბერგი 2-ის” 25%-იან წილს ფლობს, 2012 წლის აგვისტოში 20 000 ლარი, ამავე წლის სექტემბერში კი 40 000 ლარი შესწირა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”, 2016 წელს კი 60 000 ლარი პარტიას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
თენგიზ სარიშვილმა, რომელიც ასევე შპს “აისბერგი 2-ის” 25%-იანი წილის მფლობელია, 2012 წლის აგვისტოში 20 000 ლარი, ამავე წლის სექტემბერში კი 40 000 ლარი შესწირა “ერთიან ნაციონალური მოძრაობას”, 2016 წელს კი 60 000 ლარი პარტიას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო."
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეკომენდაციით:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა ჩაატაროს ოთხივე საწარმოს დეტალური ინსპექტირება და დაადგინოს, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო როგორც გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ასევე არასასიამოვნო სუნის გაფრქვევის მინიმუმამდე შესამცირებლად;