ENG

თბილისის მერიისთვის ქონების განკარგვის დისკრეციის გაფართოება გამჭვირვალობის პრინციპს ეწინააღმდეგება

22 ივნისი, 2015

 

4 ივნისს საქართველოს პარლამენტში შევიდა პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანისა და ერეკლე ტრიპოლსკის მიერ მომზადებული კანონის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ.

განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოდგენილი ცვლილებების მიზნებს შორისაა (1) თბილისის, როგორც დედაქალაქის, განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობის განმტკიცება, (2) მისი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, (3) მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცედურების დაჩქარება და (4) თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის მოქნილი სისტემის შექმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ინვესტორთა მოზიდვასა და მუნიციპალიტეტის შემოსავლების ზრდას.

შემოთავაზებული კანონპროექტი შეიცავს რიგ ცვლილებებს, რომლებიც ცალსახად პოზიტიური და მისასალმებელია. ამ მხრივ აღსანიშნავია, მაგალითად, ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაკონკრეტდება, თუ როგორ ხდება კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების წესდება-დებულებების დამტკიცება, ხელმძღვანელის დანიშვნა და მისი საქმიანობის კონტროლი.

ამავე დროს, კითხვებს ბადებს კანონპროექტის ის დებულებები, რომლებიც თბილისის მერიის მიერ მუნიციპალური ქონების განკარგვის უფლებამოსილებას უკავშირდება. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის დებულებები, რომლებიც თბილისისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის საფუძველზე პრივატიზების უფლებამოსილების მინიჭებას და თბილისის საკრებულოს მიერ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების პროცედურის გაუქმებას ითვალისწინებს.

თვითმმართველობის კოდექსის ამჟამინდელი რედაქცია მუნიციპალიტეტის ქონების მხოლოდ საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესაძლებლობას ითვალისწინებს. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, თბილისს, განსხვავებით სხვა მუნიციპალიტეტებისგან, ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების უფლებამოსილებაც ენიჭება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ეს ცვლილება დასაბუთებულია იმ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების აუცილებლობით, რომელთა მიხედვითაც თბილისის მერიას გარკვეული პირებისთვის ქონების საკუთრებაში გადაცემა დაევალა, ასევე იმ გარემოებით, რომ „მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების სანაცვლოდ, ინვესტორი ხშირად ითხოვს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემას.“

უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო ქონების განკარგვა (პრივატიზაცია) ერთ-ერთი სფეროა, სადაც კორუფციის პოტენციურად მაღალი რისკი არსებობს. ამ რისკის შესამცირებლად აუცილებელია ქონების განკარგვის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, რისი საუკეთესო საშუალებაც არის ქონების განკარგვა ღია აუქციონის გზით. ამრიგად, ქონების განკარგვისას, ღია აუქციონის პარალელურად, თბილისის მერიისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება უკანგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის კუთხით. ამავე მიზეზის გამო, უარყოფითად უნდა შეფასდეს საკრებულოს მიერ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების პროცედურის გაუქმება.

სახელმწიფო ქონების განკარგვის რეგლამენტირება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს; კერძოდ, ქონების განკარგვის შემთხვევაში გაუმართლებელია ქონების ღირებულების მიხედვით მისი განკარგვის მკაცრი თუ ნაკლებად მკაცრი პროცედურების დადგენა, განსხვავებით, მაგალითად სახელმწიფო შესყიდვებისგან, სადაც მონეტარული ზღვრები რისკების შემსუბუქების ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა. აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ქონების არჩევითი ორგანოს კონტროლის გარეშე განკარგვა მისაღები პრაქტიკა იქნებოდა სახელმწიფო ქონების განკარგვის რეგლამენტირება რომ შესაძლებელი იყოს. არჩევითი ორგანოს კონტროლი სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევაში არის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ერთადერთი საშუალება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევითმა ორგანომ განიხილოს სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევები.

საქართველოში არსებობს სამწუხარო გამოცდილება იმისა, რომ საჯარო ქონების პრივატიზაცია ზოგიერთ შემთხვევაში საეჭვო გარემოებებში ხდებოდა. გარდა ამისა, იყო ისეთი ქონების პრივატიზების შემთხვევებიც, რომლის კერძო საკუთრებაში გადაცემა მიზანშეწონილი არ არის (მაგალითად, ქალაქის სარეკრეაციო ზონებში მდებარე მიწის ნაკვეთები). მსგავსი უარყოფითი გამოცდილება დამატებითი არგუმენტია პრივატიზაციის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მოთხოვნის სასარგებლოდ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში შემოთავაზებული დასაბუთება არადამაჯერებელია, რადგან კანონის მორგება ცალკეული ინვესტორების ინტერესებზე მიზანშეწონილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცვლილება საჯარო ქონების მართვის პროცესის გამჭვირვალობას ამცირებს. ამდენად, კანონპროექტის ავტორებმა დამატებითი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ, რომლებიც ამგვარი ცვლილებების საჭიროებას დაასაბუთებს.

გარდა ამისა, აუცილებელია იმის განმარტებაც, თუ რა მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი თბილისის საჯარო ქონების მართვის პროცესის გამჭვირვალობა მას შემდეგ, რაც მერიას ქონების პირდაპირი წესით განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭება, ხოლო საკრებულო საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას და საპრივატიზაციო გეგმას აღარ დაამტკიცებს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“