თბილისის მერიამ პარტიებს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება არ უნდა შეუზღუდოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თბილისის მერიამ პარტიებს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება არ უნდა შეუზღუდოს

25 სექტემბერი, 2020

 

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან პარტიამ „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი” ხელმოწერების შეგროვება დაიწყო საბანკო სესხებზე პროცენტის განახევრების მოთხოვნით. ამ მიზნით თბილისის მეტროსადგურებთან განათავსა მცირე ზომის კარვები, რის გამოც, ივნისის შემდეგ თბილისის მერიამ ჯამში 70 000 ლარზე მეტი თანხით დააჯარიმა. მიგვაჩნია, რომ მერიის მხრიდან პარტიის მიმართ გატარებული სანქციებით ირღვევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება და შესაბამისად, ხელს უშლის პარტიას აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია.

პარტია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ივნისის ბოლოდან აგროვებდა ხელმოწერებს, რათა საკანონმდებლო ინიციატივით მიემართა პარლამენტისთვის საბანკო სესხების დარეგულირების მოთხოვნით. საკანონმდებლო ინიციატივისთვის 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო, რისთვისაც პარტიის წამომადგენლებმა ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში განათავსეს მსუბუქი კონსტრუქციის კარვები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა  ეძლეოდათ ხელმოწერით შეერთებოდნენ პარტიის ინიციატივას.

ხელმოწერისთვის განკუთვნილი კარვების გაშლა მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503-ე მუხლის (თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა) დარღვევად მიიჩნია და პარტიის პერმანენტული დაჯარიმება დაიწყო. ივნისიდან დღემდე 70 000 ლარის ოდენობის სამართალდარღვევათა ოქმი შედგა, რასაც ყოველდღიურად ახალი ჯარიმებიც ემატება.

კანონის სწორი ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რეალურად პარტიის მიერ ორგანიზებულია დაურეგულირებელი საბანკო სესხების საწინააღმდეგო პროტესტი, რისთვისაც აგროვებს ხელმოწერებს, რომელიც ასევე პროტესტის ფორმაა და ამავე დროს პეტიციის სახეც შეიძლება შეიძინოს.

საპროტესტო შეკრების მიმდინარეობისას კარვის განთავსება კანონშესაბამისად არის მიჩნეული საერთო სასამართლოების პრაქტიკით, თუ ის არ ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს შენობის ან ტროტუარის ბლოკირებას. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლო 2018 წლის 9 თებერვლის N3ბ/170-18 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „[პირს] კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. აზრის გამოხატვა არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების აგებით, შესაძლებელია თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.“ 2016 წელს „პარტიზანული მებაღეობის“ საქმეში, რომლებიც მოითხოვდნენ მისცემოდათ შესაძლებლობა, თბილისის მერიის წინ, სკვერში, მათ მიერ შერჩეულ ადგილას განეთავსებინათ კარავი, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიამაც კანონის ანალოგიური ინტერპრეტაცია მოახდინა: „შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროისა, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“. სრულიად იდენტურადაა კანონი განმარტებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის №3/6098-18 განჩინებაშიც, სადაც საქმე პარლამენტის წინ კარვის დადგმის კანონიერებას ეხებოდა.

ამრიგად, პარტია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ კარვების განთავსება პროტესტის გამოხატვის მიზნით სრულიად თავსდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ფარგლებში, მათი ათეულობით ათასი ლარით დაჯარიმება კი წარმოადგენს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დარღვევას და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლას.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაიცვას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი და შეწყვიტოს პარტია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის“ დაჯარიმება, აგრეთვე, გააუქმოს უკვე შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები.