SMS სპამს თანხმობის გარეშე უფრო მეტი მოქალაქე იღებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

SMS სპამს თანხმობის გარეშე უფრო მეტი მოქალაქე იღებს

08 ივლისი, 2015

 

საქართველოში მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის უცხო არ უნდა იყოს ყოველკვირეულად, ზოგჯერ კი ყოველდღიურად რამდენიმე სარეკლამო შეტყობინების მიღება. ხშირ შემთხვევაში, მესიჯებით ისეთი კომპანიების პროდუქციას თუ მომსახურებას გთავაზობენ, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ და მათთვის არც შეტყობინებების გამოგზავნის უფლება მიგიციათ. საქართველოში უკვე არსებობს მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს, სურვილისამებრ, მსგავსი შეტყობინებების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს. ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით ნებისმიერი სახის საქონლის, პროდუქციის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება ითვლება პირდაპირ მარკეტინგად და რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს შექმნან პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებები. ეს რეგულაცია საქართველოში 2014 წლის სექტემბრიდან მოქმედებს. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა კვლავ აქტუალურია. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომლები კანონის ამოქმედების შემდეგაც იღებენ შეტყობინებებს, რომლებზე არ არის მითითებული უარის თქმის მექანიზმი ან ის გაუმართავია.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ 2015 წლის 28 აპრილიდან 6 მაისამდე პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რესპონდენტთა რიცხვი, რომლებიც იღებენ სარეკლამო შეტყობინებებს მათი თანხმობის გარეშე 2013 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და დღეს 78%-ს შეადგენს.

პარალელურად, სულ უფრო ნაკლები ადამიანი თვლის, რომ ასეთი ტიპის სარეკლამო შეტყობინებები სასარგებლო ან საინტერესოა. მეტიც, მათი რიცხვი, ვისაც ასეთი სარეკლამო შეტყობინებები აღიზიანებს 2013 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 35% შეადგინა.

 

მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ არ აქვთ სარეკლამო შეთავაზების მიღებაზე უარის თქმის საშუალება ან უარის თქმიდან 10 დღის განმავლობაში არ შეწყდა მათთვის შეტყობინების გაგზავნა, შეუძლიათ მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს. აპარატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დეტალური ინფორმაცია მოქლაქეებისათვის პირდაპირი მარკეტინგის რეგულაციებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ მარკეტინგზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომლის სახელითაც იგზავნება სარეკლამო შეტყობინება. ინსპექტორი უფლებამოსილია დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია 3,000 ლარით დააჯარიმოს. 1 წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 10,000 ლარია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლიდან დღემდე ინსპექტორს ჯამში 18 განცხადებით მიმართეს. მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე ინსპექტორის აპარატმა 13 კომპანია შეამოწმა, რომელთაგანაც 4 კომპანია 3,000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ მიმართვიანობა წლიდან წლამდე მატულობს. დამატებით, ინსპექტორის ინიციატივით 4 კომპანია შემოწმდა, სამი კომპანიის შემოწმება კი ახლა მიმდინარეობს. ამ კომპანიათა ნაწილში სამართალდარღვევა დაფიქსირდა. 2013 წლიდან დღემდე ინსპექტორის აპარატთან პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით კონსულტაცია 25-მა სხვადასხვა ორგანიზაციამ გაიარა.

რამდენიმე დღის წინ კომპანია „მაგთიკომის“ აბონენტებმა მიიღეს შეტყობინება ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები თანხმობას აცხადებენ „მაგთიკომის“ პარტნიორი ორგანიზაციებისგან სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე. ამ საკითხს ამჟამად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ „მაგთიკომი“ მომხმარებლებს უარის თქმის მექანიზმს სთავაზობს, მიგვაჩნია, რომ კომპანიამ სარეკლამო შეტყობინებები მხოლოდ იმ აბონენტებს უნდა გაუგზავნოს, რომლებიც წინასწარ განაცხადებენ ამაზე თანხმობას, რათა მომხმარებლებს, რომელთაც ასეთი შეტყობინებების მიღება არ სურთ აღარ შეექმნათ უხერხულობა თითოეული კომპანიის შეტყობინებაზე უარის თქმით.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“