შემოწირულებები და ტენდერები - ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

შემოწირულებები და ტენდერები - ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“

25 მაისი, 2026

 

2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა. შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, აგრეთვე 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია მიიღეს.

რომან აბრამიშვილმა 2026 წლის 10 თებერვალს პარტიას 60,000 ლარი შესწირა (ჯამში შეწირული აქვს 416,000 ₾). მისმა კომპანიან შპს „გ&კ ტექნოლოგმა“ 2015 წლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შპს „საქართველოს მელიორაციისგან“ 58,2 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო (აქედან 14 მილიონი - 2025 წლის შემდეგ). ამავე კომპანიამ 2020 წელს მარნეულში სახელმწიფოსგან პრივატიზაციით (ელექტრონული აუქციონი) 106 ათასი კვ.მ ფართობის ტერიტორია 674 ათას ლარად — კვ.მ 6.40 ლარად — შეიძინა. აბრამიშვილის კომპანიები აგრეთვე ფლობენ ქვიშა-ხრეშის მოპოვების 10 ლიცენზიას. აბრამიშვილს 2012 წელს ნაციონალური მოძრაობისთვისაც აქვს შეწირული 7,000 ლარი.

სამშენებლო-დეველოპერულ „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა შემომწირველებმა – ბესიკ ჟღენტმა, თემურ ბიწაძემ და ნიკოლოზ თევზაძემ – 2026 წლის 26-30 მარტს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 150,000 ლარი შესწირეს, ჯგუფს ჯამურად პარტიისთვის 913,000 ლარი აქვს გადარიცხული. შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს  მიღებული აქვთ: 2024 წელს შპს „ალიანს ლისს“ ლისის ტბის მიმდებარედ 27,431 კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა; 2021-2023 წლებში შპს „გონიო 2020“-ის მიერ ქობულეთში 21 ათასი კვ.მ სახელმწიფო მიწის პრივატიზაციით შესყიდვა უკონკურენტო აუქციონებზე; 2021 წელს აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, 600 კვ.მ ნაკვეთი გონიოში და 2022 წელს შპს „ჯეობლუბერის“ 1 მილიონი ლარის აგროსუბსიდია.