შეესაბამება თუ არა „ახალ პოლიტიკურ სტანდარტს“ მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

შეესაბამება თუ არა „ახალ პოლიტიკურ სტანდარტს“ მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია?

06 აგვისტო, 2013

სწორედ როგორც „ახალი პოლიტიკური სტანდარტების“ დამკვიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯი ახსნა გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრობიდან გადადგომა, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ამას არ ავალდებულებდა. პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის ეს გადაწყვეტილება უდავოდ მისასალმებელია. თუმცა მარგველაშვილის ერთგულება მის მიერვე გაცხადებული პოლიტიკის მიმართ ეჭვქვეშ დააყენა ბოლო პერიოდში მისი საჯარო გამოჩენის სპეციფიკამ. მხედველობაში გვაქვს მისი დასწრების ფაქტი იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შრომის კოდექსის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაციაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ თუშეთობის დღესასწაულზე ომალოში, სადაც მარგველაშვილმა ვერტმფრენით იმგზავრა. ჩვენთვის უცნობია არის თუ არა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო საკუთრებაში.

პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის საჯარო შეხვედრების საკითხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიაზეც განიხილეს, სადაც ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დასახელებული კანდიდატი კულტურისა და რეინტეგრაციის სამინისტროების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსაც ესწრებოდა.

მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე პრეზიდენტობის კანდიდატის დასწრება წარმოშობს რიგს კანონდარღვევებისა. პირველ რიგში, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით უკვე მიღებულ საარჩევნო კოდექსში ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებზე აგიტაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ითვლება. აგიტაცია კი, მოქმედი კოდექსით, შეიძლება ნებისმიერი საჯარო მოქმედება იყოს, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის პირის არჩევას. საარჩევნო მიზნების მქონე პირის საჯარო ღონისძიებაზე დასწრება კი არის მისთვის პლატფორმის დათმობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ასევე ამ ქმედებით, კანდიდატი ზოგავს საკუთარ ფინანსებს, რაც შესაძლოა განხილული იქნეს, როგორც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან გაღებული უკანონო შემოწირულება.

გიორგი მარგველაშვილი ამ დრომდე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის და ასეთი ქმედებებისგან თავის შეკავების, ისევე როგორც – მინისტრობიდან გადადგომის ფორმალური ვალდებულება მას არ გააჩნია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად უკვე დაწყებულია, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაცია კი მხოლოდ ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს მოვუწოდებთ:

  • დაიცვას ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი, რომლის თანახმად სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მკაფიო განსხვავება უნდა არსებობდეს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეული იყო.
  • დაიცვას მის მიერვე დეკლარირებული მაღალი პოლიტიკური სტანდარტი და კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებამდეც არ დაუშვას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ვინაიდან ამომრჩევლისთვის ის უკვე აღიქმება, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი.


ფოტოები: კახეთის საინფორმაციო ცენტრი, http://ick.ge/

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
elections