ENG

სენაკის საკრებულომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონკურსის გარეშე დანიშნა

11 ივლისი, 2013

9 ივლისს, სენაკის საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ხმაურის ფონზე დანიშნა. გოჩა დგებუაძე საკრებულოს სხდომაზე მისულმა 21 დეპუტატმა ერთხმად აირჩია. გამგებლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 24 ივნისს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თენგიზ ადამიამ დატოვა.

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ აქტივისტები  საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა, საკრებულოს აპარატის განმარტებით, იმის გამო, რომ მცირე დარბაზი ათეულობით ადამიანს ვერ დაიტევდა, აქციის მონაწილეები შენობაში არ შეუშვეს. ამასთან, აქციის მონაწილეთა შენობაში შეშვებით სხდომის გამართვას საფრთხე დაემუქრებოდა. დემონსტრაციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გოჩა ბოკუჩავას კანდიდატურის განხილვაც იყო. ბოკუჩავას „ქართული ოცნების“ წევრთა ნაწილის მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი უჭერს მხარს. რაც შეეხება გოჩა დგებუაძის კანდიდატურას, დემონსტრაციის მონაწილეები მას „ნაციონალური მოძრაობის“ კადრად მოიხსენიებდნენ, საკრებულოს შენობასთან შეკრებილები ასევე აცხადებდნენ, რომ გოჩა დგებუაძე სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვლის მეგობარი და მისი პროტექციით შერჩეული პირია. ბრალდებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო საკრებულოს სხდომაზეც, სადაც „ქალთა კავშირისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რამდენჯერმე სცადეს სხდომის ჩაშლა, ქალბატონები მოუწოდებდნენ საკრებულოს წევრებს, მხარი არ დაეჭირათ გოჩა დგებუაძის კანდიდატურისთვის; ასევე კონფორმიზმში ადამანაშაულებდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებს მისცეს საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებელობა. ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საკრებულოს მიერ 2013 წლის 27 თებერვლის N2 დადგენილებით უკვე ჩამოყალიბებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, თუმცა გამგებლის არჩევა კონკურსის გამოცხადების გარეშე მოხდა და საკრებულომ მხოლოდ გოჩა დგებუაძის კანდიდატურაზე იმსჯელა. ამ პირობებში სენაკის საკრებულო მოკლებული იყო შესაძლებლობას სხვა კანდიდატები განეხილა. შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დისკრეციული გადაწყვეტილებით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად გოჩა დგებუაძე დანიშნეს.

სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსის კობა ბარამიას განმარტებით, საკრებულო ვერ გამოაცხადებდა კონკურსს გამგებლის თანამდებობაზე, რადგანაც თავის დროზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა პროცედურული დარღვევებით მოხდა და სწორედ ეს გახდა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მურად შამათავასათვის იმპიჩმენტის გამოცხადების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი. საკრებულოს აპარატის უფროსის თქმით, საკრებულომ ისე განიხილა კომისიის ჩამოყალიბების საკითხი, რომ იგი არც ერთი მუდმივმოქმედი კომისიისა და არც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად არ გაუტანიათ[1].

ცნობისთვის, 27 თებერვალს „საკონკურსო-საატესტაციო კომისიის“ ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილებას  საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, თუმცა 14 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, იმავე წევრებმა მიიჩნიეს, რომ კომისიის დებულება პროცედურული დარღვევით (ბიუროზე განხილვის გარეშე) იყო მიღებული, რაც საბოლოოდ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მურად შამათავას იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძვლად გამოიყენეს.

თუ საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილება[2] პროცედურული დარღვევით იქნა მიღებული, გაუგებარია, რატომ არ იზრუნა საკრებულომ სულ მცირე 4 თვის განმავლობაში აქტის ბათილად გამოცხადებასა და ხარვეზის დროულად გამოსწორებაზე[3].  საკრებულოს აპარატის უფროსმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბრისას განაცხადა, რომ საკრებულოს არ ჰქონდა დრო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

მიგვაჩნია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ გამოესწორებინა ხარვეზები და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მეშვეობით გამოეცხადებინა კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, რათა ყველა კანდიდატს ჰქონოდა თანაბარი შანსი გამგებლის პოზიციის დასაკავებლად. ამგვარი მიდგომა არ წარმოშობდა კითხვებს და პროცესი გამჭვირვალე და უფრო მეტად სამართლიანი იქნებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე მოუწოდებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დროულად აღმოფხვრას სამართლებრივი ხარვეზები, რათა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შეძლოს სრულყოფილად ფუნქციონირება, სხვა შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის სრულფასოვანი მუშაობა საკრებულოს მმართველი ძალის  ინტერესებში არ შედის.

 


 

[1] ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30ე მუხლი, მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად - საკრებულოს ბიურო ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

[2]სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვალის N 2 დადგენილება;

[3] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები”.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“