სენაკის გამგეობის ტენდერები და გამგებლის ინტერესები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სენაკის გამგეობის ტენდერები და გამგებლის ინტერესები

20 თებერვალი, 2015

 

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვის მეთოდით ცალკეული სამუშაოები სენაკის გამგებლის, გოჩა დგებუაძის ძმებთან კავშირში მყოფი კომპანიებისაგან შეისყიდა, კერძოდ:

  • 2014 წლის მაისსა და ივლისში სენაკის გამგეობის მიერ სარემონტო-სამონტაჟო სამუშოები შპს „სენ კაპიტალისაგან“ (ს/კ 439863168), გამარტივებული მეთოდით, ორჯერ შეისყიდა.  შესყიდვის განხორციელებისას შპს „სენ კაპიტალის“ 50%-იანი წილის მფლობელი სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის ძმა სოსო დგებუაძე იყო.  სოსო დგებუაძე ამჟამად „სენ კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელია და, ამავდროულად, მისი დირექტორიც. აღსანიშნავია, რომ შპს „სენ კაპიტალი“ დაფუძნებულია 2014 წლის 8 მაისს. გაწეული მომსახურებისათვის შპს „სენ კაპიტალმა“ სენაკის მუნიციპალიტეტისაგან მთლიანობაში 56 703.31 ლარი მიიღო.

  • 2013 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები სენაკის გამგეობის მიერ შპს „ბალავარისგან“ (ს/კ 239869282) გამარტივებული შესყიდვის მეთოდით ორჯერ – სექტემბერსა და ნოემბერში – შეისყიდა. შპს „ბალავარმა“ შესრულებული სამუშაოებისათვის მთლიანობაში 98 233 ლარი მიიღო. შპს „ბალავარი“  2004 წლის 10 მაისს დარგისტრირდა, რა დროსაც მისი დირექტორი და 80%-იანი წილის მფლობელი სენაკის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებლის გოჩა დგებუაძის ძმა თამაზ დგებუაძე იყო. თუმცა, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შპს „ბალავართან“ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში თამაზ დგებუაძე შპს-ს არც მეწილე და არც ხელძღვანელი არ ყოფილა. თამაზ დგებუაძე შპს „ბალავარის“ დირექტორი ხელახლა, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 17 თებერვლიდან გახდა.

დოკუმენტაცია ამ შესყიდვების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ინგა ქარდავამ მოგვაწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემომოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლება დავასკვნათ, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ან კორუფციულ გარიგებას, ცხადია, რომ გამარტივებული შესყიდვის მეთოდით სენაკის გამგეობის მიერ გამგებლის გოჩა დგებუაძის ძმებთან კავშირში მყოფი კომპანიებისაგან მომსახურების შესყიდვა გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს, რაზეც სენაკის მუნიციპალიტეტმა სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“