ENG

სახელმწიფოს ქმედებები 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ შერჩევითია

07 ოქტომბერი, 2019

 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია, დემონსტრანტთა გარკვეული ჯგუფის მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო, სახელმწიფომ არაპროპორციული პოლიციური ძალის გამოყენებით დაშალა. საქმეზე გამოძიება 2 მიმართულებით მიმდინარეობს: მოქალაქეების მხრიდან ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე და ასევე, პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან ცალკეულ ეპიზოდებში ძალის გადამეტების შეთხვევებზე.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები არ აჩვენებს საქმის ყოველმხრივი და სამართლიანი გამოძიების სურვილს, უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებები გაცილებით ინტენსიურია დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც შერჩევითი მიდგომის ნიშნებს ატარებს. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ასევე არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით,  20 ივნისს მომხდარ მოვლენებზე გამოკითხულთა 43% პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს; 68% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აქციის დაშლის პროცესში ძალას გადაამეტა, ხოლო მათგან 71% თვლის, რომ მათ მიმართ, ვინც აქციის დაშლისას ძალას გადაამეტა, სათანადო ზომები არ გატარებულა.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას სახელმწიფოს მიდგომებთან დაკავშირებით სამართალდამცავებისა და დემონსტრანტების მიმართ. მოყვანილი მაგალითები და სტატისტიკა შერჩევითი მიდგომის აღქმას აჩენს. გარკვეულ შემთხვევებში საგამოძიებო ორგანოების ქმედებები შესაძლოა სადამსჯელო შინაარსსაც  ატარებდეს და სამომავლოდ აქციის მონაწილეების დაშინებისკენ იყოს მიმართული.

  1. დაზარალებული და პასუხისგებაში მიცემული მოქალაქეები

ჯანდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაშლის შედეგად დაზარალდა 202 მოქალაქე, მათ შორის, 187 სამოქალაქო პირი და 15 ჟურნალისტი[1]. 24 სამოქალაქო პირისთვის და 2 ჟურნალისტისთვის ოპერაციის გაკეთება გახდა აუცილებელი, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა 2 ადამიანი, ასევე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  რეზინის ტყვიის სროლის შედეგად ორმა ახალგაზრდამ მხედველობა დაკარგა.

მომხდარი მოვლენების გამო 305 დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით მალევე დააკავეს. ამ შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში დემონსტრანტებს პატიმრობა მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე შეუფარდეს, პროცესები დაჩქარებული წესით ჩატარდა და დაკავებულებმა თავიანთი უფლებების სრულყოფილად უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.  სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 19  სამოქალაქო პირი, 16 მათგანი დღემდე პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურის შუამდგომლობები უმეტესად შაბლონური იყო და მხოლოდ ზოგად მსჯელობას ემყარებოდა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ ისინი დააკმაყოფილა და დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა - პატიმრობა შეუფარდა.  სასამართლომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ლევან ჯიქურს, რომელიც სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და პროცესზე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მიიყვანეს, პატიმრობა შეუფარდა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, ბესიკ თამლიანსაც. 10 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო,  საპატიმრო დაწესებულება დატოვა  ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბეჟან ლორთქიფანიძემ.

  1. დაზარალებული და პასუხისგებაში მიცემული სამართალდამცავები

ჯანდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაშლის პროცესში დაშავდა 73 სამართალდამცავი, მათგან ოპერაციის გაკეთება გახდა აუცილებელი 2 პირისთვის. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხედველობა აქვს ასევე დაკარგული ერთ სამართალდამცავს.

აქციის დაშლის დროს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 3 სამართალდამცავი, რომელთაგან ერთ-ერთს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით თავიდანვე გირაო შეუფარდა, ხოლო ორს - პატიმრობა, რომელიც მოგვიანებით ასევე გირაოთი შეიცვალა. ერთ-ერთი მათგანი, 27 სექტემბერს, პატიმრობიდან ბრალის აღიარების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გათავისუფლდა. საბოლოოდ სამივე სამართალდამცავი გათავისუფლდა და დღეის მდგომარეობით, ამ საქმეზე არცერთი მათგანი საპატიმრო  დაწესებულებაში არ იმყოფება.  ამ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები აქვს სახალხო დამცველს და საქმეების დეტალურად შესწავლას აპირებს. უფლებამოსილება აქვს დროებით შეჩერებული 11 სამართალდამცავს, მათ შორის, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს.

დღემდე საზოგადოებას დამაჯერებელი პასუხები არ მიუღია და გამოძიებას არ გამოუკვეთავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის და წარსულში ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის როლი 20 ივნისის მოვლენებში. მედიით გავრცელდა კადრები, სადაც ანზორ ჩუბინიძე აქციის ღამეს ადგილზე იმყოფებოდა და სპეცრაზმელებს სავარაუდოდ უშუალოდ აძლევდა დავალებებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით, მას იქ ყოფნის უფლებამოსილება ჰქონდა, დასადგენია, ხომ არ გასცდა მისი ქმედებები კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღემდე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღია იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, რაც ერთადერთი სწორი პასუხი იქნებოდა 20 ივნისის ღამეს პოლიციის არაპროპორციული ქმედებების გამო დამდგარ უმძიმეს შედეგებზე. ამის საპირისპიროდ, საპარლამენტო უმრავლესობამ 8 სექტემბერს მხარი დაუჭირა გიორგი გახარიას პრემიერ - მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურებას, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს დამდგარი შედეგის სიმძიმეს და შექმნილი კრიზისის მნიშვნელობას.

  1. ოპოზიციური პარტიების ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის ბრალი აქვთ ასევე წაყენებული ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ  ლიდერს და დეპუტატს - ნიკა მელიას და ასევე, ოპოზიციური პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს.

ნიკა მელიას საქმე

2019 წლის 25 ივნისს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს,  ნიკა მელიას ბრალი წაუყენა და ამავდოულად, გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით მიმართა. გენერალური პროკურორი დეპუტატისთვის  პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც პარლამენტის თანხმობა სჭირდება. 26 ივნისს პარლამენტმა კენჭი უყარა თანხმობის გაცემის გადაწყვეტილებას და 91 ხმით დეპუტატს იმუნიტეტი შეუჩერა. გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის მოთხოვნა შაბლონური იყო და მასში საკმარისად არ იყო დასაბუთებული, რატომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა - პატიმრობა. დოკუმენტის შაბლონურობაზე ისიც მიანიშნებს, რომ მასში პროკურატურის არგუმენტების გასამყარებლად მოყვანილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე საქმე, რომელთა უმეტესობა იმდენად განსხვავებულ გარემოებებს ეხება, რომ მათზე მითითება ნიკა მელიას საქმის კონტექსტში აბსოლუტურად არარელევანტური იყო. რაიმე სახის დასაბუთება ან ახსნა არ ახლავს არც პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  პატიმრობის ნაცვლად, ნიკა მელიას გირაოს გადახდა და სხვა შეზღუდვები დაუწესა.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით პოლიტიკოსი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, გამოძიების მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და ირაკლი ოქრუაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ისევე როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში, დაუსაბუთებელი და შაბლონური იყო პროკურატურის შუამდგომლობა ირაკლი ოქრუაშვილის საქმეშიც. პატიმრობის მოთხოვნა მხოლოდ ზოგად მსჯელობას ემყარებოდა. შუამდგომლობაში პროკურატურა უთითებდა ირაკლი ოქრუაშვილის მიმალვის და მის მიერ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე. შუამდგომლობაში ასევე აღნიშნული იყო, რომ პროკურატურის ბრალის დადგენილება, გავრცელებული ვიდეო მასალის გარდა, მოწმეთა ჩვენებებსაც ეყრდნობოდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღკვეთის ღონისძიების განხილვის მომენტისთვის საქმეში არსებული ყველა მოწმე პოლიციელი იყო.

აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ირაკლი ოქრუაშვილისათვის ბრალის წაყენებას და დაპატიმრებას რამდენიმე დღით წინ უძღოდა  მის მიერ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის, „რუსთავი 2”-ის მესაკუთრეობაზე პრეტენზიის გაცხადება და მმართველი პარტიის წინააღმდეგ გარკვეული დეტალების გასაჯაროება.

დასკვნა

მიმდინარე მოვლენების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები, სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯის სურვილსა და სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომაზე უფრო მიუთითებს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან 20 ივნისის აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლა, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები და პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევები, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემურ ხარვეზებს ააშკარავებს, აღნიშნული კი სახელმწიფოსგან სწრაფ და სამართლიან რეაგირებას მოითხოვს. სამართლიანი რეაგირების არარსებობის გამო ღრმავდება საზოგადოების უნდობლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და კიდევ უფრო მყარდება მისი პოლიტიკური გავლენების ქვეშ ყოფნის ეჭვები.

საზოგადოების თვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობის მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია, გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს სამართალდამცავი უწყებების ყველა ის თანამშრომელი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გამოძიებას, მაქსიმალური გამჭვირვალობითა და თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომით აწარმოონ და დაასრულონ იგი.


[1]  ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მიერაც გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აქციის ღამეს  მედიის 31 - მდე წარმომადგენელი დაშავდა. რადიო თავისუფლება, 2019 წელი,  ხელმისაწვდომია: https://bit.ly/355oZZB