ENG

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული აკრძალვა საფრთხეს უქმნის ფერმერებისათვის მიკროსაფინანსო სესხების გაცემას

11 მარტი, 2014

ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული, ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს და დისკრიმინაციულ პირობებში  აყენებს უცხოელი აქციონერების მონაწილეობით შექმნილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რის გამოც მნიშვნელოვნად შეიზღუდება ქართველი ფერმერების მიერ უცხოური სასოფლო-სამეურნეო სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა.

2014 წლის თებერვლის საკანომდებლო ცვლილება გაგრძელებაა უფრო ადრე, 2013 წლის ივნისში პარლამენტის მიერ დამტკიცებული მორატორიუმისა, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და უცხოური კომპანიების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ან იმ აქტივების შეძენას, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეიცავს. აღნიშნული მორატორიუმის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი ისაა, რომ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც უცხოელი აქციონერი ჰყავთ, მსესხებლის მიერ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული აკრძალვის გამო ვეღარ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის/აქტივების საკუთრებაში მიღებას და/ან გაყიდვას, რომელსაც სესხის უზრუნველსაყოფის საშუალებად იღებდნენ მსესხებლისაგან და, შესაბამისად, ვერ აინაზღაურებენ სესხის გადაუხდელობით მიყენებულ ზიანს.  

აღნიშნული აკრძალვა 2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაასაჩივრა იმის გამო, რომ ის დისკრიმინაციული, არაკონსტიტუციური იყო და, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახებოდა  სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმე - მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2014 წლის იანვარში განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ და ახლო მომავალში გამოიტანს გადაწყვეტილებას. მორატორიუმის შედეგებთან დაკავშირებით დამატებით დეტალური ინფორმაცია იხ. ჩვენს ორ ბოლოდროინდელ სტატიაში:

ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს ასოციაციები ასევე გამოდიოდნენ  უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის სრული აკრძალვის წინააღმდეგ და 2014 წლის თებერვალში აღნიშნულ კანონში შევიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განითარების სამონისტროს მიერ მომზადებული ცვლილება, რითაც ბანკებს მოეხსნათ ზემოთ აღნიშნული აკრძალვა, თუმცა აკრძალვისაგან არ გათავისუფლებულან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ასმათ ქარდავამ საკუთარი ფერმის გასავითარებლად მიკროსაფინანსო სესხი აიღო ფონდი „კრისტალისაგან“, უცხოელი აქციონერების მონაწილეობით შექმნილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან.

მცირედი საყურადღებო სტატისტიკა საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიკროსაფინანსო კრედიტორების შესახებ:

  • საქართველოში 67 მიკროსაფინანსო კრედიტორია;
  • ისინი სოფლის მეურნეობის დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენენ - უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში აგრო სესხების 60 % მათ მიერაა გაცემული. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო კრედიტორების საკრედიტო პორტფელი მათთან შედარებით 16-ჯერ მცირეა;
  • მიკროსაფინანსო კრედიტორების აქტივები 2012 წ.  საქართველოს მთელი შიდა პროდუქტის 2,75 % შეადგენდა;
  • ისინი საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას ექვემდებარებიან და

საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით ახორციელებენ;

 


საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის თავმჯდომარე  (ასევე, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის  თავმჯდომარე, რომლის აქციათა 30% აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ეკუთვნის) არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ მისი წევრებიდან 9-ს უცხოელი აქციონერები ჰყავს, რომლებსაც აღნიშნული აკრძალვა შეეხოთ, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახა  მიკროსაფინანსო კრედიტორებისა და მათი უცხოელი ინვესტორების საქმიანობაზე:

„ამ აკრძალვის შედეგად ჩვენ ამ სესხებს, ფაქტობრივად, უზრუნველყოფის გარეშე გავცემთ, ანუ გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ ვაყენებთ საკუთარ თავს, რადგან მსესხებლის მიერ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი აქტივების გაყიდვა არ შეგვიძლია. ეს ჩვენი კერძო საკუთრების უფლებების სრული დარღვევაა. 2014 წლის საკანონმდებლო ცვლილება კიდევ უფრო დისკრიმინაციულია უცხოელი აქციონერების მონაწილეობით შექმნილი მიკროსაფინანსო კრედიტორების  მიმართ, ვიდრე 2013 წლის თავდაპირველი მორატორიუმი. ვინაიდან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად უცხოელი აქციონერების მონაწილეობით შექმნილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არათანაბარი კონკურენციის პირობებში აღმოვჩნდით ახლა უკვე ბანკებისა და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობით შექმნილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებით“.

ევროპელი აქციონერების მონაწილეობით შექმნილმა ერთმა მიკროსაფინანსო კრედიტორმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა,  ჩვენს ორგანიზაციას განუცხადა, რომ იგი უკვე ოთხი წელია, სესხებს გასცემს საქართველოს ბაზარზე, დაახლოებით რვა ოფისი აქვს გახსნილი და 40 ქართველი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. 2013 წლის ივნისში აღნიშნული აკრძალვის ძალაში შესვლამდე ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას 7 მილიონი ლარის სესხი ჰქონდა გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის/აქტივის უზრუნველყოფით. ამ სესხებს ვადა ჯერ არ გასვლია, მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აშფოთებს ის, რომ ახლა მას, ფაქტობრივად,  აღარ აქვს სესხის უზრუნველყოფა, და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოვალე სესხის პირობებს არ შეასრულებს, მას უფლება არ ექნება, სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მისი აქტივები შეიძინოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო პოპულარულია სოფლის მეურნეობის სექტორის მსესხებლებს შორის, ვიდრე ბანკები (მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი სოფლის მეურნეობის დაფინასებაში საშუალოდ  25%-ს შეადგენს, ხოლო ბანკების მიერ გაცემული აგრო სესხები 1,5%-ზე ნაკლებია). ბ–ნი ბაკურაძის თქმით, ეს აკრძალვა ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას საქართველოს საკრედიტო ბაზარზე, ხოლო შეზღუდული კონკურენცია მცირე ფერმერებსა და მწარმოებლებზე  უარყოფით გავლენას იქონიებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხის საშუალო ოდენობა 1 641ლარია: ამ კატეგორიის მცირე ფერმერები და მწარმოებლები ცენტრალური ბანკებისათვის ძალზე წამგებიანად ითვლება: „სწორედ ეს მომხმარებელი დაზარალდება ყველაზე მეტად ამ აკრძალვის შედეგად“, - აცხადებს ბაკურაძე.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებით, როგორც წესი, მცირე ფერმერები და მწარმოებლები სარგებლობენ. ჩვენ გვაქვს ფილიალების ფართო ქსელი საქართველოს შორეულ რეგიონებში და მცირე ფერმერების საჭიროებებს მორგებული ბიზნეს მოდელი. მიკროსაფინანსო კრედიტორი ორგანიზაციები, ჩვეულებრივ, საბრუნავი კაპიტალის შემავსებელ სესხებს  გასცემენ (მაგალითად, მოკლევადიან სესხს სათესლე მასალისა თუ სასუქის შესყიდვის, მოსავლის აღებისათვის დამატებითი შრომის ანაზღაურებისა და ა.შ. დასაფინანსებლად) ფერმერებზე კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით. ფაქტობრივად, კრედიტის ხელმისაწვდომობა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთებს არ გულისხმობს, ასევე მნივნელოვანი ფაქტორებია პერსონალის კომპეტენტურობა, დაკრედიტების მეთოდოლოგია, გეოგრაფიული სიახლოვე და ის, თუ რამდენად მორგებულია კლიენტის საჭიროებებს საკრედიტო პროდუქტი (თანხის ოდენობა, ვალუტა და ვადები). ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მთავრობამ საშუალება უნდა მისცეს ბაზარს, თავად გადაწყვიტოს, ვისგან  ურჩევნია მომხმარებელს, აიღოს სესხი - ბანკისაგან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან -  ეს მათი არჩევანია".

2009 წელს საქართველოში დაარსებული ლიტვის მოქალაქის კუთვნილებაში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სს Credit Plus Georgia -ს იურიდიული განყოფილების უფროსის ნანა მაისურაძის თქმით, ეს აკრძალვა ზღუდავს უცხოელი ინვესტორების ბიზნეს საქმიანობას და საქართველოს მომხმარებელთა მიერ დაკრედიტების არჩევანს:

„ბევრ მომხმარებელს ურჩევნია, სესხი ჩვენი მსგავსი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აიღოს, რადგან ჩვენ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც იცნობენ სოფლის მეურნეობის სექტორს და შეუძლიათ, ფერმერებსა და აგრარული სექტორის მწარმოებლებს კონსულტაცია გაუწიონ მათთვის ყველაზე შესაფერისი საკრედიტო პორტფელის არჩევის კუთხით, რათა  ამ უკანასკნელებმა თავიდან აიცილონ შემდგომი სირთულეები. ამ კანონის მიღებით  შეიქმნა საშიშროება, რომ უცხოელმა ინვესტორებმა თავი შეიკავონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ინვესტიციების შემდგომი ჩადებისაგან, რადგან  მომხმარებლის მიერ სესხის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ახლა სამართლებრივად არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებიან ვიდრე ბანკები."

მხოლოდ ბანკებისათვის ზემოაღნიშნული შეზღუდვის მოხსნის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით შემუშავდა.  საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური ლებანიძე ამბობს, რომ მისი ასოციაცია და საქართველოს ბანკების ასოციაცია ამ კანონის მიღების წინააღმდეგი იყვნენ:

„2013 წლის ნოემბერში, როდესაც აკრძალვასთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებების შესახებ შევიტყეთ, საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციამ, მისი წევრების სახელით, წერილები გაუგზავნა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და შეეცადა, მონაცემების ჩვენებით ცხადეყო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტებია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. მაგრამ ჩვენ არანაირი ახსნა-განმარტება არ მიგვიღია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეეხო ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბანკებისგან განსხვავებით."

რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი დისკრიმინაციულია, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს და არღვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კერძო საკუთრების უფლებებს. აუცილებელია, კანონში ცვლილებები განხორციელდეს იმგვარად, რომ როგორც უცხოელი თუ ქართველი მოქალაქეების საკუთრებაში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისე ბანკები თანაბარი კონკურენციის პირობებში ჩადგნენ, რისთვისაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“  შესაბამისი საკანონმდებლო წინანდადება შეიმუშავა, რომელიც პარლამენტს წარედგინება (იხ. დანართი). ასევე, ორგანიზაციას მიაჩნია რომ:

  • მნიშვნელოვანია, კანონპროექტის მიღებამდე, მისი მიღების პროცესში და მიღების შემდგომ, კანონმდებლებს კავშირი ჰქონდეთ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და მათთან ერთად ახდენდნენ  ყველა არსებული მონაცემის გაანალიზებას, რათა იმგვარი რეგულაციები შეიქმნას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი და დადებითი  შედეგის მომტანი იქნება;
  • მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საფინანსო სექტორში კონკურენციის განვითარებას, რომელიც  ქართველი მომხმარებლისათვის კრედიტის ხელმისაწვდომობის, საკრედიტო მომსახურების სპექტრისა და ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს.

საყურადღებო ინფორმაცია: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარკ მალენი  ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Geocapital -ის აქციონერია. GeoCapital-ი  სესხებს არ გასცემს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით უზრუნველსაყოფის პირობით და ამიტომ აღნიშნული სამართლებრივი აკრძალვა მას ამჟამად არ ეხება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი დირექტორი სამხრეთ კავკასიაში პოლ ჰენრი ფორესტიერი და გიორგი ახალკაცი, რომელიც ამჟამად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში მუშაობს. აღნიშნულმა კანონმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობაზე, რომელიც რამდენიმე კომერციული ბანკისა და განვითარების პროექტის აქციონერია საქართველოში.

Author: ევა ანდერსონი