საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა (პარლამენტის წევრის კითხვა/შეკითხვა) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა (პარლამენტის წევრის კითხვა/შეკითხვა)

07 დეკემბერი, 2015

 

პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ კონსტიტუციურ  ფუნქციას  მთავრობის საქმიანობაზე  კონტროლის განხორციელება წარმოადგენს. საქართველოში  არაეფექტური საპარლამენტო კონტროლის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პარლამენტის 2014 წლის საქმიანობის ყოველწლიურ შეფასებაშიც იყო აღნიშნული და რეკომენდაციები შემოთავაზებული.

არაეფექტურ საპარლამენტო კონტროლს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: კანონდებლობის მიერ დადგენილი ზედამხედველობის არაქმედითი მექანიზმები, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ტრადიციების და გამოცდილების ნაკლებობა და როგორც პარლამენტის წევრთა, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაბალი პოლიტიკური კულტურა.

საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს პარლამენტის წევრის კითხვა/შეკითხვა.  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თითოეულ დეპუტატს აქვს უფლება კითხვით/შეკითხვით მიმართოს მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია დადგენილი ფორმისა და  ვადის დაცვით გასცეს პასუხი.  პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებული არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.   

პარლამენტის წევრთა მიერ დასმული კითხვები და მიღებული პასუხები საჯარო ინფორმაციაა, თუმცა არ ხდება მათი პროაქტიულად გამოქვეყნება. 2015 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით სამოქმედო გეგმაში საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ ვალდებულებად ჩაიწერა  სადეპუტატო შეკითხვებთან დაკავშირებული სტატისტიკის და   სადეპუტატო შეკითხვაზე თითოეული პასუხის  პროაქტიულად გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე. ვალდებულების შესრულების დაწყების თარიღად 2015 წლის სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად 2016 წლის სექტემბერი განისაზღვრა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაინტერესდა VIII მოწვევის პარლამენტის წევრთა მიერ დასმული წერილობითი კითხვებით და მათზე მიღებული პასუხებით (2012 წლის ნოემბრიდან - 2015 წლის 23 სექტემბრამდე).  საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ  მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ საქართველოს პარლამენტის წევრები მაკონტროლებელ ფუნქციას, რა საკითხებით ინტერესდებიან ყველაზე ხშირად და რამდენად სრულყოფილად იღებენ პასუხებს დასმულ კითხვებზე.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  • ევროპის განვითარებული ქვეყნების საკანონდებლო ორგანოებისაგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტის წევრები იშვიათად იყენებენ კითხვის უფლებას. VIII მოწვევის პარლამენტში, 2012 წლიდან დღემდე 27 დეპუტატის  მიერ დასმულია 405 კითხვა.

  • საქართველოს პარლამენტის წევრები იშვიათად ინტერესდებიან  აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის განხორციელებითა თუ საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით. VIII მოწვევის პარლამენტის წევრთა მიერ არც ერთი კითხვა არ დასმულა ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მიმართულებით.  

  • პარლამენტის წევრები სადეპუტატო კითხვის მეშვეობით იღებენ ინფორმაციას კონკრეტული მშენებლობების ნებართვების, ბიზნესის გარკვეულ სახეობასთან დაკავშირებული იმპორტის შესახებ. სადეპუტატო კითხვები ძირითადად არ არის დაკავშირებული აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური განხორციელების პრინციპულ საკითხებთან.

  • მთავრობის წევრთა პასუხები უმრავლეს შემთხვევაში არ არის სრულყოფილი და მათ ხელს არა მინისტრი, არამედ სამინისტროს თანამშრომელი მაგ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ან  დეპარტამენტის ხელმძღვანელი აწერს. ზოგიერთ შემთხვევაში, თუკი კითხვის ავტორი უმცირესობის წევრია, მინისტრი პასუხს არა კითხვის ავტორის, არამედ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე აგზავნის.  

  • კანონმდებლობაში არსებული მექანიზმები, რომელიც ითვალისწინებს მთავრობის წევრის პასუხიმგებლობას პარლამენტის წევრის კითხვა/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევისათვის პრაქტიკაში არ მოქმედებს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“