ENG

სახელმწიფო უწყებების რეკლამები წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა მმართველი პარტიის რეკლამად აღიქმებოდეს

28 ივლისი, 2016

 

ტელევიზიებით და სოციალური ქსელებში ხშირად გვხვდება ვიდეო რგოლები და სხვა სახის ვიზუალური მასალა, რომელშიც მოთხრობილია მთავრობის, ან სხვა საჯარო უწყებების მიღწევების თუ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასეთი ტიპის ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მხრიდან შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტიის საარჩევნო რეკლამა, ეს კი, თავის მხრიც, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს ატარებს. დამატებით პრობლემაა თუ ასეთი ვიდეორგოლები სოციალური რეკლამის სტატუსით არის განთავსებული მაუწყებლებში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემა წინა წლებშიც იდგა, მაშინ ტელევიზიებში მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ყველა ვიდეორგოლის განთავსება სოციალური რეკლამის სტატუსით ხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით 2013 წლის გაზაფხულზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინასაარჩევნო პერიოდში შეეჩერებინათ სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავდა და შეიძლებოდა საარჩევნო რეკლამად აღქმულიყო. ამ მომენტისთვის, მართალია სოციალურ რეკლამის სტატუსით განთავსება არ ხდება, თუმცა მთავრობის უწყებების მიერ განთავსებული, ბიუჯეტიდან დაფინანსებული რგოლების წინასაარჩევნო რეკლამად აღქმის პრობლემა ისევ არსებობს.

ქვემოთ წარმოდგენილია ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობის მიერ გავრცელებული სარეკლამო ხასიათის ინფოგრაფიკების რამდენიმე მაგალითი:

საყოველთაო ინტერნეტიზაცია

ინტერნეტიზაცია.png

 

საყოველთაო ჯანდაცვა

ჯანდაცვა.png

მიწის რეგისტრაცია მარტივდება

მიწის რეგისტრაცია.png

რთველი 2016

რთველი 2016.png

198 დევნილს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა

198 დევნილი.jpg

სოციალური და საგადასახადო შეღავათებით უკვე 1681 დასახლება ისარგებლებს. ნუსხას 99 დასახლება შეემატა.

99 დასახლება.png

ეს არასრული ჩამონათვალია იმ სარეკლამო ხასიათის ვიდეო და ფოტომასალიდან, რომელსაც სოციალური ქსელებით ავრცელებს მთავრობა და სხვადასხვა სამინისტრო.

კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სახის ადმინისტრაციული რესურსი არ იქნეს გამოყენებული საარჩევნო მიზნებით, მიუხედავად იმისა, ასეთი ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება თუ არა კანონს. საქართველოს „საარჩევნო კოდექსი” საკმარისად ვერ არეგულირებს ამ საკითხს და კრძალავს მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ისეთი ვიდეორგოლების ან სხვა მასალის გავრცელებას, რომელშიც ფიგურირებს საარჩევნო სუბიექტი და მისი რიგითი ნომერი . ჩვენ მიერ  მოყვანილ მაგალითებში პირდაპირ არ არის მოცემული რომელიმე პარტიის სიმბოლიკა, თუმცა ისეთი შინაარსს ატარებს, რომ ამომრჩევლის თვალში დიდად არ განსხვავდება მმართველი პარტიის სტანდარტული საარჩევნო რეკლამისგან. ასეთი ქმედება თავისი არსით წარმოადგენს ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას რადგან შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც არღვევს ეუთოს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებს. აქედან გამომდინარე,  მოვუწოდებთ:

  • მთავრობას, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავი შეიკავოს მის მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული პროექტების რეკლამირებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მართლაც სოციალური რეკლამასთან გვაქვს საქმე და არა ამ სტატუსის ბოროტად გამოყენებასთან;

  • კომუნიკაციის მარეგულიერებლ ეროვნულ კომისიას, შეისწავლოს მაუწყებლების მიერ სოციალური რეკლამის განთავსების კანონთან შესაბამისობა;

  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, განაახლოს 2013 წლის რეკომენდაცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებდა თავი შეეკავებინდა მედიაში ისეთ სოციალური რეკლამების განთავსებისგან, რომელიც მთავრობის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტებს ასახავს და საარჩევნო რეკლამად აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“