სახელმწიფო საგარეო ვალი 1992-2015 წლებში: ძირითადი მონაცემები
საგარეო ვალი ძვირადღირებული ფინანსური რესურსია, რაც გადასახადის გადამხდელების, მათ შორის მომავალი თაობების ფისკალურ ტვირთს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რას ხმარდება ეს ძვირადღირებული ფინანსური რესურსი. სწორედ ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გააანალიზა 1992-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის ძირითადი მონაცემები:
-
1992-2015 წლებში სახელმწიფომ საკრედიტო ხელშეკრულებებით სულ დაახლოებით 6.65 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი ისესხა სხვადასხვა ვალუტაში.
-
სახელმწიფო ყველაზე ხშირად ვალს მსოფლიო ბანკისგან იღებს (79 ხელშეკრულება).
-
სახელმწიფოს ჯამურად ყველაზე მეტი ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აქვს აღებული (1.57 მლრდ აშშ დოლარი).
-
1992-2015 წლებში ყველაზე დიდი მოცულობის ვალი სახელმწიფომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აიღო (747.1 მლნ SDR, ჩამორიცხული იქნა 577,1 მილიონი SDR-ის ეკვივალენტი) ეროვნული ბანკისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის.
-
1992-2015 წლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი (8.2%) ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის EBRD-ის მიერ 1994 წელს გამოყოფილ 18.1 მლნ. აშშ დოლარის გარანტირებულ სესხს ჰქონდა.
-
სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1.9%-ს.
-
თუ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო საგარეო ვალს აღარ აიღებს, საგარეო ვალის დაფარვა 2052 წელს დასრულდება (2012 წლის 31 მაისს ხელმოწერილი რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კრედიტი).
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, ჯერჯერობით მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და შიდა ვალთან ერთად, ჯამში სრულ შესაბამისობაშია ეკონომიკური თავისუფლების აქტის მოთხოვნებთან, რაც თავის მხრივ მაასტრიხტის კრიტერიუმებს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, საგარეო ვალით მიღებული ფული არის ძვირადღირებული ფინანსური რესურსი, რაც ზრდის ქვეყნის გადასახადის გადამხდელების, მათ შორის მომავალი თაობების ფისკალურ ტვირთს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ჰქონდეს სახელმწიფო საგარეო ვალთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაცია.