საგადასახადო ამნისტია ტელეკომპანიებისთვის - ახალი მონაცემები სახელისუფლებო მედიის ფინანსირების სქემებს ააშკარავებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საგადასახადო ამნისტია ტელეკომპანიებისთვის - ახალი მონაცემები სახელისუფლებო მედიის ფინანსირების სქემებს ააშკარავებს

11 თებერვალი, 2013

გასულ კვირას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანია “იმედის”, “რუსთავი 2”-სა და “პიკ”-ისთვის გამოცხადებული საგადასახადო ამნისტიის დეტალები გაასაჯაროვა. გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ამ სამ ტელეკომპანიას, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჯამში 20 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერეს. აღნიშნული საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ ბრძანებულებებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს. media.ge-თვის მიწოდებულიინფორმაცია ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ ახდენდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ ტელეკომპანიების სახელმწიფოს სახსრებიდან სუბსიდირებას, რომლებსაც ის თავისი ერთგული მოკავშირეების გზით აკონტროლებდა.

წლების მანძილზე ლოიალური გაშუქების სანაცვლოდ, ხელისუფლება თავისი ერთგული მედიასაშუალებების მიერ გადასახადებისგან თავის არიდებაზე თვალს ხუჭავდა, რითიც სახელმწიფო სუბსიდირების დახვეწილი ფარული მოდელი შექმნა. 2009-2012 წლებში, როდესაც გადასახადების აკრეფა მკაცრად კონტროლდებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ და გარკვეულ შემთხვევებში კომპანიებს შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზედმეტი გადასახადების გადახდასაც აიძულებდა, ქვეყანაში მოღვაწე ნებისმიერ დამოუკიდებელ და წარმატებულ კომპანიას გადასახადების რამდენიმე თვის განმავლობაში გადაუხდელობაც კი სისხლის სამართლის საქმედ დაუჯდებოდა. 2010 წელს პარლამენტმა ტელეკომპანიებისთვის 36 მილიონ ლარიანი დავალიანების ჩამოსაწერად პირველი საგადასახადო ამნისტია გამოაცხადა.      

პროსახელისუფლებლო ტელეკომპანიებისთვის დაწესებული საგადასახადო ამნისტია ეჭვებს ძრავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც წლების მანძილზე ამ კომპანიებს გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ. ამას გარდა, განმეორებულმა საგადასახადო ამნისტიებმა და შერჩევითმა საგადასახადო პოლიტიკამ არაკონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. შედეგად, დახურვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიებს გადასახადების პირმართლად გადახდა და, შესაბამისად, საქმიანობისთვის გაცილებით მაღალი ხარჯების გაწევა უწევდათ.   

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ტელეკომპანიებისთვის ორი საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება მოასწრო, რომლის შედეგადაც კომპანიებს ჯამში 55.2 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება მიუტევა. აქედან 42.2 მილიონი ლარის დავალიანება ხელისუფლების მხარდამჭერ კერძო ტელეკომპანიებს ჩამოაწერეს, 12.3 მილიონი ლარი - “საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს”, 691,559 ლარი კი გორში და ბათუმში ფუნქციონირებად კომპანიებს - “თრიალეთის” ტელევიზიასა და “25-ე არხს,” რომლებიც როგორც წესი კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ხელისუფლებისადმი.   

ტელევიზია

ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება 2010 (ლარში)

ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება 2012 (ლარში)

ჩამოწერილი

საგადასახადო დავალიანება

სულ (ლარში)

საზოგადოებრივი მაუწყებელი

12,311,959

-

12,311,959

ტელეკომპანია “პიკი”

-

1,496,971

1,496,971

იმედი

1,553,161

13,565,962

15,119,123

რუსთავი 2

20,140,581

4,843,107

24,983,688

მზე

(დაკავშირებულია რუსთავი 2-თან)

593,159

-

593,159

25-ე არხი (ბათუმი)

643,687

-

643,687

თრიალეთი (გორი)

47,871

-

47,871

სულ

35,290,420

19,906,040

55,196,460

 

ექს-პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა 2012 წლის 20 აგვისტოს (ბრძანება # 1199) და 12 ოქტომბრის (ბეძანება #1445) ბრძანებების საფუძველზე  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს 4,84 მილიონი ლარის ოდენობის ვალი ჩამოაწერა, რის შედეგადაც, ტელევიზიის საგადასახადო დავალიანებამ მხოლოდ 400 000 ლარი შეადგინა. ცნობისათვის, “რუსთავი 2”-ის შემოსავალი 2011 წელს 39.3 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო 2012 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ტელეკომპანიამ 20.3 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ეს მონაცემები “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიაწოდა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფინანსური ამნისტიის შესახებ ბრძანებები ტელეკომპანია “იმედის” სასარგებლოდაც გამოსცა (2012 წლის 20 აგვისტოს ბრძანება #1200 და 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება #1447). აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე “იმედს” 13,865,962 ლარის დავალიანება 300 000 ლარამდე შეუმცირდა. საგულისხმოა, რომ ამ მოვლენიდან ოთხ დღეში ტელეკომპანია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. 2007 წელს მთავრობამ პატარკაციშვილის ტელევიზია “იმედის” შენობაში შეჭრის შემდეგ დახურა. 2008 წელს ტელეკომპანია, რომელსაც უკვე მთავრობა აკონტროლებდა, კვლავ გავიდა ეთერში. 2012 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე “იმედის” შემოსავალი 18.8 მილიონი ლარი იყო, ტელეკომპანიის 2011 წლის შემოსავალმა კი 28.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრობის ვადის დასასრულს საგადასახადო დავალიანება ტელეკომპანია “პიკსაც” შეუმცირა. “პიკი” “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” რუსულენოვან არხს უწევდა ოპერირებას და 2012 წელს “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” 14 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. ფინანსური ამნისტიის შედეგად “პიკს” 1,501,971 ლარის ოდენობის დავალიანება 5000 ლარამდე ჩამოეწერა. ნოემბერში “პიკსა” და “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შორის არსებული კონტრაქტი გაუქმდა, არხი დაიხურა, მისი 400-მდე თანამშრომელი კი სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის შემდგომ შპს “პიკი” გაიყიდა და მისი ახალი მფლობელი დარიუს იურგელევიჩიუსი გახდა. ეროვნებით ლიტველი იურგელევიჩიუსი, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მერაბიშვილის მრჩევლად მუშაობდა.  

--

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
Media