ENG

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ლობისტური მომსახურება 2012-2016

20 ივნისი, 2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს ლობისტური საქმიანობისა და ამ მიზნით პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაწეული დანახარჯების შესწავლას. ლობისტური მომსახურების მიღებისთვის გაწეული საქმიანობის და ხარჯების მონიტორინგი ანტიკორუფციული პოლიტიკის ზედამხედველობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას ნაწილობრივ მიმოიხილავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ 2015 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევა ანტიკორუფციული კანონმდებლობის პრაქტიკაში შესრულების შესახებ. წარმოდგენილ კვლევაში კი საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფების მიერ 2011 წლიდან დღემდე ქვეყნის გარეთ მიღებული ლობისტური მომსახურებაა განხილული. კორუფციული რისკების შემცირების თვალსაზრისით ლობისტურ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების მონიტორინგის მნიშვნელობის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია და არ მოგვაწოდა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

კვლევის ფარგლებში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაინტერესდა მთავრობისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ევროპასა და აშშ-ში მიღებული ლობისტური მომსახურებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შსს-ს, პარლამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, უკანონო ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევისთვის წინააღმდეგობა, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობა ან სხვა თემები, ლობისტური მომსახურება არ შეუსყიდიათ. ამავე თემაზე ინფორმაცია არ მიგვიღია მთავრობის ადმინისტრაციიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროდან.