ENG

საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა მოქალაქეებს დაუსაბუთებლად ეზღუდებათ

13 სექტემბერი, 2019

 

20 ივნისის შემდგომ მიმდინარე აქციების პროცესში საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არაერთხელ შეეზღუდათ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებს და არასაპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენლებს.

მრავალ განვითარებულ ქვეყანაში პარლამენტში მოსახვედრად მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების გავლაა საჭირო.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჯერ კიდევ 2015 წელს მიმართა საკანონდებლო ორგანოს რეკომენდაციით  პარლამენტის შენობაში შესვლის წესების გამარტივების და ამ წესების ხელმისაწვდომობის შესახებ, თუმცა ინიციატივა  ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და პარლამენტმა მხოლოდ შენობაში შესვლის არსებული წესები  გახადა ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი.

წესების ხელმისაწვდომობა ყველანაირ აზრს კარგავს, თუკი მოქალაქეებს საქართველოს  პარლამენტის შენობაში შესვლა  დაუსაბუთებლად, კანონიერი საფუძვლის გარეშე შეეზღუდებათ.

2019 წლის 3 სექტემბერს საშემოდგომო სესიის გახსნისას საკანონმდებლო ორგანოში შესვლის პრობლემა შეექმნათ ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატებს. ამავე დღეს  სამართალდამცველებმა აქცია „სირცხვილიას“ წევრებს პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან დგომის საშუალებაც არ მისცეს.  

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც პარლამენტის დროებითი საშვი ჰქონდათ, საკანონდებლო ორგანოს  შენობაში არ შეუშვეს მომდევნო დღეებშიც. პოლიტიკოსების განმარტებით, მათ კომიტეტის სხდომაზე სურდათ დასწრება, სადაც  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენდნენ.

პარლამენტში შესვლა და გადაადგილება შეზღუდული იყო ივნისშიც საპროტესტო აქციების პარალელურად. საკანონმდებლო ორგანოს შემობაში არ უშვებდნენ  დეპუტატის თანაშემწეს და ჟურნალისტებს.

პარლამენტში შესვლის აკრძალვა სხვადასხვა მიზეზით იყო ახსნილი.  2019 წლის ივნისის აქციების დროს პრესსამსახურის განმარტებით შეზღუდვები შესვლაზე უსაფრთხოების სამსახურის დროებითი გადაწყვეტილება იყო და ამ საკითხზე შესაბამისი  ბრძანება არ გამოცემულა.   დარბევის მიზეზებსა და წინაპირობებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან 10 ივლისს დახურულ შეხვედრაზე, როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში ჩვეულებრივზე ათჯერ მეტი ოდენობის საშვი დაუშვეს 20 ივნისის დარბევამდე. საშვების გარკვეული რაოდენობით დაშვება, მათი ინფორმაციით, მინისტრმა ოპოზიციის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას დაუკავშირა. აღნიშნული გამოძიებამ საბოლოოდ ვერ დაადგინა.  2019 წლის საშემოდგომო სესიაზე კი შენობაში შესვლის აკრძალვის მიზეზად საშვთა კონტროლის სისტემის გაუმართაობა დასახელდა.

პარლამენტის შენობაში შესვლა შესაბამისი საშვით არის შესაძლებელი, რომლის დაშვების უფლებაც პარლამენტის წევრებს და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ნაწილს აქვს.  პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის სხდომებს შეიძლება დაესწრონ საზოგადოების წარმომადგენლებიც. საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის წესებს არეგულირებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ” პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომლის თანახმად მხოლოდ უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერების მიზნით შეიძლება შეიზღუდოს საშვის დაშვების უფლება.  კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს არ შეიძლება შეეზღუდოს პარლამენტის შენობაში შესვლა და ასევე არ შეიძლება დაწესდეს დეპუტატის მიერ დაშვებული საშვების ზედა ზღვარი.

პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება  საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევად მიიჩნევა.

2015 წელს საქართველოს პარლამენტმა ხელი მოაწერა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას და შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას, რითიც საკუთარ თავზე აიღო გამჭვირვალობასთან და მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებული რიგი ვალდებულებები. საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის 28-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი და მისი პლენარული სხდომები უნდა იყოს ღია ყველა მოქალაქისთვის და ნებისმიერი გამონაკლისი უნდა იყოს განპირობებული მხოლოდ უსაფრთხოების წესებისა და ადგილების შეზღუდვით.

პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევა იყო პარლამენტის შენობაში შესვლის წესების ხელმისაწვდომობის გამარტივება, რაც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმებით (2015-2016 და 2017-2018) გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენდა. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმები არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით მუშავდებოდა, რის შედეგადაც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჩემპიონის ჯილდო მოიპოვა (the OGP Government Champions Award) ღია მმართველობის პრინციპების მხარდაჭერის და საუკეთესო მაგალითის მიცემისთვის.

სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში არსებული ფაქტები ცხადყოფს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლის აკრძალვა არ უკავშირდება უსაფრთხოების ზომების დაცვას და მისი ძირითადი მიზანი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების კომიტეტების სხდომაზე მოხვედრის შეზღუდვაა.

პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა შეინარჩუნოს ღიაობისა და გამჭვირვალობის ის მიღწევები, რომელიც მაღალი სტანდარტის მაჩვენებელია და საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული.

მივმართავთ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს  საპარლამენტო ღიაობისა და პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლოს და შეაფასოს 20 ივნისის შემდგომ პერიოდში პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა და პარლამენტის წევრთა შესვლის აკრძალვის ფაქტები.