ENG

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელობის იმპიჩმენტი – სავალდებულო პროცედურები

16 ივლისი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება პარლამენტის მიერ გამოძიების წარმოებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი წევრისა და თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტისა  და სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტების შესახებ. ირაკლი ჩიქოვანი სამშაბათს, პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებამდე, კომისიის წევრის თანამდებობიდან გადადგა.

„ქართული ოცნების” დეპუტატმა თინა ხიდაშელმა,  რომელიც ამავდროულად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქამიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მისი კომისია მარეგულირებლის ხუთი წევრიდან ორის ან სამის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის აღძვრას აპირებს.

ჩიქოვანის გარდა საპარლამენტო კომისია  იმპიჩმენტის პროცედურას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის მიმართაც იწყებს. ხიდაშელის განცხადებით, კვიტაიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი იყო, მაშინ, როცა კომისიის წევრს პოლიტიკური პარტიის წევრობა ეკრძალება. გარდა ამისა, დეპუტატები  კომისიის კიდევ ერთი წევრის სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლის ნოდარ ჭარხალაშვილის  საქმიანობას იკვლევენ. საქმე ეხება 2007 და 2008 წლებში ჭარხალაშვილის კავშირს ტელეკომპანია „ობიექტივი 2“-თან.

იმპიჩმენტის  პროცედურის მიღმა პარლამენტმა უნდა:

  • გაამკაცროს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული წესები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებისა და  ხელმძღვანელი პირების მიმართ; განიხილოს ე.წ. “cooling-off” პერიოდის შემოღების საკითხი. აღნიშნული წესი ხელს შეუშლის მარეგულირებელი ორგანოს მაღალი რანგის თანამშრომლების მყისიერ გადასვლას იმ კომპანიებში, რომლებსაც ისინი კომისიაში საქმიანობის პერიოდში მეთვალყურეობდნენ.
  • თავი შეიკავოს პროცესის ზედმეტად პოლიტიზირებისაგან; იმპიჩმენტისა და კომისიის ახალი წევრების შესაძლო დანიშვნის პროცესში ხელი შეუწყოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმში საზოგადოების ნდობის ამაღლებას.
  • შეცვალოს კანონმდებლობა ისე, რომ მომავალში კომისიის წევრებად მხოლოდ კომპეტენტური და პროფესიონალი კადრები მოგვევლინონ. კანონმა მარეგულირებლის ხელმძღვანელობის პოლიტიკური თუ კერძო სექტორის ინტერესებისაგან ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს. ეს კი თავიდან აგვაცილებს ინტერესთა შესაძლო კონფლიქტს, რაც აფერხებდა მარეგულირებლის მუშაობას უკანასკნელი წლების განმავლობაში და ლახავდა მის რეპუტაციას.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან თანამშრომლების გამოწვევა მოსთხოვოს, რათა მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობას საფრთხე აღარ შეექმნას.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება

კომისიის წევრის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა პარლამენტის სიითი შემდგენლობის ერთი მესამედის (50 დეპუტატის) მოთხოვნითაა შესაძლებელი. პროცედურის აღძვრა კანონით ნებადართულია, თუ კომისიის წევრს აქვს ინტერესთა კონფლიქტი ან ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას (კანონი მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 10).

კანონის მიხედვით ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას, თუ კომიიის წევრი:

  • არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
  • არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი;
  • ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, არის წარმომადგენელი, რწმუნებული თუ კონსულტანტი, ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, ან აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
  • ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის,  ან აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს (კანონი მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 11);

პროცესი

პარლამენტის წევრებმა დოკუმენტურად უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. პროცედურის დაწყებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი  პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს, რის შემდეგაც, 30 დღის განმავლობაში, პარლამენტი საკითხს კენჭს უყრის. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის პარლამენტის  სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის - 90 დეპუტატის - მხარდაჭერაა საჭირო.

თუ პარლამენტი ხმების საკმარის რაოდენობას გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოაგროვებს, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება. იმავე ბრალდებების საფუძველზე ამ საკითხის ხელახლა დაყენება დაუშვებელია.  კომისიის წევრს უფლება აქვს,  მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის წევრის თანამდებობიდან  გათავისუფლების თაობაზე განკარგულებას  გამოსცემს მხოლოდ პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომისიის წევრის მიერ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას კი, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კომისიის წევრი დაკავებული თანამდებობიდან, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას „ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობს, აგრეთვე მისი გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში“.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“