ENG

საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა ვერ პასუხობს ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს

11 ივნისი, 2019

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში იკისრა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ასევე ამ შეთანხმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით მხარეების მიერ დამტკიცებული 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი, გულისხმობს მხარეების თანამშრომლობას კორუფციასთან ბრძოლაში და საქართველოს ვალდებულებას, მიიღოს ზომები კორუფციის ყველა ფორმასთან (მათ შორის კომპლექსურ ფორმებთან) საბრძოლველად.

ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცებიდან წელიწადნახევრის თავზე, საქართველოს პოზიტიური შედეგები აქვს წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის მხრივ მიღწეული პროგრესის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუმცა ვერ ხერხდება მდგომარეობის გაუმჯობესება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეები მთლიანობაში ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას და ამ მდგომარეობის დინამიკას, ასევე ფიქრობენ, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ იძიებს კორუფციის შემთხვევებს, როცა საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

საზოგადოების ამგვარი განწყობა სავარაუდოდ განპირობებულია სამართალდამცავი ინსტიტუტების არაეფექტური რეაგირებით ბოლო პერიოდში გახმაურებულ კორუფციის არაერთ შესაძლო შემთხვევაზე, რომლებიც ისეთ დანაშაულებს უკავშირდება, როგორიცაა ბიზნესის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, უკანონო გამდიდრება, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევა და სხვა. ასეთ შემთხვევებს შორის აღსანიშნავია:

  • ე.წ. „ომეგას“ საქმე - სკანდალი, რომელსაც სათავე 2018 წლი სექტემბერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებმა და გასაჯაროებულმა ფარულმა აუდიოჩანაწერებმა დაუდო.
  • ჟურნალისტური გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების (მათ შორის პარლამენტის წევრების, მინისტრების და მოსამართლეების) ძვირადღირებული ქონების შესახებ.
  • ამომრჩეველთა მოსყიდვა  და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის მრავალი შემთხვევა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელთა ბენეფიციარი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო და რომლებიც ქმედითი რეაგირების გარეშე დარჩა.
  • თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ხელისუფლება აიძულებდა მას გადაედგა ნაბიჯები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.
  • ჟურნალისტური გამოძიება იუსტიციის მინისტრის ყოფილი, ამჟამად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის საეჭვო გამდიდრებასთან დაკავშირებით.
  • ჟურნალისტური  გამოძიება ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის საეჭვო და არადეკლალირებული ქონების შესახებ. 
  • პროკურატურის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის საქმე. 
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ (და ფარცხალაძის შემდგომი თავდასხმა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე).

მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მხრივ სამართალდამცავი ინსტიტუტების არაეფექტური მუშაობა, პირველ რიგში, განპირობებულია პოლიტიკური სისტემის ამჟამინდელი ხასიათით - ძალაუფლების კონცენტრირებით ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში, რაც ამ პარტიას საშუალებას აძლევს, რომ არაჯეროვანი გავლენა მოახდინოს ამ და სხვა საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაზე.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობის 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ასოცირების შეთანხმებისა და დღის წესრიგის მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის დამტკიცდდა, მეტწილად ფოკუსირებული იყო ლოკალური ხასიათის აქტივობებზე (განსაკუთრებით ტრენინგებზე), რომლებიც თავისთავად სასარგებლოა, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს ზემოსხენებული სისტემური პრობლემების გადაჭრას.

ამ სისტემური პრობლემების დასაძლევად, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და მისი დაცულობა პარტიული გავლენისგან, ხოლო, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელი შეუწყოს უფრო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა პარლამენტის არჩევის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“