ENG

საჯარო მოხელეები წინასაარჩევნო აქციასა და კონტრაქციაზე ზუგდიდში

13 სექტემბერი, 2013

11 სექტემბერს ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. პარალელურად კი, „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სააგიტაციო აქცია გამართეს.

20 ივლისის პრაიმერიზისგან განსხვავებით, 11 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედება არ დაფიქსირებულა, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლების დაკვირვებით, 11 სექტემბრის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მათ შორის, საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკური საკითხთა განყოფილების უფროსი ბართლომე შელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი ლევან მაქაცარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ანა წითლიძე.  პარალელურად გამართულ სააგიტაციო შეხვედრაში კი, რომელსაც „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ედემ კეკუტია, ზუგდიდის ქალაქის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი – ნუკრი ჯიჭონაია. ჩამოთვლილი თანამდებობის პირები წარმოადგენენ ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეებს; შესაბამისად, მათ საარჩევნო კოდექსი სამუშაო საათებში უკრძალავს აგიტაციის გაწევას ან აგიტაციაში მონაწილეობას (საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „თ” ქვეპუნქტი). იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მიმდინარეობდა სამუშაო საათებში (აქცია დაიწყო 16 საათზე), საჯარო მოხელეებმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით. მივმართავთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მიიღოს შესაბამისი ზომები.

აღსანიშნავია, რომ პოლიცია სრულად იყო მობილიზებული; აქციის ადგილი ორმაგი ჯებირით იყო დაცული, ჯებირებთან პოლიციელები იდგნენ და მოქალაქეებს ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. იმ მხრიდან კი, საიდანაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იდგნენ, პოლიციას დერეფანი ჰქონდა გაკეთებული; აქციის თითოეულ მონაწილეს ამოწმებდნენ, ეკავათ თუ არა ხელში ბოთლი ან სხვა რაიმე ნივთი, რომელიც შეიძლებოდა სასროლად გამოყენებულიყო. ტერიტორიაზე არც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს უშვებდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, სამუშაო დრო არ გამოიყენონ პოლიტიკური აქტივობისთვის და მათი სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერად თუ პროტესტის გამოსახატად. ამასთანავე, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პოლიციამ შეძლო ეფექტური პრევენციული ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების დასაცავად და წინასაარჩევნო შეხვედრის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
elections