ENG

საბიუჯეტო პროცედურების დარღვევა საფრთხეს უქმნის თბილისელების სოციალურ დახმარებებს

14 ნოემბერი, 2012

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის სამი სხვადასხვა დადგენილებით (#432, 433, 434), რომლებსაც პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს, თბილისის სოციალური დაცვის პროგრამის, მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის და საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათების დაფინანსება თბილისის ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტს, კერძოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაეკისრა.

საქართველოს მთავრობამ 19 ოქტომბრის დადგენილებით უხეშად დაარღვია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-40 მუხლი, რომლის მიხედვითაც:

  • ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების/დამატებების შეტანას საბიუჯეტო კანონში ცვლილებებს/დამატებებს საჭიროებს.
  • ცვლილებების კანონპროექტს დართული უნდა ჰქონდეს შესაბამისი დასაბუთება და საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზები. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე ახლად დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ 2012–2013 წლებში დაახლოებით 100 მლნ ლარს შეადგენდა, ცვლილება აუცილებლად ითხოვდა  დასაბუთებას.
  • კანონპროექტის ანალიზის შემდეგ საქართველოს პარლამენტი შესაბამის დასკვნებს  უგზავნის საქართველოს მთავრობას წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
  • მთავრობა კანონის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
  • სახ. ბიუჯეტის კანონში ცვლილებების/დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

საქართველოს მთავრობას არცერთი ზემოაღნიშნული პროცედურა არ დაუცავს. ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილების განხორციელება კანონის ცვლილების გარეშე მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო შესაძლებელი: მაშინ, როდესაც ეს ცვლილება ერთი საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რაც დადგენილებაში აუცილებლად უნდა მითითებულიყო. ეს მითითება არ გაკეთებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არ გეგმავდა ამ ვალდებულებების შესრულებას ერთი საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში თანხების გადანაწილების გზით.

მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით, 2012–2013 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტზე  ახლად დაკისრებულმა ვალდებულებმა ჯამში 100.5 მლნ ლარი შეადგინა (თბილისის სოციალური დაცვის პროგრამის წლიური დაფინანსება – 13.3 მლნ ლარი, საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათების წლიური დაფინანსება – 50 მლნ ლარი, თბილისის მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის წლიური დაფინანსება – 15.3 მლნ ლარი,  2012 წლის დარჩენილ პერიოდში სამივე პროგრამის დაფინანსებისთვის აუცილებელი 21.9 მლნ. ლარი), რამაც ქ. თბილისის ბიუჯეტში იმავე ოდენობის თანხის გამოთავისუფლება გამოიწვია. ამიტომ, თბილისის საკრებულომ, 2012 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით, თბილისის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები  შეიტანა და გამოთავისუფლებული თანხა სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიმართა.

როდესაც რომელიმე მხარჯავ დაწესებულებას ან თვითმმართველ ერთეულს საკუთარი ხარჯების გაზრდა სურს, საჭიროება უნდა დაასაბუთოს. განხილულ შემთხვევაში კი თბილისის ბიუჯეტს 2012 წელს 21.9 მლნ ლარის, ხოლო 2013 წელს 78.6 მილიონი ლარის ვალდებულებები ცვლილებების აუცილებლობის ყოველგვარი დაუსაბუთების გარეშე მოცილდა, რამაც ფაქტობრივად გაზარდა თბილისის ბიუჯეტის ხარჯები და შესაბამისად, შემოსავლები, მაშინ როცა არც თბილისის და არც საქართველოს წინა მთავრობას ბიუჯეტის ზრდისთვის გათვალისწინებული არანაირი პროცედურა არ დაუცავს. სახ. ბიუჯეტის კანონის საბიუჯეტო კანონმდებლობის ამგვარი დარღვევით ცვლილება საბიუჯეტო პროცესს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადს ხდის. საკუთარი ხარჯების სხვისთვის დაკისრება და ამგვარად გამოთავისუფლებული თანხების სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიმართვა არის ისეთი მანევრირება, რასაც არ ცნობს და არც შეიძლება ცნობდეს საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობა.  

საბიუჯეტო პროცედურების დარღვევის შედეგად, საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სოციალური დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის  პროგრამების სრულფასოვნად განხორციელება.

აღნიშნული ქმედებით დაახლოებით 4 მლნ ლარით (30.1 მლნ ლარიდან 26.1 მლნ ლარამდე)  შემცირდა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა (თბილისის მუნიციპალური დაზღვევა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რიგი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნის სკრინინგი და ქირურგიული მკურნალობა, საშვილოსნოს და დანამატების ექსტირპაცია, თვალის დაავადებათა ოპერაციული მკურნალობა, ჩიყვის ქირურგიული მკურნალობა, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები)  დაფინანსება. ასევე  დაახლოებით 10.9 მლნ ლარით ნაკლები (55.1 მლნ ლარის ნაცვლად 44.2 მლნ ლარი) იქნა გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამების (საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათების დაფინანსება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარების პროგრამა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის გარკვეული დახმარება, მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის პროგრამა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარების პროგრამა და სხვ.)  დაფინანსებისთვის.  

საქართველოს ახალი მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით, 19 ოქტომბრის მთავრობის სამივე დადგენილება გაუქმდა, რაც მართებული ნაბიჯი იყო, ზემოაღნიშნული პროცედურული დარღვევების გათვალისწინებით.

შემდეგი გონივრული ნაბიჯი იქნება ან (1) თბილისის საკრებულოს მიერ 20 ოქტომბრის დადგენილებით თბილისის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების გაუქმება და სტატუს–კვოს აღდგენა, ან (2) ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება და შესაბამისი პროცედურების დაცვით ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილებების ინიცირება. სხვაგვარად, 2012 წ. სოციალურად დაუცველი თბილისელებისთვის განკუთვნილი შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წყარო ვერ მოიძებნება, რადგან 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში ასეთი მუხლები გათვალისწინებული არ არის.

ამასთან, მნიშვნელოვანია დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ზედმიწევნით დაიცვან კანონით დადგენილი საბიუჯეტო პროცედურები და თავი შეიკავონ ამ პროცედურების გვერდის ავლით რაიმე ცვლილებების განხორციელებისგან.

Author: მიხეილ კუკავა