როგორ შევაჩეროთ SMS სპამის მიღება და როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ SMS სპამის საწინააღმდეგო კამპანიამ დიდი ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ იმ კომპანიათა სია გამოაქვეყნა, რომლებიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევით, საკუთარი ინიციატივით, პერიოდულად გვიგზავნიან არასასურველ მობილურ სარეკლამო შეტყობინებებს. მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული მასიური უკმაყოფილების მიუხედავად, კომპანიები კვლავაც განაგრძობენ მომხმარებლებისათვის SMS რეკლამების გამოგზავნას. ბოლო ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ მომხმარებლებისგან არაერთი ელექტრონული შეტყობინება და კომენტარი მივიღეთ, რომლებშიც გვთხოვენ, ავუხსნათ, თუ როგორ უნდა დაიცვან პერსონალური მონაცემები და მოსთხოვონ კომპანიებს, შეწყვიტონ მათთვის არასასურველი შეტყობინებების გაგზავნა.
როგორც ადრეც აღვნიშნეთ, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი 2016 წლამდე შეზღუდულია თავის უფლებამოსილებაში, შეამოწმოს და დააჯარიმოს კომპანიები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო. ამის მიუხედავად, მომხმარებლებს შეუძლიათ ინდივიდუალურად მოსთხოვონ კომპანიებს, შეწყვიტონ მათი მონაცემების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისათვის და ასევე გამოითხოვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვეს მათი პირადი მონაცემები (ჩვენ შევადგინეთ ამგვარი წერილის ნიმუში, რომელიც შეგიძლიათ, ამ მიზნით გამოიყენოთ).
ეჭვი გაქვთ, რომ კომპანია თქვენი მონაცემების უკანონოდ დამუშავებას ახდენს? აი, რა უნდა იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ:
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს და გამოყენებულ იქნას მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც კომპანია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან (კანონი, სამწუხაროდ, ამ ტერმინს არ განმარტავს) მოიპოვებს, ან რომელზეც არსებობს მომხმარებლის წინასწარი თანხმობა. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემების გამოყენების შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეინახოს თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქსის ნომერი. ნებისმიერი სხვა პერსონალური მონაცემის მარკეტინგული მიზნებისათვის შეგროვებას, გამოყენებასა და შენახვას თქვენი თანხმობა სჭირდება (მე-8 მუხლი);
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებისას, კომპანია (რომელიც კანონში მონაცემთა დამმუშავებლადაა მოხსენიებული) ვალდებულია, შეგატყობინოთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ, მოსთხოვოთ მას თქვენი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა (მე-8 მუხლი);
- თქვენ გაქვთ უფლება, კომპანიას ნებისმიერ დროს წერილობითი ფორმით მოსთხოვოთ, შეწყვიტოს თქვენი მონაცემების მარკეტინგული მიზნებისათვის გამოყენება. კომპანია ვალდებულია, თქვენი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში შეწყვიტოს მონაცემთა გამოყენება და შეასრულოს თქვენი მოთხოვნა (მე-8 მუხლი).
- თქვენ უფლება გაქვთ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელ კომპანიას მოსთხოვოთ შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდება (21-ე მუხლი):
ა) რა ინფორმაცია მუშავდება თქვენს შესახებ;
ბ) რა მიზნით ხდება თქვენს შესახებ მონაცემების დამუშავება და გამოყენება;
გ) რა სამართლებრივ საფუძვლებზე ახდენს კომპანია თქვენი მონაცემების დამუშავებას;
დ) რა გზით შეგროვდა მონაცემები;
ე) ვისთან, რა მიზნით და რა სამართლებრივ საფუძვლებზე მოხდა თქვენი მონაცემების გაიზიარება.
- კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, გაგცეთ პასუხი (21-ე მუხლი);
- თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოთ თქვენს მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოსთხოვოთ კომპანიას მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ხოლო კომპანია ვალდებულია, თქვენი განაცხადის წარდგენიდან 5 დღის ვადაში წაშალოს ან/და გაანადგუროს თქვენი პერსონალური მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემების გამოყენების სხვა სამართლებრივი საფუძველი (25-ე მუხლი);
- კანონის აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს (რომელსაც ამ ეტაპზე დამმუშავებლისათვის ჯარიმის დაკისრების უფლება არა აქვს), ან მიმართოთ სასამართლოს;
- თუ სასამართლოში მიმდინარეობს დავა მონაცემთა დამუშავებაზე თქვენი თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთი კომპანიას ეკისრება (26-ე მუხლი);
ჩვენ მივესალმებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დაწყებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული სპამსაწინააღმდეგო რეგულაციის შემოღებას, რომელიც 2016 წლის დადგომამდე ბევრად ადრე აღკვეთს მოკლე ტექსტური შეტყობინებების უნებართვო მიმოქცევას. თუმცა იქამდე ინსპექტორის აპარატი, მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებებისა, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და გაფრთხილებების ფორმით პირდაპირ უნდა მიმართავდეს იმ კომპანიებს, რომლებიც, მოქალაქეების აზრით, უკანონოდ ახდენენ მათი პირადი მონაცემების გამოყენებას. ახალი რეგულაციების შემოღებამდე ინსპექტორის აპარატმა უნდა გამოსცეს სპეციალური სახელმძღვანელო წესები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართოს დაინტერესებულმა მხარემ მობილური მარკეტინგი მოქმედ კანონთან შესაბამისობაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მისაღებად ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@pdp.ge; ტელეფონი: (+995 32) 21 46 831.
ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ კერძო კომპანიებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინონ და კანონის შესაბამისად იმოქმედონ. მათსავე ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ არ შეაწუხონ და გაანაწყენონ საკუთარი პოტენციური მომხმარებელი. აქვე თანდართული სიის სახით გთავაზობთ იმ სარეკლამო (და ასევე მარკეტინგული) კომპანიების განახლებულ ნუსხას, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომელთა და, საზოგადოდ, მომხმარებლების ინფორმაციით არასასურველი შეტყობინებების გავრცელებას ახდენენ და, რაც მთავარია, ადამიანებს წყნარად ცხოვრების უფლებას ურღვევენ.
---
პროგრამა G-MEDIA USAID-ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.-ის მთავრობის, USAID-ის ან IREX-ის პოზიციას არ გამოხატავს.