ENG

რკინიგზის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

22 ივლისი, 2013

საქართველოს რკინიგზის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მიზნით სოფელ ქვიშხეთში გვირაბის მშენებლობის გამო, რამდენიმე სახლი დანგრევის პირასაა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსახლეობას სახლების დაუყოვნებლივ დატოვება მოთხოვეს, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ან კომპენსაციის შეთავაზების გარეშე.

მაგისტრალის მშენებლობამ დააზარალა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების შორაპნისა და წიფლნარას მოსახლეობაც. მათი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ხოლო ნაწილი საავტომობილო გზის გარეშეა დარჩენილი. ასევე, გვირაბის გასწვრივ მდებარე ქანები სიღრმეში მიიწევს და მათზე განლაგებული საცხოვრებელი სახლები ნგრევის საშიშროების წინაშე დადგა. მდგომარეობა კიდევ უფრო სახიფათო გახდა მიმდინარე წლის 15 აპრილს, გვირაბის ჩამონგრევით წარმოქმნილი სიცარიელის გამო.

პროექტი სახელწოდებით „სწრაფი რკინიგზა“ ს.ს. საქართველოს რკინიგზამ 2011 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტის მიზანია მატარებლის სიჩქარის გაზრდის მიზნით, თბილისისა და ბათუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის უღელტეხილის რეგიონის მოდერნიზება. „სწრაფი რკინიგზა“ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზასა და ჩინურ კომპანია „China Railway 23rd Bureau Group Co, Ltd“-ს ერთობლივი პროექტის ნაწილს, რომლის საერთო ღირებულება 597.732.900 ლარს შეადგენს.

სოფელი ქვიშხეთი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები პირადად იმყოფებოდნენ სოფელ ქვიშხეთში, შეხვდნენ მოსახლეობას და დაათვალიერეს დაზიანებული სახლები. გაირკვა, რომ აფეთქებებისა და მიმდინარე მშენებლობის შედეგად:

  • საცხოვრებლად უვარგისი გახდა რამდენიმე სახლი. მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია მხოლოდ ერთ-ერთ დაზარალებულ ოჯახს რამდენიმე თვის განმავლობაში უნაზღაურებდა საცხოვრებელი სახლის ქირას, თუმცა დღეის მდგომარეობით ქირის გადახდა აღარ ხორციელდება და ოჯახი ისევ სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში ცხოვრობს;
  • საფრთხის ქვეშ გვირაბის პარალელურად მცხოვრები 6 ოჯახი აღმოჩნდა. მიმდინარე წლის 15 აპრილს, მორიგი აფეთქების შედეგად  მიწისქვეშა გვირაბი ჩაიშალა და ე.წ. ძაბრის ფორმა მიიღო. მიწის ქვეშ შექმნილმა სიცარიელემ, გვირაბის გასწვრივ არსებული ქანების და საცხოვრებელი სახლების სიღრმეში სვლა გამოიწვია.
  • ქანების დაწევის გამო სხვადასხვა სახის დეფორმაცია და დაზიანებები აქვს მიღებული სოფლის ტერიტორიაზე არსებულ თითქმის ყველა სახლს.

მოსახლეობიმ გვაცნობა, რომ ინფორმაციით საკითხის შესწავლის და პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მათ არაერთ სახელმწიფო უწყებას მიმართეს. ამის მიუხედავად ექსპერტ-გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დაადგენს და შესაბამის კომპენსაციას განსაზღვრავს, დღემდე გამოყოფილი არ არის.

სოფელი შოროპანი

სოფლების შორაპნისა და წიფლნარას მოსახლეობის ნაწილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ხოლო ნაწილი საავტომობილო გზის გარეშე დარჩა.

შოროპანის მკვიდრი მევლუდ ხმელიძე ვერ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, რადგან ნაკვეთის ნაწილი უშუალოდ სარკინიგზო ხაზი დაიკავებს, ხოლო ნაწილი მძიმე ტექნიკის განსათავსებლად და გადასაადგილებლად გამოიყენება. მესაკუთრის განმარტებით, მას ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება შეთავაზეს,  თუმცა კონკრეტული თანხა დასახელებული არ ყოფილა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  განხორციელებული ცვლილების (მიწის დამატების გზით ხელოვნურად ამაღლება) გამო, ნაკვეთის პირვანდელი დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია;

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო სივრცის მოსაპოვებლად, ასევე მოხდა ქანების აფეთქება და კლდის ჩამოშლა, რამაც გზის დავიწროვება, ერთ მონაკვეთზე კი სრულად გაუქმება და ერთ ერთი ოჯახის სამოძრაო გზის გარეშე დატოვება გამოიწვია. აღნიშნული ოჯახისთვის არც რკინიგზას და არც მშენებელ კომპანიას კომპენსაცია ან/და ალტერნატიული მისასვლელი გზის მოწყობა არ შეუთავაზებია.

სოფელ წიფლნარი

სოფელ წიფლნარაში აფეთქებითი სამუშაოების  გამო მოიშალა სოფლის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა. მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არსებული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობა, ასევე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა. თუმცა, კონკრეტული ნაბიჯები დღემდე გადადგმული არ არის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს რკინიგზასთან, როდესაც ხარაგაულის რაიონში დაიწყო მშენებლობის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის მიმართ კომპენსირების პროცედურები. მიგვაჩნია, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდა და მოქალაქეებმა მიიღეს ადექვატური კომპენსაცია. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ როგორც ვნახეთ გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რის  შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები, რომელთა კომპენისერა პროექტით არ იყო გათვალისწინებული.

საქართველოს რკინიგზის განმარტებით, კონტრაქტის თანახმად, ჩინური კომპანია არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. სოფელ ქვიშხეთის შემთხვევაში, თავდაპირველად მათ უზრუნველყვეს დაზარალებულთა სხვა საცხოვრებელ სახლებში გადაყვანა და ბინის ქირის გადახდა, თუმცა 2013 წლის იანვრის თვიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე შეუწყვიტეს თანხის გადახდა. გაურკვეველი რჩება მშენებელი კომპანიისა და საქართველოს რკინიგზის გეგმები როგორც სოფელ ქვიშხეთში ისე სხვა სოფლებში დაზიანებული სახლების თუ მიწის ნაკვეთების მიმართ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს:

1. საქართველოს რკინიგზას, კომპანია „China Railway 23rd Bureau Group Co, Ltd“-ს: სასწრაფოდ მოხდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მიმდინარე სამუშაოების შეჩერება, მოსახლეობის სიცოცხლისათვის საშიში საცხოვრებელი სახლებიდან გამოყვანა და მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით ან შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფა.  

2. ინვესტორს: მის მიერ დროულად განხორციელდეს სოფლების შორაპნისა და წიფლნარას მონაკვეთებზე მაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, შეფასება და მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემა ან, შეთანხმების შემთხვევაში, მშენებელი კომპანიის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმება და სოფლის მოსახლეობის აუცილებელი სამანქანო გზით უზრუნველყოფა.

3. საქართველოს მთავრობას: მონიტორინგი გაუწიოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებას.

4. „საპარტნიორო ფონდმა“ უნდა გამოიყენოს აქციონერის სტატუსით მინიჭებული უფლებები, რათა უზრუნველყოს, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ ბოლომდე გამოიძიოს ხარაგაულის ინცინდენტი, დაადგინოს პასუხისმგებელი პირის ვინაობა და დაზარალებულებს სრულად აუნაზღაუროს ზარალი. 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“