საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეკომენდაციები ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით
რეკომენდაციები შეეხება შემდეგ ძირითად საკითხებს :
-
საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება - ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშების განხილვის პროცედურის დახვეწა
-
პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა - პარლამენტის ვებ გვერდზე პარლამენტის წევრთა გაცდენების რაოდენობის და მიზეზების მითითება, სტენოგრაფიული ჩანაწერების, ოქმების ატვირთვა, ვიდეო არქივის შექმნა და აშ
-
პარლამენტის ხარჯების გამჭვირვალობის გაზრდა - პარლამენტის წევრის მივლინების მიზნის, ხარჯის და დაფინანასების წყაროს პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსება
-
მოქალაქეთა ინფორმირების უზრუნველყოფა საპარლამენტო და კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ - განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება, საინფორმაციო ბიულეტენის სერვისის დანერგვა და აშ.
ინფორმაცია ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შესახებ
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 16 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს“ დახმარებას უწევს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საკონსულტაციო საბჭოს ამოცანაა საპარლამენტო საბჭოსთვის რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება, უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა დასაქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებათა განხორციელების მონიტორინგი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საკოორდინაციო ჯგუფის წევრი იყო მერვე მოწვევის პარლამენტშიც, რომლის განმავლობაში შეთავაზებულ იქნა ვალდებულებები ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებლად. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ასევე მოამზადა ორი ანგარიში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა. წარმოგიდგენთ ჩვენი ორგანიზაციის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს ახალი ვალდებულებების შესახებ, რომლებიც მოიცავს წინა სამოქმედო გეგმით შეუსრულებელ ორ და შვიდ ახალ ვალდებულებას.
შეთავაზებული რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინფორმირებას საკანონდებლო საქმიანობის შესახებ.