ENG

რეგიონულ მედიაზე ზეწოლის გახშირებული ფაქტები

13 ოქტომბერი, 2015

 

ბოლო ორი წლის მანძილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონულ მედიაზე  ზეწოლის 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მუდმივად გამოხატავდა პოზიციას იმ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც შესაძლებელი იყო ინფორმაციის გადამოწმება. ვთვლით, რომ რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები საფრთხის შემცველ  ტენდენციად ყალიბდება. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, რეგიონულ მედიას მნიშვნელოვნად შეეშლება ხელი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჯეროვნად გაშუქებაში.

რეგიონულ მედიაზე და რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ინფორმაცია მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით შეაგროვა. ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები გაესაუბრნენ რეგიონალური მედიის რამდენიმე წარმომადგენელს. ბუნებრივია, ამ მასშტაბის მოკვლევა არ გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ ჟურნალისტებზე ზეწოლისა ან მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ყველა ფაქტი. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს კარგად არ აქვთ გააზრებული დამოუკიდებელი მედიის როლი და კრიტიკულ ჟურნალისტურ მასალებზე ხშირად არაადეკვატურად რეაგირებენ.

მოკვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად ზეწოლის ადრესატები კახეთისა და აჭარის რეგიონის ჟურნალისტები ხდებოდნენ. ზეწოლის ფაქტები ასევე დაფიქსირდა გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

კახეთი

კახეთში 2014-2015 წლებში ადგილობრივ მედიაზე ზეწოლის 5 ფაქტი გამოვლინდა. ზეწოლის ადრესატი ყველაზე ხშირად ადგილობრივი ონლაინ მედიის „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი და რედაქტორი გელა მთივლიშვილი იყო.

2014 წლის 4 ივნისს პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ რედაქტორს სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი და ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ პიროვნებად მოიხსენა.

„გელა მთივლიშვილმა გაავრცელა ტყული, რომ თითქოს ჩემი ოჯახის წევრი ახმეტაში იყო ჩასული და ბიუჯეტის ხარჯზე რაღაც სუფრა გაუმზადეს. ეს არის ტყული, მეგობრებო, როდემდე უნდა გაგრძელდეს ტყულის ტირაჟირება და ნაციონალური მოძრაობის დაკვეთების შესრულება. მე ვიცი, რომ მეგობრობთ ღვინიაშვილთან [მიმართავს გელა მთივლიშვილს] მაგრამ არ შეიძლება ყოველთვის შეასრულოთ მათი დავალებები” -  განაცხადა პრემიერ მინისტრამა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, რამდენიმე სახელწიფო მოხელემ ფეისბუქ გვერდის საშუალებით მთივლიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსები გაავრცელა. სტატუსის ავტორები  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ჯღარკავა და კახეთის საოლქო პროკურორი, ტატო მარგებაძე იყვნენ.  საჯარო მოხელეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ჟურნალისტის ღირსებას ლახავდა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო აღნიშნული საჯარო მოხელეების მხირდან ჟურნალისტის შესახებ საჯაროდ აზრის გამოხატვის პირველი შემთხვევა. მათ გელა მთივლიშვილის მიმართ ღირსების შემლახავი კომენტარები 3 ივნისსაც გამოთქვეს, როცა ჟურნალისტმა პრემიერმინისტრის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა.  

სოციალური ქსელით 2015 წლის 28 ივლისს, გელა მთივლიშვილს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი მედიის დარგში იმედა დარსალიაც ემუქრებოდა.

„მთივლიშვილი, შე უზრდელო დიდი ხანია ატეხილი ხარ შენ ყველაზე და მიიღებ ყბებში მაგ უზრდელობისთვის. ჯერ ზრდილობა ისწავლე და მკითხველს მერე ელაპარაკე“, - ეს საჯარო სტატუსი სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, იმედა დარსალიას პირად ფეისბუქ გვერდზე განთავსდა.

დარსალიას გაღიზიანება გელა მთივლიშვილის იმ პოსტებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე ეს უკანასკნელი "დაბლოკეს" და მის კომენტარებს შლიდნენ. საჯარო მოხელე ასევე აღნიშნავდა, რომ მას საერთოდ არ აინტერსებს თმენის ვალდებულება.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის” რედაქტორმა არაერთხელ ისაუბრა კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის მხრიდან ზეწოლაზე. 2015 წლის აპრილში ჟურნალ „ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მთივლიშვილი სარეკლამო დაკვეთების შემცირებაზე საუბრობდა, რასაც პირდაპირ უკავშირებდა შიოლაშვილის მხრიდან ბიზნესმენებისთვის “კახეთის საინფორმაციო ცენტრიში” რეკლამის მიტანის აკრძალვას.

2015 წლის აგვისტოში მთივლიშვილმა მის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გამო კახეთის გუბერნატორს სასამართლოში უჩივლა. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტი შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში  დაადანაშაულა.

შიოლაშვილის განცხადებას წინ უძღოდა მთივლიშვილის მომზადებული სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო გუბერნატორის მამის მხრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციის სახსრების გამოყენებაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოეხმაურა 2 ოქტომბერს ლაგოდეხში „ჰერეთის“ ჟუნრალისტთან დაკავშირებულ ინციდენტს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს თავმჯდომარემ, გოდერძი ბარბაქაძემ რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტს სოფო სარალიძეს ხმამაღლა მიუთითა გაეშუქებინა ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვის საკითხი. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას ბარბაქაძემ ჟურნალისტის მისამართით საყვედური უხეში ფორმით (ყვირილით) რამდენჯერმე გამოთქვა.

აჭარა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აჭარაში ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა .

2015 წლის 1 სექტემბერს, ქედაში ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მაუწყებლის ინფორმაციით, ჟურნალისტი ამ დროს სამინისტროს წარმომადგენელთან ინტერვიუს ათანხმებდა. მირზა სუქნიშვილის განმარტებით, ჟურნალისტი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი ნასვამი იყო, უარყო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, შორენა ღლონტმა. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს, რეპორტიორსა და ოპერატორს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმავე დღესვე ჩაუტარეს ექსპერტიზა ალკოჰოლზე, რომლის თანახმად, არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. აჭარის ტელევიზიამ ინციდენტის გამოძიების თხოვნით მიმართა პროკურატურას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, დისციპლინური კომისიის მოკვლევის დასრულებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ავთანდილ მესხიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა.

30 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის მანქანა უცნობმა პირმა გაიტაცა. გატაცების შესახებ შესაბამის ორგანოებს ტელევიზიის ჟურნალისტმა ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტს ეზოში ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაქარია გურჩიანი დახვდა, რომელმაც მისგან ჩვენების შეცვლა მოითხოვა. გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის ეზოში იმყოფებოდნენ სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი და მისივე ადვოკატი. “ბათუმელების” ინფორმაციითვე, დაკითხვიდან გამოსულ ჟურანლისტზე მთელი ღამის მანძილზე სხვადასხვა პირი ზეწოლას ახორციელებდა და ჟურნალისტისგან ჩვენების შეცვლას ითხოვდა.

2015 წლის 25 აგვისტოს, ქობულეთის საკრებულოს წევრმა ივერი გუგუნავამ გაზეთი „ბათუმელები” პარტია  “თავისუფალი დემოკრატების” მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მიზეზად საკრებულოს წევრმა „ბათუმელების“ მიერ კომერციული დაკვეთის ფარგლებში „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული გაზეთის გავრცელება დაასახელა.

2014 წელს, აჭარის რეგიონში  ჟურნალისტზე ზეწოლის ყველაზე გახმაურებული საქმე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს მედეა ვასაძეს უკავშირდება. „ტელეარხი 25-ის” ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს დეპუტატი მედეა ვასაძე მას შედეგ დაემუქრა, რაც 8 ივნისს, ანანიძის საავტორო ფილმი „უმაღლესი კომფორტით“ ეთერში გავიდა. ფილმი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გაწეულ ხარჯებს ეხებოდა.

მასალის ეთერში გასვლის შედგომ, დეპუტატმა ჟურნალისტს დაურეკა და დაემუქრა.  „ტელეარხი 25-მა“ აუდიოჩანაწერში სადაც დეპუტატის, მედია ვასაძის მუქარა გარკვევით და მკაფიოდ ისმის საკუთარ ვებ-გვერდზე გაასაჯაროვა.

მომხდარიდან მალევე სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეიქმნა გვერდი, რომელზეც ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის პირადი ცხოვრების ამსახველი და ღირსების შემლახავი ფოტო-ვიდეო მასალა იტვირთებოდა. “ტელეარხი 25-ის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი სურმანიძემ აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, პოლიციას 12 ივნისს მიმართა  და სოციალურ ქსელში შექმნილი  გვერდის ავტორების დადგენა სთხოვა. ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის შემდგომ, მედეა ვასაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების ნაწილი ითხოვდა.

გურია

ჟურნალისტებზე ზეწოლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში. 2014 წლის ივლისში გამოცემა „გურია ნიუსის” ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს ტელეფონით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

2014 წლის თებერვალში ამავე ჟურნალისტსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კონსტანტინე შარაშენიძეს შორისაც მოხდა დაპირისპირება. ჟურნალისტმა გამგებელს მისთვის არასასურველი შეკითხვა დაუსვა, რასაც გამგებლის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. შარაშენიძემ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

2015 წლის სექტემბერში ზეწოლის ფაქტზე მიუთითა ტელეკომპანია „მაესტროს” კორესპონდენტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ. მისი თქმით, ოზურგეთში ვიზიტისას პრემიერ მინისტრის მისამართით დასმული შეკითხვის შემდეგ, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ ჟურნალისტი "გვერდზე გაიყვანა" და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.

იმერეთი

თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს ხარაგაულის გამოცემა „ჩემი ხარაგაულიც.” 2014 წლის დეკემბერში საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა მუნიციპალური გაზეთის „ახალი ხარაგაულის” მეშვეობით გაზეთი „ჩემი ხარაგაული” ტენდენციურ გამოცემად მოიხსენა, რომელიც „ემსახურება ვიწრო პარტიულ ჯგუფს, კერძოდ ნოდარ ებანოიძესა და მის რესპუბლიკურ პარტიას,” რასაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გაზეთის რედაქტორს, ლაურა გოგოლაძეს, ხარაზაშვილსა და ხარაგაულის გამგებელს, კობა ლურსმანაშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი

2015 წლის 27 მარტს ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურანლისტებმა ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრს. წერილში ტელეკომპანია რეგიონის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა. ჟურნალისტები ირაკლი ღარიბაშვილს საკითხის შესწავლასა და ტელეკომპანიაზე ზეწოლის ფაქტზე რეაგირებას სთხოვდნენ.  

„მიუხედავად ხელისუფლების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ მედია გათავისუფლდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ჩვენი რეგიონის და ჩვენი ტელევიზიის მაგალითზე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ტელეკომპანია "თრიალეთი" რეგიონის ხელისუფლებისგან განიცდის ზეწოლას! შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, დანიშვნის დღიდან, გვებრძვის ზუსტად იმავე მეთოდებით, როგორც წინა ხელისუფლების გუბერნატორი გვებრძოდა!” - ნათქვამი იყო განცხადებაში.

ღია წერილი ტელეკომპანია „თრიალეთმა” მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თრიალეთის” ჟურნალისტის დასმულ კითხვას ცილისმწამებლური უწოდა. პრემიერმინისტრს გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვა ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტმა 2015 წლის 26 მარტის პრესკონფერენციაზე დაუსვა. პრემიერმა გუბერნატორის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა და მოუწოდა გუბერნატორს ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტისთვის სასამართლოში ეჩივლა და მისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა. 26 მარტს გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთისგან” ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

2014 წლის დეკემბერში ყურადღების ცენტრში იყო რეგინული გამოცება „სამხრეთის კარიბჭე”, რომლის რედაქციის თანამშრომლების განცხადებით გაზეთში 8 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატიის შედეგ ჟურნალისტებზე ზეწოლა დაიწყო.

გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი სამხარეო პოლიციის უფროსს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. გაზეთის რედაქტორის, ნინო ნარიმანიშვილის ინფორმაციით, მასალის გამოქვეყნებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა სტატიის სათაურის შეცვლა მოითხოვა, რაზეც რედაქციისგან უარი მიიღო.

11 დეკემბერს, გაზეთის რედაქციასთან სოფელ გოგაშენში მაცხოვრებელთა ნაწილმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის დაზარალებულის ახლობლები იყვნენ, გაზეთს ფაქტების უზუსტოდ წარმოდგენაში ადანაშაულებდნენ. მნიშვნელოვანია, ის გარემოებაც, რომ გაზეთი მკვლელობის ფაქტს 2014 წლის ივლისიდან აშუქებდა და დეკემბრის ნომრამდე, სადაც პოლიციელების მხრიდან ზეწოლაზე იყო საუბარი, ოჯახს ჟურნალისტების და გაზეთის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

რედაქციის განცხადებით, აქციის შემდეგ ჟურნალისტებზე ზეწოლა სხვადასხა მეთოდებით გრძელდებოდა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისაკენ მოუწოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ქვეყანაში მედია გარემოზე დაკვირვებას და აქტიურ თანამშეომლობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ მედიასაშუალებებთან. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებზე ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სხვადასხვა სახის პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული პირების მხრიდან ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან მედიასთან აგრესიული დამოკიდებულება ცუდ მაგალითს აძლევს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მთავრობების წარმომადგენლებს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ მედიის წარმოამდგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და მკაცრი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობის ყველა ფაქტზე, რათა რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები ტენდენციად არ ჩამოყალიბდეს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“