ENG

რჩეულიშვილები კვლავ იბრუნებენ „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ ქონებას

11 მარტი, 2013

„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ სამშენებლო სკანდალის შესახებ ჩვენს მიერ 2012 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნებული კვლევის შემდგომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევაში გამოყენებული ყველა მასალა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. 21 დეკემბერს, ჩვენ მივიღეთ საპასუხო წერილი პროკურატურიდან, რომელიც იუწყებოდა, რომ აღნიშნული მასალები შესასწავლად პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაეგზავნა. ამის შემდგომ, ჩვენ აღარ მიგვიღია ახალი შეტყობინება პროკურატურიდან.

აღსანიშნავია, რომ ასევე 2012 წლის დეკემბერში, გამოქვეყნდა ინტერვიუ „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან მაია რჩეულიშვილთან, სადაც მან განაცხადა, რომ 2010 წლის 7 სექტემბრის საკუთრების მინდობის ხელშეკრულების დადება კომპანია „დექსუსთან“ ამ უკანასკნელის მხრიდან მუქარის გამოყენების შედეგად მოხდა. გარდა ამისა, რჩეულიშვილის თქმით, „დექსუსმა“ მინდობილი ქონების მართვის მომსახურების საფასურად „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს 4.6 მილიონი ლარის გადახდა მოსთხოვა და  „დექსუსთან“ შეუთანხმებლად საჯარო ინტერვიუს მიცემის შემთხვევაში მათ ჯარიმად 100,000 აშშ დოლარი დაუწესა. კიდევ ერთ მომდევნო ინტერვიუში მაია რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ კომპანია „დექსუსის“ მენეჯმენტი „ძალიან უხეში და მორალთან შორს მდგომია.“

2013 წლის 26 თებერვალს, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მათ კომპანია „დექსუსთან“ 2010 წლის 7 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე (2013 წლის 31 დეკემბერი) შეწყვეტა მოითხოვეს. ამის მიზეზად მათ „დექსუსის“ მხრიდან საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება დაასახელეს, რაც მათი თქმით „დექსუსის“ მართვაში გადაცემული სამშენებლო კომპანიების გაკოტრებას იწვევდა.

2013 წლის 4 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებელთა მოთხოვნა და შეწყვიტა ზემოთაღნიშნული ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ  „ცენტრ პოინტი ჯგუფში“ შემავალი 70 სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მართვას კვლავ რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი განახორციელებენ. ამ უკანასკნელმა ფეისბუქის საშუალებით მიწერა დაზარალებულ კლიენტებს, რომ „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ აპირებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებასა და დაზარალებულების ბინებით დროულად უზრუნველყოფას.

შეგახსენებთ, რომ „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ საქმეზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ყურადღებით აკვირდება აღნიშნულ პროცესებს და მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და თავად  „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ დაზარალებული კლიენტების ინტერესები. ეს პირველ რიგში გულისხმობს კლიენტების მიერ შეძენილი ბინების დროულად აშენებასა და ამ ბინების მათთვის საკუთრებაში გადაცემას.

ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ პროცესების დაკვირვებას, მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევასა და დაზარალებული კლიენტების დახმარებას შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში.  

 

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო