რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ჩოხატაურის მუნციპალიტეტის ვებ-გვერდი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შედეგებს.
ჩოხატაურის საკრებულომ 2016 წლის 1 აგვისტოს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (www.chokhatauri.ge) განთავსებული ინფორმაცია არ შეესაბამება დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას, კერძოდ, მერიის შემთხვევაში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 62%, საკრებულოში შემთხვევაში კი 52% არ ქვეყნდება (არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ; არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.)
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ჩოხატურის მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 1 აგვისტოს მიღებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.