რა ქონება აქვთ თბილისის მერობის კანდიდატებს? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რა ქონება აქვთ თბილისის მერობის კანდიდატებს?

19 მაისი, 2014

 

დაახლოებით სამ კვირაში საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია ბევრი საარჩევნო კანდიდატი. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, იცოდეს თუ რა ქონებას ფლობენ ის ადამიანები, ვინც შესაძლოა მათი რჩეულნი გახდნენ. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევადაროთ თუ რა ქონება გააჩნდა კანდიდატს არჩევნებში გამარჯვებამდე და რა ქონების პატრონი იქნები იგი პოსტის დატოვების შემდეგ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოგიდგენთ თბილისის მერობის, ჩვენი აზრით, ყველაზე პოპულარული კანდიდატებისა და მათი ოჯახის წევრების ქონების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ მიერ საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზსა და ზოგიერთი მათგანის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ეფუძნება. მომავალში ვეცდებით, მსგავსი ინფორმაცია სხვა თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატებზეც მოგაწოდოთ.

დავით ნარმანია, „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი დავით ნარმანია შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ 50%-ის მესაკუთრეა. 2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით ნარმანია არის 2 ერთეული უძრავი ქონების მესაკუთრე: 1. თბილისში ბერბუთის ქუჩაზე 97.00 კვ.მ ფართობის მქონე ბინა და 2. ზუგდიდში 5000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

ნიკანორ (ნიკა) მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკანორ (ნიკა) მელიას  უახლესი ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 22 აპრილს აქვს შევსებული. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ნიკა მელიას საკუთრებაში აქვს თბილისში ბელინსკის ქუჩაზე მდებარე 140 კვ.მ. ბინა ავტოფარეხით და ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ბინა 47 კვ.მ. ფართით. რაც შეეხება ავტომობილს, მელიას საკუთრებაში 2006 წლის „მერსედეს-ბენცი“ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას 2010 წლიდან დღემდე საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას შევსებულ არც ერთ დეკლარაციაში არ ჰყავს მითითებული ოჯახის წევრები, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ არ ყოფილა რთული მოეძიებინა ინფორმაცია მერობის კანდიდატის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ.

ნიკა მელიამ 2014 წლის 11 მაისს „კურიერი პოსტკრიპტუმის“ ეთერში განაცხადა, რომ ის დაბადებიდან ერთ ბინაში ცხოვრობს მშობლებთან ერთად, რომელიც დეკლარაციაშიც აქვს მითითებული. საქართველოს კანონის საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ მე-17 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობის პირი ვალდებულია, მიუთითოს დეკლარაციაში მასთან ერთად მცხოვრები პირები, რაც  ნიკა მელიას არ გაუკეთებია. აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ქონებრივ დეკლარაციაში საჭირო ინფორმაციის არმითითებას ქართული კანონმდებლობა საკმარისად არ არეგულირებს, ანუ არ არსებობს არც რაიმე სანქცია და არც მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც დეკლარაციების ეფექტურ მონიტორინგს განახორციელებს.

ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია არის შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარება გულის" – დირექტორი, აღნიშნული კომპანია კი წარმოადგენს  შპს კარდიოლოგიური კლინიკა გულის" საკუთრებას, რომლის 100% წილის მესაკუთრე და გენერალური დირექტორი თავად ანზორ მელიაა, ნიკა მელიას და, თამარ მელია კი ამავე კლინიკის დირექტორია. 

რაც შეეხება უძრავ ქონებას, ანზორ მელიას საკუთრებაში აქვს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით და თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე 68 კვ.მ ფართის სარდაფი.         

ნიკა მელიას დას, თამარ მელიას საკუთრებაში აქვს თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 52 კვ.მ  ბინა საკუთარი ავტოსადგომით, ქეთევან წამებულის გამზირზე მშენებარე ერთ კორპუსში სხვადასხვა სადარბაზოში 136.25 კვ.მ  ფართის ორი ბინა.

რაც შეეხება ნიკა მელიას დედას, ნანა ცანავას, მისი საკუთრება საგურამოში მდებარე 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით  და თბილისში ქეთავან წამებულის გამზირზე მშენებარე კორპუსში 137 კვ.მ ბინით შემოიფარგლება.

კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველო“

კახა კუკავას, როგორც თბილისის საკრებულოს კომისიის თავჯდომარეს უახლესი დეკლარაცია 2013 წლის 19 სექტემბერს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით მას არ აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება და არ ფლობს წილს რომელიმე კომპანიაში. ერთადერთი საკუთრება, რაც კუკავას დეკლარაციის მიხედვით აქვს, არის ავტომობილი „Mercedes-Benz C 320“. ქონებრივ დეკლარაციაში კუკავას მიერ მითითებული პირებიდან მხოლოდ დალი შენგელიას (დედა) აქვს 394.00 კვ.მ. ფართობის ნაკვეთი წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ, რომელიც 2008 წლის დეკლარაციაში 300,000 ლარად არის შეფასებული.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“

2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს 2012 წელს შევსებული დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დარეგისტრირებულ არც ერთ კომპანიაში არ ეკუთვნის წილი. მის საკუთრებაშია სამი ერთეული უძრავი ქონება: 1. მიწის ნაკვეთი სოფელ წავკისში 1000 კვ.მ. ფართობით; 1. მიწის ნაკვეთი სოფელ მარტყოფი-ბროწეულაში 1500 კვ.მ. ფართობით და ბინა თბილისში ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე 90 კვ.მ. ფართობით. გარდა ამისა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა 2013 წელს თბილისში კრწანისის ქუჩაზე 243 კვ.მ. ფართობის ბინა შეიძინა. ჩვენ დავუკავშირდით დიმიტრი ლორთქიფანიძეს და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მან კრწანისის ქუჩაზე მდებარე ბინა შეიძინა მას შემდეგ, რაც გაყიდა ბინა ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე. 

დიმიტრი ლორთქიფანიძეს დეკლარაციაში მისი მეუღლე ხათუნა კეკელია და შვიდი შვილი ჰყავს მოხსენიებული. დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს არ გააჩნია რაიმე წილი კომპანიაში და არ აქვს უძრავი ქონება, რაც დასტურდება უძრავი ქონების რეესტრში დაცული ინფორმაციით.

გიორგი გაჩეჩილაძე, მ.პ.გ. „მწვანეთა პარტია“

გიორგი გაჩეჩილაძეს დეკლარაციის და სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით არ ეკუთვნის წილი რომელიმე კომპანიაში. რაც შეეხება უძრავ ქონებას მას 2013 წლის დეკლარაციის მიხედვით ეკუთვნის 140.00 კვ.მ ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე, 120 კვ.მ საცხოვრებელი სახლი დაბა წაღვერში, 600.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და  110 კვ.მ საცხოვრებელი სახლი დუშეთის რაიონის სოფ. ახატანში.

Author: გიორგი ჭანტურია, ეთო გვრიტიშვილი