ENG

თბილისის საკრებულო დევნილთა განსახლების საკითხით დაინტერესდა, თუმცა ახალი ამბების სააგენტოს მიერ მოწოდებული არაზუსტი ინფორმაცია ცრუ იმედებს ბადებს

08 ოქტომბერი, 2010

ინტერპრესნიუსის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში (ითხოვს რეგისტრაციას) გაიპარა არაზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თბილისის საკრებულომ დევნილთა და განსახლების სამინისტროსაგან მიიღო გარანტია, რომ თბილისში მდებარე ხუთ შენობაში მცხოვრები დევნილების გამოსახლება არ მოხდებოდა და რომ დევნილები მიიღებდნენ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებულ სხვა გარანტიებს. ჩვენ გაგვაკვირვა ამ სტატიამ, რადგან მასში მოხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს გეგმებს დევნილთა განსახლების შესახებ. მას შემდეგ რაც გავესაუბრეთ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორ დოლიძეს, რომელიც ასევე საკრებულოს დევნილთა განსახლების სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, (აღნიშნული ჯგუფი თავისი არსებობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა)გაირკვა, რომ სტატია შეიცავდა რამდენიმე არაზუსტ ინფორმაციას. კერძოდ:

  • სტატიაში ჩამოთვლილია ხუთი შენობა, რომლიდანაც თითქოს დევნილთა გამოსახლება აღარ იგეგმება. ეს ინფორმაცია არასწორია. ვიქტორ დოლიძის თქმით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო დათანხმდა ამ ხუთი შენობიდან დევნილების მხოლოდ მას შემდეგ გამოსახლებას, როდესაც მათ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს შესთავაზებენ.
  • სტატიის თანახმად, იმ დევნილებს, რომლებსაც გამოასახლებენ თბილისში მდებარე შენობებიდან, ისევ თბილისის ტერიტორიაზე მისცემენ ახალ საცხოვრებელ ფართს. ეს ინფორმაციაც არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ეს წესი ვრცელდება მხოლოდ იმ დევნილებზე, რომლებიც ოფიციალურად არიან თბილისში მდებარე კოლექტიურ ცენტრებში რეგისტრირებული. (ბევრი ის დევნილი, რომელიც თბილისის კოლექტიურ ცენტრში ცხოვრობს, რეგიონებშია რეგისტრირებული. ასეთ შემთხვევებში დევნილთა და განსახლების სამინისტრო მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შესთავაზებს, ე.ი არა თბილისში).

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თბილისის საკრებულო დაინტერესდა იმ უდიდესი პრობლემით, რაც დევნილების წინაშე დგას და ვიმედოვნებთ, რომ საკრებულო გააგრძელებს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ეფექტურ თანამშრომლობას ამ საკითხზე. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის სახელმწიფო სააგენტოებს, როგორიცაა დევნილთა და განსახლების სამინისტრო თავისი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. 22 ივლისს, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილთა საკითხებისთვის შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოს თბილისში მდებარე იმ 36 შენობის სია წარუდგინა, რომლიდანაც დევნილების გამოსახლება იგეგმება. აგვისტოს ბოლოს, დევნილთა გამოსახლების რამოდენიმე შემთხვევის შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა, თუმცა იგეგმება მისი განახლება ახალი სტანდარტული სამოქმედო პროცედურების თანახმად.

Author: ლაშა გოგიძე, მარიამ ხოტენაშვილი, ქეითლინ რაიენი