როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია საქართველოში: სულ მცირე 3 მილიონი ლარი დაიხარჯა საახალწლო კონცერტებზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია საქართველოში: სულ მცირე 3 მილიონი ლარი დაიხარჯა საახალწლო კონცერტებზე

09 მარტი, 2011

ბლოგი 16 აპრილს განახლდა. 2011 წლის 7 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენს მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილ წერილზე პასუხი 16 მაისს მივიღეთ. პასუხის თნახმად, მესტიაში საახალწლო–სადღესასწაულო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს 187333 ლარი. 2011 წლის შესახვედრად ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი იყო. მთავრობის ორგანიზებით 31 დეკემბერს კონცერტები გაიმართა თბილისსა და ბათუმში, ხოლო 8 იანვარს მესტიაში. ზემოხსენებული კონცერტების დაფინანსებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი კითხვა და ვარაუდი გაჩნდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეგო, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა საახალწლო კონცერტების ჩასატარებლად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2011 წლის 18 იანვარს საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა ქალაქ თბილისისა და ბათუმის მერიებს, მესტიის საკრებულოს და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტების ჩასატარებლად გარკვეული თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყო. ოთხივე უწყებას შემდეგი კითხვები გაეგზავნა: 1. რა ოდენობის თანხა დაიხარჯა საახალწლო კონცერტების ჩასატარებლად? 2. ვინ იყო კონცერტების ორგანიზატორი? 3. რა კრიტერიუმებით შეირჩა კონცერტების ორგანიზატორი? არც ერთმა უწყებამ ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილებს კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში არ უპასუხა. ბათუმის მერიამ საკმაოდ ამომწურავი პასუხი გაგვცა და გვაცნობა, რომ „2011 წლის საახალწლო ღონისძიებებისათვის ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 425 000 ლარი, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო - 2 701 675 ლარი.“ ანუ, საერთო ჯამში 3 126 67 5ლარი დაიხარჯა ბათუმის ღონისძიების მოსაწყობად. წერილიდან ასევე შევიტყვეთ, რომ კონცერტის ორგანიზატორი თავად ქ. ბათუმის მერია იყო. შედარებით არასრული პასუხი მივიღეთ თბილისის მერიისგან, რომელმაც ინფორმაცია მხოლოდ გახარჯული თანხის შესახებ მოგვაწოდა: „2010 წლის 31 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე გამართული საახალწლო კონცერტისათვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 115 001 ლარი.“ღონისძიების ორგანიზატორისა და მისი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ კითხვა ქ.თბილისის მერიამ უპასუხოდ დატოვა. მესტიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, 8 იანვარს გამართული კონცერტის დასაფინანსებლად საჭირო თანხა გამოიყო ქ. თბილისის მერიიდან და არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ზემოაღნიშნულ დანახარჯებთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთი წერილი გავუგზავნეთ ქ. თბილისის მერიას და პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ ინფორმაციას ჩვენს ბლოგზე. ამ დრომდე კი ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი დანახარჯი საახალწლო კონცერტის ორგანიზებისათვის შეადგენს 3 241 675 ლარს. ერთის მხრივ, ყველა იმ დაწესებულებამ, რომელსაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით წერილები გადავუგზავნეთ, პასუხი გაგვცა. მეორე საკითხია, რამდენად ამომწურავად უპასუხეს მათ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს. თუმცა, საჯარო ინფორმაციის მისაღებად ორგანიზაციას თითქმის ერთი თვე დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ვიდეო რგოლი გამოუშვა, სადაც დეტალურად ავღწერთ პროცედურას, თუ როგორ უნდა გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია.

ინფორმაციის მოთხოვნა ქ. ბათუმის მერიიდან. ინფორმაციის მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის მოთხოვნა შსს-დან ბათუმის მერიის პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი თბილისის მერიის პასუხი მესტიის პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი მესტიის საახალწლო კონცერტის შესახებ

Author: "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"