ENG

პრემიერმინისტრის განცხადება შესყიდვებთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ახალისებს

16 მარტი, 2015

 

მ/წ 11 მარტს გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მთავრობის წევრებთან შეხვედრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენიშვნა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი თვითმართველობებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა და გუბერნატორებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოაცხადონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერები ან პირდაპირი შესყიდვის (გამარტივებული შესყიდვა) ნებართვა ითხოვონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ მიუღებელია, პრემიერი მოუწოდებდეს სხვა თანამდებობის პირებს შესყიდვები გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არეგულირებს, თუ რა შემთხვევაში არის დასაშვები შესყიდვის ამა თუ იმ საშუალების გამოყენება – მათ შორის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის და ეს რეგულაციები არ ექვემდებარება შეცვლას შემსყიდველი ორგანიზაციების სურვილებისა თუ საჭიროებების მიხედვით.

გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო უწყება პირდაპირ აფორმებს ხელშეკრულებას რომელიმე კომპანიასთან. ასეთ შემთხვევებში, კორუფციის რისკი ბევრად უფრო მაღალია, რადგან ხელშეკრულებები შესაძლოა თანამდებობის პირებთან დაახლოებულ ან ხელისუფლებასთან ლოიალურ დამოკიდებულებაში მყოფ კომპანიებთან გაფორმდეს. ამასთან, გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ ახერხებს თანხების დაზოგვას, რაც ტენდერის მეშვეობით მიიღწევა. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში კი, მაგალითად, შემსყიდველს შეუძლია, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, პრეტენდენტს არ მოსთხოვოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ზრდის კორუფციულ რისკებს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს შესყიდვების ელექტრონული სისტემით განხორციელებული ტენდერების მეშვეობით 230 მლნ. ლარი დაიზოგა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვების წილი 2013 წელს 1.08 მილიარდი ლარი იყო, რაც მთლიანი შესყიდვების 39%-ია. შესყიდვების შესახებ კანონის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვების განხორციელების საფუძველია შესაბამისი მონეტარული ზღვარი ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობა და მთავრობის ნებართვით „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად” ჩატარება. პრემიერის მიერ გაცემული დირექტივა არ გულისხმობს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებს და მიმართულია იმისკენ რომ, სხვადასხვა საბიუჯეტო მხარჯავმა დაწესებულებებმა ნებისმიერი სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა მოახერხონ ელექტრონული ტენდერის გამჭვირვალე პროცედურების გვერდის ავლით.

მიგვაჩნია, რომ მთავრობა უნდა მიისწრაფოდეს აღმოფხვრას ეს მანკიერი პრაქტიკა და სახელმწიფო შესყიდვებში მაქსიმალურად შეამციროს გამარტივებული შესყიდვების წილი. პრემიერმინისტრის განცხადება კი ამ პრაქტიკის კიდევ უფრო გავრცელებას და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამჭვირვალობის ხარისხის კლებას წაახალისებს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“