ფრაქციების უმრავლესობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ინიციატივები არ ჰქონია
სამეგრელო-ზემო სვანეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოების 54 ფრაქციიდან 51-ს რეგისტრაციის დღიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, არც ერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია, ამავე პერიოდში კი ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისთვის და სხვა ხარჯებისთვის 1.6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საქმე იმაშია, რომ საკრებულოს წევრებისათვის ფრაქციის შექმნა ხელფასის მიღების საშუალებას იძლევა, რადგანაც ზოგადად საკრებულს წევრობა არაანაზღაურებადი საქმიანობაა, რასაც ერთგვარი მანკიერი პრაქტიკის სახე აქვს მიღებული, ფრაქციათა აქტივობები და მათზე გაწეული ხარჯები კი შეუსაბამოა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ რამდენი ფრაქცია ფუნქციონირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოებში, რა საკითხების ინიცირება მოახდინეს შექმნიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე და რა თანხა დაიხარჯა ფრაქციებისთვის ამავე პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
ფრაქციების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები და ინიციატივები
ფრაქციების წევრთა სახელფასო ანაზღაურებაზე, საკვლევი პერიოდის განმავლობაში, ჯამში 1,543,736 ლარია დახარჯული.
54 ფრაქციიდან ინიციატივები ზუგდიდის საკრებულოს 3 ფრაქციას (“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, “კონსერვატორები” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ჰქონდა.
ამათგან, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული საკითხების უმრავლესობა იყო შუამდგომლობები კონკრეტული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გაწევის თაობაზე. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, შუამდგომლობების უმეტესი ნაწილი არ დაკმაყოფილდა, მუნიციპალიტეტის პოზიციით მიზეზი იყო ის, რომ მოქალაქეთა ნაწილი შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.
რაც შეეხება ზუგდიდის სარებულოს ფრაქციების “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და “კონსერვატრები” ინიციატივებს, მათ მიერ წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტები საკრებულომ მიიღო.
ფრაქციების მიერ გაწეული საწვავის ხარჯები
ვინაიდან საწვავის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს მესტიის, წალენჯიხისა და ხობის საკრებულოებმა, აღნიშნული მონაცემი კვლევაში არ არის სრულად წარმოდგენილი, ჯამში კი ფრაქციების მიერ 55150 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული, რომლის ღირებულებამაც 89913 ლარი შეადგინა.
ფრაქციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციასა და მივლინებებზე გაწეული ხარჯები
სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოების ფრაქციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე საკვლევი პერიოდის განმავლობაში 20 443 ლარი, სამივლინებო ხარჯებზე კი 7 837 ლარი დაიხარჯა.
დასკვნა და რეკომენდაციები
მოქმედი კანონმდებლობით საკრებულოებს ფრაქციების რაოდენობის ზედა ზღვარი, საქმიანობის რაიმე, განსაკუთრებული წესები არ აქვთ განსაზღვრული. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში ზოგადია და ფრაქციის თავმჯდომარესა თუ მის წევრს არ უწესებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებას.
მუნიციპალიტეტები კანონმდებლობაში არსებული ზოგადი დათქმებით სარგებლობენ.ყველა საკრებულოში ფრაქციების მაქსიმლაური რაოდენობაა შექმნილი, მათ საქმიანობაზე გასაწევი ხარჯი კი მნიშვნელოვან საბიუჯეტო ტვირთს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნა შემოღებული, რამაც სახელფასო ტვირთი კიდევ უფრო გაზარდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში მითითებული მოლოდინი, რომ ახალი თანამდებობა ფრაქციის საქმიანობის ეფექტურობას გაზრდიდა, არ გამართლდა, როგორც ეს ჩვენი კვლევით დასტურდება.
მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი ორიენტირებული უნდა იყოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე. ფრაქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად, ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად და მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებისთვის, შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.