ფრაქციების უმრავლესობას იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ინიციატივები არ ჰქონია
იმერეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოებში შექმნილი 61 ფრაქციიდან 43-ს რეგისტრაციის დღიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია.
საკრებულოს წევრებისათვის ფრაქციის შექმნა ხელფასის მიღების საშუალებაა, რადგან საკრებულოს წევრობა არაანაზღაურებადი საქმიანობაა. ჯამში, ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ რამდენი ფრაქცია ფუნქციონირებს იმერეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოებში, რა საკითხების ინიცირება მოახდინეს დაარსებიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე და რა თანხა დაიხარჯა ფრაქციებისთვის ამავე პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
ფრაქციების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები და ინიციატივები
ფრაქციების თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) სახელფასო ანაზღაურებაზე საკვლევი პერიოდის განმავლობაში ჯამში 1 660 218 ლარია დახარჯული.
ყველაზე მეტი ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს ოთხ ფრაქციას („ქართული ოცნება”, „ქართული ოცნება - მწვანეები”, „ქართული ოცნება - მრეწველები”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ჰქონდა.
კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივა შეეხებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ჩართულობას, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების განხილვას; ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ წინადადებები ახალი სკვერების მოწყობასა და არსებულის აღდგენაზე, ასევე დასუფთავების საკითხებზე მომზადდა; ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების” ინიციატივები შეეხებოდა კომისიებისა და ფრაქციების საქმიანობას - მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში, სამწუხაროდ, არ არის აღნიშნული კონკრეტულად, თუ რას უკავშირდებოდა ფრაქციის წერილობითი შეთავაზებები.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივები კი უკავშირდებოდა მედიკამენტების, კომუნალური, ასევე ახალშობილთათვის ვაუჩერების გაცემის საკითხებს, სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას სტუდენტური ტარიფის დაწესებას, სკოლებითვის თანხის გამოყოფას, პარკირების ახალი ტარიფის დაწესებას და ა.შ., თუმცა არცერთი წინადადება საკრებულოს უმრავლეობას არ გაუზიარებია.
ფრაქციების მიერ გაწეული საწვავის ხარჯები
ფრაქციებისათვის საწვავი შეიძინეს მხოლოდ ქუთაისის, თერჯოლის, ვანისა და ტყიბულის საკრებულოებში, თუმცა ვინაიდან საწვავის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა ქუთაისის საკრებულომ, აღნიშნული მონაცემი კვლევაში არ არის სრულად წარმოდგენილი.
ფრაქციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციასა და მივლინებებზე გაწეული ხარჯები
დასკვნა და რეკომენდაციები
მოქმედი კანონმდებლობით, ფრაქციების რაოდენობის ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში, ზოგადია და ფრაქციის თავმჯდომარესა თუ მის წევრს არ უწესებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებას.
მუნიციპალიტეტები კანონმდებლობაში არსებული აღნიშნული დათქმებით სარგებლობენ. ყველა საკრებულოში ფრაქციების მაქსიმალური რაოდენობაა შექმნილი, მათ საქმიანობაზე გასაწევი ხარჯი კი მნიშვნელოვან საბიუჯეტო ტვირთს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნა შემოღებული, რამაც სახელფასო ტვირთი კიდევ უფრო გაზარდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ ეს თანამდებობა ფრაქციის საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდიდა, თუმცა ეს მოლოდინი იმერეთის მუნიციპალიტეტებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მსგავსად, არ გამართლდა.
მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი ორიენტირებული უნდა იყოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე. ფრაქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად, ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად და მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებისთვის, შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.