პროკურატურა ადანაშაულებს რუსთავის მერიას 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სარწყავი მილების უკანონოდ გასხვისებაში
განახლებული ინფორმაცია 20/10/2010: ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოძიებამ დააკავა აუქციონზე გამარჯვებული ორი პიროვნება, რომლებმაც მოახდინებს სარწყავი მილების უკანონო ამოღება. გამოძიების ცნობით ამ დროისათვის იკითხებიან ქ.რუსთავის მერიის თანამშრომლები და უახლოეს მომავალში გადაწყდება მათი ბრალეულობის საკითხი. დაახლოებით ერთი წლის წინ, ქ. რუსთავის მერიამ ჩაატარა აუქციონი და საპრივატიზაციოდ გაიტანა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში განთავსებული სარწყავი მილები. აუქციონზე „გამარჯვებულებს“ შეძენილი ქონების საფასური არ გადაუხდიათ, თუმცა პასუხისმგებელი ორგანოს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ამოიღეს სარწყავი მილები. სოფელ კრწანისის მოსახლეობა სარწყავი და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. მათ დახმარებისთვის მომართეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისს, სადაც ფუნქციონირებს ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან გამოთხოვილი დოკუმენტების შედეგად დადგინდა, რომ აუქციონის ჩატარებამდე 1 დღით ადრე აუდიტორმა სარწყავი მილები 1.5 მილიონ ლარად შეაფასა, თუმცა აუქციონზე მილები მესამედ ფასში - 570,000 ლარად გაიტანეს. საბოლოოდ მილები აუქციონზე 571,000 ლარად გაიყიდა. გამარჯვებულებმა შეძენილი ქონების საფასურის მხოლოდ 5% (ბე-ს სახით)გადაიხადეს და მილების უკანონოდ ამოღება დაიწყეს. არ შესრულდა აუქციონის ერთ-ერთი პირობაც – ამოღებული მილების ახალი მილებით შეცვლა და ასევე, მოსახლეობის განცხადებით, მათ ის მილებიც ამოიღეს, რომლებიც არასდროს ყოფილა პრივატიზირებული. „საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოკვლეული მასალა, სათანადო რეაგირებისათვის საქართველოს კონტროლის პალატას წარუდგინა, თუმცა უშედეგოდ. ორთვიანი ლოდინის შემდეგ ორგანიზაციამ წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას წინასწარი გამოძიების დაწყების თხოვნით.პროკურატურისადმი მიმართვიდან ერთ კვირაში საქართველოს კონტროლის პალატისგან მივიღეთ პასუხი მათ მიერ აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ, რომელიც დასკვნის სახით გამოქვეყნდა მათ ვებ-გვერდზე. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსთავის მერიის თანამშრომლების წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. აღმოჩნდა, რომ რუსთავის მერიამ აღნიშნულ მილებზე აუქციონი არა ერთხელ, არამედ სამჯერ ჩაატარა თანაც ისე, რომ არცერთ გამარჯვებულს შეძენილი ქონების საფასური სახელმწიფოსათვის არ გადაუხდია. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 600,000 ლარის ზარალი. თუმცა პროკურატურა კვლავ ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. თუკი გავითვალისწინებთ, რომ აუდიტის პირველადი შეფასებით მილების თვითღირებულება 1.5 მილიონი ლარია, მიყენებული ზარალის ოდენობაც შეიძლება კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულ თანხაზე მეტი იყოს. სოფელ კრწანისის მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 2500 მცხოვრებს შეადგენს, ამ დროისათვის დარჩენილია წყლისა და სარწყავი მილების გარეშე. მათ მხოლოდ 2 საათით მიეწოდებათ სასმელი წყალი, რაც არაა საკმარისი მიწის ნაკვეთების დამუშავებისა და მესაქონლეობის განვითარებისათვის. ბევრი ოჯახი იძულებული გახდა გაეყიდა საქონელი, რაც მათი შემოსავლის ერთადერთ წყარო იყო.