ENG

მაღაროელთა დაღუპვას სააკაშვილი პოლიტიკური მოკავშირის კომპანიაში არსებულ კორუფციას აბრალებს

26 იანვარი, 2011

26 იანვარს, ტყიბულის მაღაროში მომხდარი ბოლო აფეთქების გამო სამართალდამცავებმა მაღაროს ორი თანამშრომელი დააკავეს. 2011 წლის 21 იანვარს ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი მაღაროელი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა. ეს მეოთხე უბედური შემთხვევაა ბოლო 13 თვის განმავლობაში, რამაც მთლიანობაში 10 მაღაროელის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა 2010 წელს მომხდარი აფეთქებების გამო არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაღაროს მფლობელებს არ დაკისრებიათ. ზემოთაღნიშნული დაკავებები პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლას მოჰყვა, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ უკანასკნელ აფეთქებას „სერიოზული ხალხი“ გამოიძიებს, მათ შორის უცხოეთიდან მოწვეულები და არა ისინი, "ვინც თბილისში ზის და ფულს იღებს ტყიბულის მფლობელებისგან და ამიტომ პრობლემა არ აქვთ, რომ ათასგვარი სისულელე და ტყუილი ჩაწერონ“. პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, სწორედ კორუფცია იყო იმ უმოქმედობის მიზეზი, რომლსაც ადგილი ჰქონდა პირველი აფეთქებების შემდეგ, რის გამოც ტყიბულის მაღაროს მეპატრონეებს პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ . პრეზიდენტის თქმით, ბოლო აფეთქების შემდეგაც კომპანიის მენეჯმენტი ეცადა დაღუპული მაღაროელისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ მაღაროს მფლობელია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“. ეს კონგლომერატი პროსამთავრობო ტელევიზიის, რუსთავი 2–ის უმსხვილესი აქციონერიცაა. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მფლობელი არის დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამასთან ერთად, იგი არის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის“ უფროსის, გელა ბეჟუაშვილის ძმა. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (რომელიც თავად მიიჩნევს, რომ უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანიაა საქართველოში და 3000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული ) პირდაპირი მფლობელია მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული ფიქტიური კომპანია შპს „Chemexim International“. შემოსავლების დეკლარაციაში დავით ბეჟუაშვილი მიუთითებს, რომ იგი „Chemexim International“–ის მფლობელია, თუმცა ამ კომპანიიდან 2009 წელს არანაირი შემოსავალი არ ჰქონია. შემოსავლების დეკლარაციაში დავით ბეჟუაშვილმა ასევე მიუთითა, რომ იგი მეორე კომპანია შპს „Kemble Trading“–ის მეწილეც არის, რომელიც დარეგისტრირებულია კვიპროსზე. კვიპროსი და მარშალის კუნძულები ძალიან პოპულარულია ფიქტიური კომპანიების დასარეგისტრირებლად, რომლებიც ხშირად გამოიყენება რეალური მესაკუთრეებისა და ფინანსური ნაკადების შესანიღბად, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით. მის განცხადებაში სააკაშვილმა აღნიშნა,"ყველანაირი დასტური არის იმისა, რომ წინა აფეთქება, რომელსაც ემსხვერპლა რამოდენიმე მაღაროელი, იყო შედეგი არა მათი დაუდევრობის, არამედ უშუალოდ, დანაშაულებრივი ქმედების მაღაროს ხელმძღვანელობის, რომელმაც გამორთო ვენტილაციის სისტემა და რომელმაც დაზოგა ფული საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე“. მან დაამატა, რომ ბოლო წლებში მომხდარი აფეთქების შესახებ დასკვნები გაყალბებული იყო „ბიზნესის მფლობელთა“ ძალისხმევით. პრეზიდენტმა სინანული გამოხატა, რომ „სისხლის სამართლის საქმე [პროკურატურის მიერ წარმოებული] არ იქნა ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი“. პრეზიდენტის აზრით, წინა აფეთქებების გამო დამნაშავეები სათანადოდ რომ დასჯილიყვნენ, 21 იანვრის ინციდენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

Author: სარა დე სლოვერი და მატიას ჰუტერი