პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ აუდიტის დასკვნა საჯაროდ უნდა განიხილოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ აუდიტის დასკვნა საჯაროდ უნდა განიხილოს

28 მარტი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულმა “შესაბამისობის აუდიტის ანგარიშმა” საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ანგარიში მიმოიხილავს 2015-2016 წლებში მაუწყებელში არსებულ ფინანსურ და მმართველობით პრობლემებს, მათ შორის მონაცემებს ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის, შესყიდვებში არსებული ხარვეზების, მორგებული ტენდერების და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

სამოქალაქო სექტორის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა არ მოაწყო საჯარო დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მათ შორის განიხილებოდა აუდიტის დასკვნა, თუ რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს. სამწუხაროა, ასევე აუდიტის სამსახურის უარი ჩაატაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის საქმიანობის არაგეგმიური შემოწმება.

საჯარო განცხადებებში საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაეთანხმა აუდიტის ანგრიშში მითითებულ დარღვევებს, ხოლო მოგვიანებით საკუთარი მოსაზრებები უკვე წერილობითაც წარმოადგინა.  

იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებაში არაერთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, ისევ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ:

  • საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს აუდიტის სამსახურის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით საჯარო დისკუსიის ორგანიზება, სადაც აუდიტის დასკვნაში მოყვანილ პრობლემურ საკითხებს შეფასება მიეცემა,  თუ რამდენად ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით ნაკისრ ვალდებულებებს.