ENG

პარლამენტმა GNCC-ის წევრების შერჩევისას საგამოძიებო კომისიის დასკვნა და კანდიდატთა პროფესიული გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს

19 თებერვალი, 2015

 

3 თებერვალს პრეზიდენტმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტს ცხრა პირის კანდიდატურა წარუდგინა. ხუთწევრიანი კომისიის სამ წევრს – სოფიო ბრიტანჩუკს, აკაკი სიხარულიძეს და ირაკლი მოსეშვილს – 12 მარტს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. მათ ნაცვლად, კომისიის სამი ახალი წევრი პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ცხრა კანდიდატიდან დღეს უნდა აარჩიოს.

ცხრა შერჩეულ კანდიდატს შორის არიან სიმონ ნოზაძე – შევარდნაძის პერიოდში სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე; აკაკი სიხარულიძე – კომისიის მოქმედი წევრი; გიორგი ფრუიძე – კომისიის ყოფილი წევრი; ელისო ასანიძე, სერგო შავგულიძე, რატი სხირტლაძე – მარეგულირებლის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები; ანა ნაკაშიძე, მერაბ ქათამაძე – კომისიის ექსპერტ-კონსულტანტები; თამარ ალფაიძე – მედიის სამართლის სპეციალისტი.

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საქმიანობა წლების მანძილზე საზოგადოებრივი კრიტიკის საგანი იყო. ჩვენმა ორგანიზაციამ  საკუთარ კვლევებში არაერთხელ აღნიშნა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტისა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულობის შესახებ. ეს ასევე მითითებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული არა მარტო კომისიის მიერ მიღებული კოლეგიური გადაწყვეტილებები, არამედ ცალკეულ კომისიონერთა თუ თანამშრომელთა ქმედებებიც. საგამოძიებო კომისიის დასკვნა მაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისას სიმპტომურია კომისიის მთლიანი საქმიანობის შეფასებისათვის: „2006-2011 წლებში, კომისიის წევრების სხვადასხვა შემადგენლობა სისტემატიურად არღვევდა კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნებს თანასწორობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და უპირატესობის მინიჭების აკრძალვის შესახებ.“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლისა და ფუნქციების მნიშვნელობიდან გამომდინარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ თავად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები და დეტალურად შეისწავლონ კანდიდატების გამოცდილება და წარსული საქმიანობა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატები:

ვაკანტური ადგილი I

ანა ნაკაშიძე

ანა ნაკაშიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრატურის დეპარტამენტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომუნიკაციის სფეროში არსებულ კომპანიებში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის „სილქნეტში“. 2014 წლის ბოლოდან დასაქმებულია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და ევროპის კომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ჰარმონიზაციის ადგილობრივ ექსპერტად.

ანა ნაკაშიძე ფლობს ორ კომპანიას: შპს „კერა ჯგუფს“ (25%) და შპს „კერა თრეველს“ (25%). „კერა თრეველთან“ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს 22 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. ჯამში, კომპანიას 100,000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს მიღებული. ნაკაშიძე შპს „კერა ჯგუფის“ დირექტორიცაა.

აკაკი სიხარულიძე

აკაკი სიხარულიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი წევრია და უფლებამოსილება მარტში ეწურება. 2014 წელს შევსებული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის თანახმად, სიხარულიძემ 2013 წლის განმავლობაში 311,744 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლიდან მუშაობს და მისი მთლიანი დეკლარირებული შემოსავალი ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

2013 წლის დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს შპს „A ჯგუფს“, თუმცა 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, სიხარულიძეს ამ კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია.


მერაბ ქათამაძე

2014 წლიდან მერაბ ქათამაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კონსულტანტია. წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომუნიკაციების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, ასევე კითხულობდა ლექციებს.

ვაკანტური ადგილი II

ელისო ასანიძე

2010 წლიდან ელისო ასანიძე  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც ეროვნულ კომისიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასვე კერძო კომპანიებში, რომლებიც ტელეკომუნიკაციის სფეროში ოპერირებენ.

რატი სირტლაძე

2012 წლიდან დღემდე რატი სხირტლაძე  ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს. იქამდე ის კომისიაში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო, ასევე, სხვადასხვა კომპანიებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.

რატი სხირტლაძე შპს „უნივერსალური ქართული სისტემების“ დირექტორი და მფლობელია.

სიმონ ნოზაძე

სიმონ ნოზაძე 1982 წელს  სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ოპერრწმუნებულად ჩაირიცხა, მუშაობდა მინისტრის თანაშემწედ, კონტრდაზრერვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ და ა.შ. 1998-2001 წლებში იკავებდა უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობას და  სამთავრობო დაცული და ღია კავშირების სამსახურებს კურირებდა. მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის წოდება. ნოზაძის მიერ წარდგენილ რეზიუმეში ვკითხულობთ, რომ 2002 წლიდან 2013 წლის მარტამდე პენსიაზე იყო და ამ პერიოდში მუშაობდა კერძო უსაფრთხოების სამსახურში. 2013 წელს დაუბრუნდა საჯარო სამსახურს და მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახურში, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან გადავიდა კერძო დაცვის კომპანიაში გენერალურ დირექტორად.

სიმონ ნოზაძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებვერდზე არ იძებნება.

სიმონ ნოზაძე არის ორი კომპანიის – შპს „ატლანტი-უსაფრთხოების სამსახურის“ და შპს „ატლანტ ტ“-ს – დირექტორი და მეწილე. ის შპს „ქართული წითელი ღვინოების“ მფლობელიცაა (50%).

ვაკანტური ადგილი III

გიორგი ფრუიძე

გიორგი ფრუიძე წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 2004-2009 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი იყო და აღნიშნულ პერიოდში კომისიიდან მიღებული შემოსავალი მილიონამდე ლარს შეადგინა. რეზიუმეს მიხედვით გიორგი ფრუიძე 2009 წლიდან არ მუშაობს.

გიორგი ფრუიძე ჟურნალისტ ნათია ლაზაშვილის მეუღლეა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მუშაობდა, ხოლო რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ „მეცხრე არხის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო. ლაზაშვილმა ეს ტელევიზიები პროტესტის ნიშნად დატოვა. ამჟამად ნათია ლაზაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობს.

თამარ ალფაიძე

თამარ ალფაიძე აკადემიური სფეროს წარმომადგენელია, რომელიც მედიის სფეროში არაერთი სახელმძღვანელოს ავტორია. პარალელურად კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვდასხვა უნივერსიტეტებში.

თამარ ალფაიძე რეგისტრირებულია ინდმეწარმედ.

სერგო შავგულიძე

2004 წლიდან დღემდე სერგო შავგულიძე იკავებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“