ახალი საგადასახადო ომბუდსმენი შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალი საგადასახადო ომბუდსმენი შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდეს

03 თებერვალი, 2011

ეს სტატია განახლდა: 7 თებერვალს 1 იანვრიდან ძალაში შესულმა ახალმა საგადასახადო კოდექსმა საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობა დააწესა. გასულ კვირას, პრემიერ–მინისტრმა ამ თანამდებობაზე გიორგი პერტაია დანიშნა. გიორგი პერტაია 2010 წლის მაისიდან პრემიერ–მინისტრის უფროსი მრჩეველია კერძო სექტორის საკითხებში. ეხლა ის ომბუდსმენის მოვალეობებსაც შეასრულებს. თუმცა, თუ ახალი ომბუდსმენის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე ბიზნესის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს, და თუ გიორგი პერტაია საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობის პარალელურად კვლავ პრემიერ–მინისტრის მრჩეველი დარჩება, ეს ხელს შეუშლის მის ნაყოფიერ მუშაობას, რადგან პერტაია ერთდროულად ორი სხვადასხვა მხარის წარმომადგენელი იქნება. ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო ომბუდსმენის მოვალეობებში შევა: პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტში გადასახადის გადამხდელთა უფლებების შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენა; ბიზნესებიდან შემოსულ საჩივრებზე რეაგირება, თუ მათ საგადასახადო კოდექსში არსებული გაურკვევლობის შედაგად საგადასახადო დავა აქვთ ხელისუფლებასთან; შემოსული საჩივრების გადამისამართება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავების განმხილველ საბჭოში. გიორგი პერტაიას თანახმად, ცნობილი აუდიტორიული კომპანიების (მათ შორის Ernst&Young) აღმასრულებელი დირექტორებისგან შემდგარი საბჭო შემოსული საჩივრების განსახილველად შეიკრიბება კვირაში ერთხელ. პერტაია აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრთან პირდაპირი კავშირი მას, როგორც საგადასახადო ომბუდსმენს, დაეხმარება პრობლემების სწრაფ და ეფექტურ გადაჭრაში. გიორგი პერტაია, როგორც პრემიერ–მინისტრის მრჩეველი, პასუხისმგებელია ხელი შეუწყოს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ეფექტურად განვითარებას; ბიზნესის პრობლემების სახელმწიფოს ყურამდე მიტანას. ამ მოვალეობების შესასრულებლად პერტაიას შტატში სამი კაცი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ომბუდსმენის მთავრობასთან ახლო კავშირი შეიძლება დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდეს ბიზნეს საზოგადოების ინტერესების დასაცავად. ასევე, მისი ოფისის მდებარეობა(სახელმწიფო კანცელარიის შენობა) თავის მხრივ შემაფერხებელი ფაქტორი იქნება სახელმწიფოსთან დავის მქონე მეწარმეებმა დახმარებისთვის ომბუდსმენს მიმართონ. საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნა ადასტურებს ხელისუფლების მზადყოფნას დაიცვას ბიზნესებისა და მოქალაქეების ინტერესები. თუმცა, საგადასახადო ომბუდსმენის დამოუკიდებლობის ხარისხი ჯერ კიდევ არ არის კარგად განსაზღვრული. ჩვენი აზრით, შემდეგი სახის ცვლილებების გატარება საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობას უფორ ეფექტურს გახდის: • უნდა გაიმიჯნოს საგადასახადო ომბუდსმენისა და პრემიერ მინისტრის მრჩევლის თანამდებობები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი; ● საგადასახადო ომბუდსმენის ოფისი ისეთ შენობაში უნდა განთავსდეს, რომელიც ფიზიკურად მოშორებული იქნება სახელმწიფო სტრუქტურებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი; ● საგადასახადო ომბუდსმენის მიერ პარლამენტში წარდგენილი წლიური ანგარიშის უნდა იყოს საჯარო. გარდა ამისა, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებიდან პირველი თორმეტი თვის განმავლობაში იმ პრობლემების შესახებ სისტემატური ანგარიშების წარდენა, რომლებსაც ბიზნესები აწყდებიან, ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების მოგვარებას. განახლება: 7 თებერვალი, ორშაბათი ახლადდანიშნულმა საგადასახადო ომბუდსმენმა, გიორგი პერტაიამ ჩვენს ბლოგზე პასუხად მოგვეწრა, რომ მან პრემიერ–მინისტრის უფროსი მრჩევლის თანამდებობა საგადასახადო ომბუდსმენად დანიშვნის დღესვე დატოვა. ასევე მან აღნიშნა, რომ საგადასახადო ომბუდსმენის ოფისი სახელმწიფო კანცელარიაში არ იქნება განლაგებული და მისი თანამშრომლების რიცხვიც შეიცვლება

Author: ეკა გიგაური