ENG

მთავრობის სხდომების დახურვა ზღუდავს ჟურნალისტების საქმიანობას

07 აგვისტო, 2018

 

საქართველოს ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ შეიქმნა მანკიერი პრაქტიკა, რომლის საფუძველზე მედიას აღარ აქვს მთავრობის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა. აღნიშნული  მნიშვნელოვნად ზღუდავს ჟურნალისტების საქმიანობას ინფორმაციის მოპოვებისა და ხელისუფლების კონტროლის მიზნით და წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს ხელისუფლების საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

მიმდინარე წლის 31 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ პირველივე სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურა. მხოლოდ ოპერატორებს მიეცათ შესაძლებლობა სხდომის დასაწყისში 10 წუთი კადრების გადასაღებად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ბოლო რამდენიმე წელია არც ერთ თავმჯდომარეს არ შეუზღუდავს ჟურნალისტების უფლება დასწრებოდნენ მთავრობის სხდომებს. რიჟვაძის განმარტებით, სხდომის პირველი ნაწილი ღია იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენი ხანი გრძელდება პირველი ნაწილი და ოპერატორების გარდა, ჟურნალისტებს თუ მიეცემათ სხდომაზე დასწრების უფლება.

აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა უკვე დანერგილი აქვს საქართველოს მთავრობას, რომლის სხდომებიც დახურულია. 2016 წლის დასაწყისში მთავრობამ ღიაობა კიდევ უფრო შეზღუდა და მე-12 სართულზე, სადაც მთავრობის სხდომები ტარდება, ჟურნალისტები აღარ დაუშვა. მედიის წარმომადგენლები მთავრობის წევრებს მე-3 სართულზე, მედიაცენტრში უნდა დალოდებოდნენ. ოპერატორებს სხდომის გადაღება სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთით შეეძლოთ, რომელიც ძირითადად პრემიერის გამოსვლის ჩაწერასა და კადრების გადაღებას მოიცავდა.

აღნიშნულმა პრაქტიკამ ჟურნალისტების მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია კიდევ უფრო გაართულა. 2016 წელს პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერმა 274 ჟურნალისტმა და რამდენიმე მედია საშუალებამ, სადაც გამოითქვა უკმაყოფილება მედიის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოსვლის შემდეგ, წესი მცირედით შეიცვალა - სხდომები ისევ დახურულია, მაგრამ ჟურნალისტები მე-12 სართულზე აჰყავთ, პრემიერი მთავრობის სხდომაზე შესვლამდე განცხადებას აკეთებს, შემდეგ კი მთავრობის წევრებს კვლავ მე-3 სართულზე ელოდებიან. მთავრობის სხდომაზე ოპერატორებიც ვეღარ შედიან და კადრებს ჟურნალისტებს პრესსამსახური აწვდის.

კანონმდებლობა

მთავრობის სხდომის საჯაროობის საკითხს საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ[1]   და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილება[2] არეგულირებს, სადაც წერია, რომ “მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.“

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის[3] მიხედვით კი, კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ხდება პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის განხილვა.

მიუხედავად არსებული საკანონმდებლო რეგულაციების განსხვავებული შინაარსისა, მნიშვნელოვანია, რომ მედიის მთავრობის სხდომაზე დასწრება არც ერთ არსებულ კანონს არ ეწინააღმდეგება - პირიქით, აწესებს ხელისუფლების გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს.

დასკვნა

ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მთავრობამ მედიისათვის ღია გახადოს სხდომები და მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში დახუროს ის. მთავრობის სხდომების დახურულობის პრეცენდენტმა შეიძლება ცუდი პრაქტიკა შექმნას და გაუმჭვირვალობისკენ წაახალისოს ადგილობრივი თვითმართველობებიც, რაც, გარკვეულ წილად, ხდება კიდეც.

 

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”. შესაძლოა ის არ ასახავდეს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს.


[1] საქართველოს კანონი მთავრობის სტრუქტურის, უფებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ, მუხლი 12, პუნქტი 4,, https://matsne.gov.ge/ka/document/view/2062

[2]  საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილება #33, მუხლი 17, პუნქტი 4, http://www.adjara.gov.ge/uploads/Docs/e8accf3fcd954e8ab86667bf33ce.pdf

[3] ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 32,  https://matsne.gov.ge/ka/document/view/16270

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“