მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უძრავი ქონება ჯერ კიდევ არ გადაუცია
კანონმდებლობის მოთხოვნისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებების მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობებს სახელმწიფოსგან სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ქონება ამ დრომდე არ მიუღიათ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროებს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, დასამტკიცებლად კი საქართველოს მთავრობასთვის წარედგინათ, თუმცა აღნიშნული ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ შეუსრულებიათ.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა. საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ზუგდიდის მაგალითს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 263 ერთეული უძრავი ქონება ირიცხება, მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (სულ 97 შენობა, ჯამური ფართობით 24 004 კვ.მ.), სასაფლაოები, ტროტუარები, სკვერები, სტადიონები, ქუჩები, მოსაცდელები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ უძრავი ქონების აბსოლუტური უმრავლესობა ძირითად, გაუსხვისებელ ქონებას[1] წარმოადგენს, შესაბამისად ამ ქონებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მოკლებულია.
სახელმწიფო კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 817 ნაკვეთს ფლობს, რომელთა ნაწილზეც (333 შემთხვევაში) სხვადასხვა შენობა-ნაგებობაა განთავსებული (ჯამური ფართობით 340 513 კვ.მ. მათ შორის სკოლები, ამბულატორიები, ცალკეულ საჯარო უწყებათა ოფისები და ა.შ.)
გაცილებით მძიმე მდგომარეობააა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზუგდიდის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს არ ფლობს, სახელმწიფო კი ზუგდიდის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის - 23,399 069 კვ.მ-ის (2,339.9 ჰექტარი) მფლობელია.
წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ დისბალანსი მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებებს შორის საკმაოდ დიდია.
პრობლემატურია ის გარემოებაც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ნაწილი (ყოფილი სოფლის საბჭოს შენობები, კლუბები, სასოფლო აფთიაქები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.), რომელთა რაოდენობაც ზუგდიდში 100-ზე მეტია, დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი, დაკეტილია და თანდათან ინგრევა. მათი მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შემთხვევაში კი, თვითმმართველობებს მიეცემათ ამ შენობების პრივატიზირების ან იჯარით გაცემის შესაძლებლობა, რაც გაზრდის ადგილობრივ საბიუჯეტო შემოსავლებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა ქონების გადაცემის პროცესი, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობებს, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და შესაბამისად, გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხარისხი.
[1] განუსხვისებელი ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ასეთი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, 106-ე მუხლი, მე-4 პუნქტი