ENG

მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო აგიტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებებზე უკანონოა

01 აგვისტო, 2016

 

31 ივლისს, ბათუმში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიება პარტიის რეგიონული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს, წარდგენის ბოლოს კი შეკრების ორგანიზატორებმა აქტივისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვის ჩანაწერი შესთავაზეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას მიმოიხილა აჭარაში 2004 წლის მაისში მიმდინარე მოვლენები, მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას მაშინდელი მხარდაჭერისთვის, ასევე მოუწოდა შეკრებილებს, რომ კიდევ ერთხელ დაეჭირათ მხარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ საჯარო შეხვედრებში პირველად არ ჩართულა: ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერისკენ მოქალაქეებს 11 ივლისს მარნეულში, 14 ივლისს კი ახალქალაქშიც მოუწოდა. ბათუმის მსგავსად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშიც პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2015 წლიდან უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებს. ფაქტს წინ უძღოდა უკრაინის მოქალაქეობის მიღება. შესაბამისად, ამავე პერიოდიდან სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი (45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას ცალსახად უკრძალავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ 31 ივლისის პარტიულ ღონისძიებაში გაკეთებული განცხადებები კი აშკარა აგიტაცია იყო. კანონმდებლობის თანხმად,  წინასაარჩევნო აგიტაციად ითვლება ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, უახლოეს სხდომაზე შეისწავლოს აღნიშნული ფაქტები და მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.

 
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“