ENG

„მეტი სარგებელი ხალხს” - სამთავრობო პროგრამა თუ საარჩევნო სუბიექტის სახელი?

29 აგვისტო, 2012

2012 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ ახალი სამთავრობო პროგრამა – „მეტი სარგებელი ხალხს“ წარმოადგინა, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური დახმარებების ზრდას და ა.შ. აღნიშნულ პროგრამას დღემდე არაერთი სამთავრობო სარეკლამო აქცია თუ ღონისძიება ეძღვნება, რომელთა დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ არის შექმნილი, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მთელი საარჩევნო კამპანია ზუსტად ამ ლოზუნგზე „მეტი სარგებელი ხალხს“ ააგო და საარჩევნოდ დარეგისტრირდა შესაბამისი სახელით -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–2 და მე–21 პუნქტების თანახმად, შემოწირულებად ითვლება პოლიტიკური პარტიის მიერ ან მის სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიღებული/გაცემული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა.

გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სუბიექტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ დაირქვა სამთავრობო პროგრამის სახელი, რომელიც, ასევე მთავრობის მთავარი დევიზი და ლოზუნგია, ამომრჩევლისთვის თითქმის შეუძლებელი გახდა მთავრობისა და პარტიის ერთმანეთისაგან მკაფიო გამიჯვნა.

ამის გამო, საქართველოს მთავრობის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში რეკლამების თუ აქციების მოწყობა შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მთავრობისგან უსასყიდლოდ მიღებულ არამატერიალური ფასეულობა, ხოლო სოციალური დახმარებები თუ მთავრობის დაფინანსებული სხვა პროექტები/ღონისძიებები - მთავრობის მიერ ხსენებული პარტიის მხარდასაჭერად გაცემული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა.

იმ შემთხვევაშიც კი თუ მთავრობა საგანგებოდ არ არის მომართული იმისკენ, რომ  „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” სასარგებლოდ კონკრეტული აგიტაცია გაწიოს, აშკარაა, რომ თავისი პროგრამისთვის პოპულარიზაციის გაწევით მმართველი პარტიის აგიტაციაც ხდება, ვინაიდან სამთავრობო პროგრამასა და მმართველი პარტიის მიერ დარეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს ერთი და იგივე სახელი აქვთ. თავის მხრივ, მთავრობამ არ უზრუნველყო მკაფიო ზღიო ზღვრის გავლება მმართველ პარტიასა და მის პროგრამას შორის.

„პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება აკრძალულია. ამასთანავე, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი მოითხოვს, რომ არსებობდეს მკაფიო გამიჯვნა პოლიტიკურ პარტიასა და მთავრობას შორის.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კანონის სულისკვეთებიდან და კოპენჰაგენის დოკუმენტიდან გამომდინარე, ყოველი ღონე იქნას გამოყენებული, რათა ამომრჩეველმა შეძლოს მკაფიო გამიჯვნა მთავრობის მოქმედებებსა და პარტიის მიერ ჩატარებულ საარჩევნო კამპანიას შორის.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
elections