მესტიაში საკუთრების უფლების ხელყოფის საქმეებზე კანდიდ კვიციანის ინტერესები იკვეთება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მესტიაში საკუთრების უფლების ხელყოფის საქმეებზე კანდიდ კვიციანის ინტერესები იკვეთება

21 ნოემბერი, 2012

მესტიაში საკუთრების უფლების ხელყოფის ახალი ფაქტები ფიქსირდება. ადგილობრივი აეროპორტის ასაფრენი ბილიკის გაფართოებას და წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრება ეწირება.

2011 წლის 3 მაისსს და 15 ივნისს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) მიღებული სესხის საფუძველზე გამოაცხადა ტენდერი მესტიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის შესახებ. პირველ ტენდერში გამარჯვებულად დასახელდა „ენგური 2006“ და შპს „დაგი“, ხოლო მეორე ტენდერი შპს „ენგური 2006-მა“ და შპს „ნიუ ენერჯიმ“ მოიგეს.  საერთო სატენდერო თანხამ შეადგინა 17, 396 607 ლარი. ოფიციალური მონაცემებით, შპს „ენგური 2006-ის“ 50% წილის მფლობელი არის მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ კვიციანი.

წყალმომარაგების ნაგებობის მშენებლობის მიზნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მესტიაში მცხოვრებ 27 მესაკუთრეს მიწის სანაცვლოდ  1კვ.მ-ზე 3.60 - 4 ლარის ოდენობით კომპენსაცია შესთავაზეს. მოსახლეობა ამ პირობებს არ დაეთანხმა, თუმცა, როგორც მესაკუთრეები აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ისინი დათანხმდნენ შეთავაზებულ პირობებს.

მესტიის ასაფრენი ბილიკის გაფართოება ამა წლის მაისის თვეში დაიწყო. მშენებლობის დაწყებამდე მესტიის იმჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ კვიციანი შეხვდა მიწის მესაკუთრეებს და დაჰპირდა, რომ მშენებლობისათვის საჭირო მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხა განისაზღვრებოდა 1 კვ.მ-ზე 10 ლარის ოდენობით. თუმცა, ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად შეხვედრაზე მისულ მესაკუთრეებს საკომპენსაციო თანხა 3.60 ლარამდე შემცირებული დახვდათ. საკომპენსაციო თანხის შემცირების გამო ზოგიერთმა მესაკუთრემ უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ამჟამად ასაფრენი ბილიკის გასაფართოებელი სამუშაოები მიმდინარეობს 16 მესაკუთრის მიწებზე, მათ შორის მათ საკუთრებაზეც, ვინც ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და, შესაბამისად, არ გადაუცია საკუთრება მშენებელი კომპანიისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, სხვა სამართალდამცავ ორგანოებს, აზიის განვითარების ბანკს (ADB) და ადგილობრივ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, უზრუნველყონ ადგილობრივი მესაკუთრეების უფლებების დაცვა და სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული საქმე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას შეისწავლოს შპს ენგური 2006-ის, შპს დაგი-ს და შპს ნიუ ენერჯის მიერ მოგებული ტენდერები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მზად არის, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს ჩვენს ხელთ არსებული მასალები. 

Author: ეკატერინე ბოკუჩავა