მაჟორიტარი დეპუტატები სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებს არაეფექტურად იყენებენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მაჟორიტარი დეპუტატები სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებს არაეფექტურად იყენებენ

24 ნოემბერი, 2014

 

რაც დრო გადის, მოქალაქეებისთვის სოციალური ქსელები მთავრობის ანგარიშვალდებულების კონტროლისა და საკუთარი საჭიროებების ხელისუფლებამდე მიტანის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება.  საქართველოში ინტერნეტი უკვე იქცა ინფორმაციის მიღების რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ტელევიზიის შემდეგ. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ინტერნეტის ყოველდღიური მომხმარებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, გვენახა, თუ როგორ იყენებენ მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები სოციალურ ქსელებს თავიანთ ამომრჩევლებთან კომუნიკაციისათვის.

ჩვენ მოვძებნეთ და შევამოწმეთ, თუ რამდენად აქტიურობს თითოეული მაჟორიტარი დეპუტატი სამ სოციალურ ქსელში: Facebook-ზე, Twitter-სა და Youtube-ზე. ჩვენი შეფასება პოსტების განახლების სიხშირეს, გამოქვეყნებული ინფორმაციის დეტალებსა და მოქალაქეების შეკითხვებზე გაცემული პასუხების რაოდენობას ეფუძნება. ჩვენ სოციალური ქსელების მხოლოდ ის გვერდები შევისწავლეთ, სადაც 2014 წელს ერთხელ მაინც მოხდა განახლება, სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო პერიოდისთვის, 2012 წელს შექმნილი გვერდები არ არის ასახული ჩვენს კვლევაში.

რამდენიმე მაჟორიტარი, მაგალითად ეკა ბესელია და თამარ კორძაია, Facebook-ის გვერდს თავიანთი საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად იყენებენ. დავით უსუფაშვილი აქტიურად იყენებს როგორც Facebook-ს, ისე YouTube-ს საკუთარი განცხადებებისა და ინტერვიუების გასაშუქებლად. კვლევამ გვიჩვენა, რომ საერთო ჯამში სოციალური ქსელი, როგორც ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალება, არასაკმარისად არის გამოყენებული. 73 მაჟორიტარიდან მხოლოდ ათი იყენებს აქტიურად Facebook-ს და მხოლოდ ერთი – Youtube-ს. ასევე, მხოლოდ ერთი მაჟორიტარი, თინა ხიდაშელი იყენებს Twitter-ს აქტიურად.

სოციალური ქსელების გამოყენების სიხშირე

კვლევის ფარგლებში ჩვენ აგრეთვე შევისწავლეთ მაჟორიტარების ინდივიდუალური ვებგვერდები, რომლებიც NDI-ს მხარდაჭერით იმისთვის შეიქმნა, რომ მაჟორიტარებს შესაძლებლობა ჰქონოდათ თავიანთი ამომრჩევლისათვის საინტერესო ინფორმაცია გამოექვეყნებინათ. სამწუხაროდ, ამ ვებგვერდებზე განთავსებული ყველა ინფორმაცია 2014 წლის დასაწყისში ჰაკერული შეტევის შედეგად წაიშალა. ამის შემდეგ მხოლოდ ოთხმა მაჟორიტარმა დეპუტატმა აღადგინა პირადი ვებგვერდები და განაგრძო ინფორმაციის გამოქვეყნება.

მიგვაჩნია, რომ ანგარიშვალდებულება და ჩართულობა დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. სოციალური ქსელი არის პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ განათავსონ კითხვები იმ საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ და რის შესახებაც მეტი ინფორმაციის მიღება სურთ. სოციალური ქსელების დახმარებით მთავრობა უფრო ანგარიშვალდებული ხდება, რაც საბოლოო ჯამში უბიძგებს მას ემსახუროს საზოგადოებას და არა – პირად ან პარტიულ ინტერესებს. ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების განსაზღვრა და მათზე რეაგირება შეძლონ.

სამწუხაროდ, სოციალური ქსელების იშვიათი გამოყენებისა და საკუთარი ვებგვერდების გამოუყენებლობის გამო, რთულია მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობაზე ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მაჟორიტარ დეპუტატს, სოციალური ქსელები უფრო ეფექტურად გამოიყენონ და აღადგინონ პირადი ვებგვერდები.

პარლამენტის წევრების მიერ სოციალური ქსელებისა და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების წასახალისებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შექმნა საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდი chemiparlamenti.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეკითხვა დაუსვას დეპუტატს. დასმული შეკითხვა და პარლამენტის წევრის პასუხი საჯაროა.

მაჟორიტარი დეპუტატის სოციალური ქსელების გამოყენების შესახებ სრული მონაცემების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან.

* კვლევაზე ასევე მუშაობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სტაჟიორი ლუკა კალანდარიშვილი.

Author: გიორგი თოფურია