მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები — განახლებადი სია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები — განახლებადი სია

02 ივნისი, 2026

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი (სრული სია ექსელის ფორმატში იხილეთ ბმულზე).

2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც „ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 40 მთავრობის წევრი, 48 დეპუტატი, 20 მოსამართლე და 81 მუნიციპალური დონის მაღალჩინოსანი.

თუ ფიქრობთ, რომ ამ ჩამონათვალში რომელიმე საქმე უნდა დაემატოს, დაგვიკავშირდით ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით (info@transparency.ge).

__________

2026 წელი

315. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის სავარაუდო კორუფცია. მან არ დაადეკლარირა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული მრავალი ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმელი და აქსესუარები, ასევე ოჯახის სამოგზაურო ხარჯები. ჩნდება კითხვები სავარაუდო ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც, რადგან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის შემდეგ ჟორჟოლიანის მეუღლემ ერთდროულად 2 სსიპ-ში დაიწყო მუშაობა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 18.05.2026

314. თბილისში სამშენებლო ნებართვის გაცემის სავარაუდო კორუფციული შემთხვევა

თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აკადემქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო კომპანია 2014 წლიდან ითხოვდა მშენებლობის ნებართვას, რაზეც მერიისგან იღებდა უარს. მდგომარეობა შეიცვალა მაშ შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში კომპანიის მეწილე გახდა კახა კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე, რის შემდეგაც მშენებლობის ნებართვა გაიცა. კორუფციაზე ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტი, რომ სამშენებლო ნებართვის გაცემამდე ცოტა ხნით ადრე კვაჭაძის მეუღლემ კახა კალაძის მეუღლეს 30%-იანი წილი აჩუქა მის ერთ-ერთი კომპანიაში.

წყარო: ტვ პირველი – 16.05.2026

313. მოქალაქეთა საკუთრების უფლების დარღვევა სავარაუდოდ გავლენიანი მფარველობის საშუალებით

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება ბოდბის მონასტრის წარმომადგენელი სასულიერო პირების მიერ მონასტრის მომიჯნავედ მდებარე ქედელის დასახლების მაცხოვრებლების შევიწროება, ქონების დაზიანება და დათმობის იძულება, რაც წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე ან თანამონაწილეობით ხდება. როგორც ჟურნალისტი, ისე დაზარალებული მოსახლეობა გამოთქვამს ეჭვს, რომ მონასტრის წარმომადგენლებს გააჩნიათ პოლიტიკური მფარველი/ები და სარგებლობენ დაუსჯელობის გარანტიით სახელმწიფო უწყებებისგან.

წყარო: მთის ამბები – 14.05.2026; 05.05.2020

312. კორუფციის ნიშნები რაჭაში ჰესების მშენებლობის პროცესში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი და დაგეგმილი 38 ჰესის მშენებლობის გარშემო არსებული კორუფციის ნიშნები. მათი უმრავლესობა ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ეკუთვნის (გოჩა ენუქიძე – „ქართული ოცნების“ დეპუტატი; სულხან პაპაშვილი – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი; გივი გიგინეიშვილი – სახელმწიფო ენერგოსისტემის ყოფილი დირექტორის გიორგი გიგინეიშვილის ძმა; ნანა ყეინიშვილი – „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი), ხოლო დანარჩენი ამ პირებთან დაახლოებულ ბიზნესმენებს (ზაზა ფაჩულია).

წყარო: მთის ამბები – 10.05.2026

311. „ქართული ოცნების“ დეპუტატების დამალული სამოგზაურო ხარჯები

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლის შედეგად გამოჩნდა, რომ მინიმუმ 8 მათგანს არ აქვს დადეკლარირებული ბოლო 2 წელში გაღებული სამოგზაური ხარჯი, რაც ანტიკორუფციული კანონმდებლობის დარღვევაა. ეს დეპუტატები არიან: გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ირაკლი ზარქუა, ირაკლი ჭეიშვილი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, დავით კაჭარავა.

წყარო: ტვ პირველი – 09.05.2026

310. კალაძის მეგობარი დეპუტატის ოჯახის სამშენებლო პროექტები თბილისში

„ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი ბარვენაშვილის გერის მარიამ დოლიძის კომპანიამ საეჭვო გარემოებებში მოიპოვა მშენებლობის ნებართვა თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ზონაში  (ყოფილი “თბოელექტროცენტრალის” (თეც) ტერიტორია). გიორგი ბარვენაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია. ბარვენაშვილის მეუღლე მაია მაისაძე კახა კალაძის მეუღლის ანა არეშიძის ბიზნესპარტნიორნი 2025 წლის ივნისში სწორედ მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ გახდა – ორივე მათგანმა ერთ-ერთი კომპანიის 30%-30% წილი უსასყიდლოდ მიიღეს.

წყარო: სტუდია მონიტორი – 08.05.2026

309. ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მოიგო

პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს „ექსპერტ ჰაუსმა“ 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10,446,411 ლარი მიიღო. შპს „ექსპერტ ჰაუსის“ მფლობელები „ქართული ოცნების“ შემომწირვებელი არიან. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა, ზედამხედველობა გაუწიოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებულ  ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 06.05.2026

308. მორგებული კანონის მიღების სავარაუდო შემთხვევა

2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე დაწესებული აქციზის გადასახადი შემცირდა. აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე სიგარეტს მხოლოდ ერთი კომპანია სს „თბილისის თამბაქო“ აწარმოებს, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენისა და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის ვანო ჩხარტიშვილის ოჯახს ეკუთვნის.

წყარო: სტუდია მონიტორი – 30.04.2026

307. აბასთუმნის თავზე „ცა იკეტება“ – ობსერვატორიისთვის თუ ივანიშვილისთვის?

2026 წლის 16 აპრილიდან კურორტ აბასთუმნის თავზე 52 კმ. დიამეტრზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. აბასთუმანში მდებარეობს „ქართული ოცნების“ მმართველის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია. ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს დასაბუთებულ ეჭვს, რომ აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის რეალური მიზეზი არა იქ არსებული ობსერვატორია, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილია. ცის გადაკეტილ მონაკვეთზე 3 დატვირთული საერთაშორისო საჰაერო ტრასა გადის; ტრასების ცლილების გამო საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ტრანზიტული ფრენებისგან მიღებული სოლიდური შემოსავალი.

წყარო: რადიო თავისუფლება – 15.04.2026

306. აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის სავარაუდო კორუფცია

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ხვიჩა შარაშიძემ, ბიზნესპარტნიორებთან ერთად სამშენებლო ბიზნესი თანამდებობაზე მოხვედრის შემდეგ დაიწყო. ბათუმში რამდენიმე მასშტაბური მშენებლობის პარალელურად ამ პირებმა „ქართულ ოცნებას“ 625,000 ლარი შესწირეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 06.04.2026

305. ელ-ენერგიის იმპორტში ჩასმული შუამავალი კომპანიების კორუფციული სქემა

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია ქვეყანაში ელექტროენერგიის სეზონურ იმპორტთან დაკავშირებული მასშტაბური სავარაუდო კორუფციული სქემა. სქემის მიხედვით, რამდენიმე წლის წინ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის პროცესში გაურკვეველი მიზეზის გამო გაჩნდნენ შუამავალი კერძო კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ყოფილ თანამდებობის პირებთან და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენებთან. სახელმწიფოს მხრიდან შუამავალ კომპანიებთან დადებული კონტრაქტები დაფარულია, რაც აჩენს ეჭვს, რომ შუამავალი კომპანიები რეალურად ელ-ენერგიის ტარიფის ხელოვნურად გაძვირების მიზანს ემსახურება.

წყარო: ტვ პირველი – 04.04.2026

304. ბათუმის საკრებულოს წევრის ინტერესთა შეუთავსებლობა და სავარაუდო კორუფცია

მას შემდეგ, რაც გიორგი ლომთათიძე 2021 წელს ბათუმის საკრებულოს წევრი („ქართული ოცნებიდან”) გახდა, მის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიას, „კომპასი ჯ.კ“, მკვეთრად გაეზარდა სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული კონტრაქტების რაოდენობა (ჯამში 3,848,985 ლარის 14 ტენდერი). შეინიშნება ინტერესთა კონფლიქტი სსიპ „ბათუმის ბულვარისგან“ მიღებულ 2 ტენდერში (ღირებულება 420,878 ლარი), რომელთა სატენდერო კომისიაში მისი მეუღლე იყო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 31.03.2026

303. კორუფციის ნიშნები კახეთში – მოჭრილი კუდიგორის მთა

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე კუდიგორის მთაზე მიმდინარე 2 უკანონო მშენებლობა, რომელთაგან ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის ნათესავებს ეკუთვნის. კორუფციის ნიშნებს შეიცავს ტერიტორიების ტყის ფონდიდან ამოწერის, საბაზრო ფასზე უფრო იაფად პრივატიზებისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის გადაწყვეტილებები, ასევე, შესაბამისი უწყებების მხრიდან უმოქმედობა მშენებლობის დროს გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე.  

წყარო: მთის ამბები – 26.03.2026

302. „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მილიონერი ბიზნესმენებისთვის

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო 10 წლის განმავლობაში 178 მილიონი ლარით დაფინანსდნენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები, აგრეთვე დეპუტატები და პარტიის შემომწირველი ბიზნესმენები, კერძოდ: ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილი; „ქართული ოცნების“ დეპუტატები ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე და ვასილ ჩიგოგიძე; „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან შემომწირველი ბიზნესმენები ზურაბ ჩხაიძე, ლაშა პაპაშვილი და ალექსანდრე ხარებავა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 25.03.2026

301. ახალციხის მერია „ქართული ოცნების“ შემწირველებს კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებინებს

ახალციხეში, რეკრეაციულ ზონაში, ახალციხის ტბის პირველ ზოლში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა „ოცნების“ მსხვილ (160 000 ლარი) შემწირველებს მისცა. ქალაქის მთავარი დასასვენებელი ადგილი ერთი კორპუსის ეზოდ იქცევა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 17.03.2026

300. თაღლითური ქოლ-ცენტრები და „ქართული ოცნება“

ბოლო წლების განმავლობაში, არაერთმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა საქართველოში მასშტაბური დანაშაულებრივი ქსელის, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა. ქოლ-ცენტრები დასავლური ქვეყნების მოქალაქეებს მოტყუების გზით ასობით მილიონ დოლარს სძალავენ. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა პრობლემის არსებობა, და რომ ამ ორგანიზებული დანაშაულის მფარველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მაღალჩინოსანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, სტატიაში მოყვანილი ფაქტების ერთობლიობა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ საქართველოში ქოლ-ცენტრების ინდუსტრია „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით დღესაც ოპერირებს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 09.03.2026

299. რეკეტი ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობით – მეტალურგიული ბიზნესი

ბიზნესმენი დავით მირცხულავა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბიზნესის (მეტალურგიული ქარხანა) რეკეტში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2022 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძის სახელით მასთან რამდენჯერმე მოხდა მუქარის შემცველი კომუნიკაცია კომპანიის დათმობასთან დაკავშირებით. უარის მიღების შემდეგ ბიზნესმენის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მოიმართა ფინანსური პოლიცია (რომელსაც იმ დროს ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირი სოსო რამიშვილი ხელმძღვანელობდა) და სხვა სახელმწიფო უწყებები, რაც მისი დაპატიმრებით დასრულდა. ციხეში მან ბიზნესის დათმობის სანაცვლოდ საპატიმროს დატოვების შეთაბაზება მიიღო, ამჯერად ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირის მიხეილ ჩოხელის სახელით. აღნიშნული რეკეტის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: ტვ პირველი – 07.03.2026

298. ხოჭო ხაჭაპურში, მატლები პაშტეტში, ობი სოსისში – რას მალავს გადახდილი მილიონების შესახებ პენიტენციური სამსახური

კომპანია „ილი ჯგუფი“, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვებიდან 250 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული ციხეებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების კვების უზრუნველყოფისთვის, სისტემატურად იყენებდა უხარისხო საკვებს. კომპანია სავარაუდოდ სარგებლობდა არაფორმალური იმუნიტეტით, რადგან მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მფარველობდნენ.

წყარო: რადიო თავისუფლება – 04.03.2026

297. მთავრობაში მფარველებითა და სახელმწიფო რესურსით აყვავებული ბიზნესი

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველ (500,000 ლარი) ბიზნესმენ ძმებ აბრამიშვილებზე, რომლებმაც სავარაუდოდ პარტიის მაღალჩინოსნებთან კავშირების გამოყენებით (მაგ: ვახტანგ გომელაურთან) 2014 წლიდან შეძლეს ბიზნესების აწყობა და ქონების დაგროვება სახელმწიფო რესურსების საშუალებით. მათმა კომპანიებმა მიიღეს: 87.6 მილიონი ლარის ღირებულების პირდაპირი ან უკონკურენტო სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები, სახელმწიფო ქონება და სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიისგან, სოფლის განვითარების სააგენტოსგან ბიზნესის ასაწყობად 420 ათას ლარზე მეტი, და მცირე ჰესის მშენებლობის ნებართვა.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 25.02.2026

296. იყენებს თუ არა ლაშა ტალახაძე დეპუტატის გავლენებს ბიზნესის საშენებლად

ლაშა ტალახაძე პარლამენტის წევრისთვის კანონით აკრძალულ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს ეჭვს, რომ ტალახაძეს ბეტონის მწარმოებელი კომპანია, „ჩემპიონი ბეტონი“, მხოლოდ ფორმალურად აქვს გაფორმებული მესამე პირზე. გამოძიების თანახმად, ტალახაძე თავად აწერს ხელს კომპანიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და პირდადად არის ჩართული მის საქმიანობაში. ლაშა ტალახაძეს ასევე არ დაუთმია წილის მართვის უფლება კიდევ ერთ კომპანიაში, რაც თანამდებობრივი შეუთავსებლობაა.

წყარო: ტვ პირველი – 21.02.2026

295. რეკეტი ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობით – პარფიუმერული ბიზნესი

ბიზნესმენი ლერი ფხაკაძე (პარფიუმერული კომპანია „ლუტეციას“ 60% წილის მფლობელი) ბიზნესის რეკეტში სდებს ბრალს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფრცხალაძეს. მისი თქმით, 2023 წელს ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირი მას სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო, თუმცა სისხლის სამართლის საქმე მაინც მის წინააღმდეგ აღიძრა. ასევე დაიწყო სასამართლო დავა კომპანიის წილის მფლობელობაზე, რის შედეგადაც სასამართლომ ლერი ფხაკაძის წინააღმდეგ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ფხაკაძის თქმით, მოსამართლეებზე გავლენა მოახდინა ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებულმა პირმა მიხეილ ჩოხელმა. ბიზნესმენი იძულებით არის გაქცეული ქვეყნიდან.

წყარო: ტვ პირველი – 21.02.2026

294. ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორი გიორგი შინჯიკაშვილთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფცია

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის სავარაუდო კორუფციული სქემები, მათ შორის ნეპოტიზმი გარდაბნის მერიაში, ინტერესთა შეუთავსებლობა, უკანონო მშენებლობები, სახელმწიფოსგან საეჭვო გარემოებებში მიღებული დიდძალი ქონება და ამ ქონების დამალვა მესამე პირების (მაგალითად თორნიკე ოსიაშვილი) მეშვეობით.

წყარო: ფორმულა – 14.02.2026; 18.04.2026

293. მოსამართლე დავით მაკარაძესთან დაკავშირებული სავარაუდო ნეპოტიზმი და კორუფცია

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მოსამართლე დავით მაკარაძე, რომელიც მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში უშვებს, თანამდებობაზე სავარაუდოდ მისი სიდედრის, სასამართლო „კლანთან“ დაახლოებული ყოფილი მოსამართლის თამარ ჭანიაშვილის გავლენით მოხვდა. თამარ ჭანიაშვილის ორი ქალიშვილი, მათ შორის დავით მაკარაძის მეუღლე, სასამართლო სისტემასა და თბილისის მერიაში არიან დასაქმებულები, რაც ნეპოტიზმის შესახებ კითხვებს აჩენს. 

წყარო: ტვ პირველი – 07.02.2026

292. სუს-ის ყოფილ უფროს მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევა

ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის მამუკა მდინარაძის პოლიტიკური კარიერის წინსვლასთან ერთად სავარაუდოდ ნეპოტიზმის გზით მთელ რიგ თანამდებობებზე მოხვდნენ მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის, გიორგი გელაშვილის, ოჯახის წევრები; ეს თანამდებობებია: პარლამენტის დეპუტატი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი, სუს-ისა და მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები, თბილისის VII მოწვევის საკრებულოს წევრი და ოზურგეთის მერი. ასევე საეჭვოა გელაშვილების ოჯახის მიერ მოკლე დროში დიდი რაოდენობით ქონების დაგროვება.

წყარო: სტუდია მონიტორი – 29.01.2026

291. თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს მაღალჩინოსნების კორუფცია

ჟურნალისტურმა გამოძიებამ აღმოაჩინა თბილისის ბაღების სააგენტოს მაღალჩინოსნების შალვა ანდღულაძისა (მონიტორინგის სამსახურის უფროსი) და დავით კერესელიძის (საფინანსო სამსახურის უფროსი) სავარაუდოდ კორუფციული გზით დაგროვებული დიდძალი ქონება, რომელიც მათ მესამე პირებზე (ნათესავებზე) აქვთ გაფორმებული. „ტვ პირველის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ანდღულაძე და კერესელიძე პროკურატურის მიერ დაწყებული კორუფციული გამოძიების ბრალდებულები არიან.

წყარო: ტვ პირველი – 24.01.2026

_________________________________________________________

2025 წელი

290. ადიგენელ ბიზნესმენთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციის შემთხვევა

ადიგენში, სოფელ ბოლაჯურის მკვიდრს, ჯაბა ჩხიტუნიძეს, რომელიც  2012 წელს, ძმასთან ერთად, საკუთარ სოფელში „ქართული ოცნების“ ოფისს ხელმძღვანელობდა (და ოფისიც საკუთარ სახლში ჰქონდათ გახსნილი), სახელმწიფოსგან ჯერ 29 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა პირდაპირი პრივატიზების ფორმით მიიღო, შემდგომ სახელმწიფომ საწყობის ასაშენებლად – 497,961  ლარი, ნარგავებისთვის – 70,000-მდე ლარი და ოთხი შეღავათიანი აგროკრედიტი – 103,551 ლარის ოდენობით დაუფინანსა. ბოლოს, აქ მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით ძალოვანი სტრუქტურების მომარაგებაზე, ბოლო ორწელიწადნახევარში, ჯამში, 15,033,529 ლარის სახელმწიფო შესყიდვებიც მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 29.12.2025

289. საჯარო მოხელეობიდან მილიონერამდე: ოთარ დანელიას გამდიდრების ანატომია

ჟურნალისტური გამოძიება მიმოიხილავს ყოფილი ბიზნესომბუდსმენის ოთარ დანელიას გამდიდრების ისტორიას და ასახელებს რამდენიმე საეჭვო გარემოებას, როგორიცაა: უძრავი ქონებისა და ბიზნეს წილების შეძენა-გასხვისების დროს საეჭვო ღირებულებებების დაფიქსირება, დაუდეკლარირებელ ქონების არსებობა, სავარაუდოდ ხელოვნურად დაბალი სარემონტო ხარჯების დეკლარირება, ოჯახის წევრისგან მიღებული სოლიდურ საჩუქარი და ა.შ., რაც შესაძლოა კორუფციაზე მიუთითებდეს.

წყარო: სტუდია მონიტორი – 26.12.2025

288. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კოლუზიის სავარაუდო შემთხვევები

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია კახეთისა და ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კოლუზიის სქემა: ორი კომპანია შეთანხმებულად მონაწილეობს ტენდერში; ერთი კომპანია საწყის ფასთან მიახლოებულ შეთავაზებას აფიქსირებს, ხოლო მეორე – გაცილებით იაფ შეთავაზებას, რის გამოც იმარჯვებს. თუმცა, მეორე კომპანია განზრახ უშვებს ტექნიკურ შეცდომას სატენდერო დოკუმენტაციაში და ენიჭება დისკვალიფიკაცია, რის შედეგადაც გამარჯვებულად რჩება პირველი „ძვირიანი“ კომპანია. საბოლოო ჯამში, გამარჯვებული კომპანია ქვეკონტრაქტორად ქირაობს დისკვალიფიცირებულ კომპანიას და მაღალ ფასად მოპოვებულ სახელმწიფო კონტრაქტს უნაწილებს მას.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 14.12.2025

287. უცხოელი ინვესტორის თვალით დანახული კორუფცია „საქართველოს რკინიგზაში“

მედიასაშუალება ბიემჯისთვის მიცემულ ინტერვიუში ესტონელი ინვესტორი ოლეგ ოსინოვსკი „საქართველოს რკინიგზაში“ არსებულ კორუფციაზე საუბრობს. მისი თქმით: „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ალბათ, საქართველოს რკინიგზაში კორუფციის დონე უბრალოდ კოსმოსური იყო. ეს არ იყო საქართველო, ეს იყო ზიმბაბვე. ყველაფრის მოპარვა შეიძლებოდა. ანუ, კორუფციის დონე ტენდერებში კატასტროფული იყო. ფასები რამდენჯერმე იზრდებოდა. ყიდულობდნენ პროდუქტებს, რომლებიც არ იყო საჭირო. უბრალოდ მოიგონეს პროდუქტები, რომ მოეპარათ.“ მისი თქმით, კრინიგზაში არსებული კორუფციის შესახებ მათ გენერალურ პროკურატურას რამდენჯერმნე მისწერეს.

წყარო: ბიზნეს მედია ჯორჯია (BMG) – 14.12.2025

286. კორუფციის კვალი: ვისგან იყიდა წამლის ეროვნულმა ლაბორატორიამ მილიონობით ლარის აპარატურა?

ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა კორუფციის ნიშნები 2023 წელს გახსნილი წამლის ეროვნული ლაბორატორიისთვის აპარატურის შეძენის პროცესში. გამოძიების თანახმად, შეძენილ იქნა ლაბორატორიის მიზნებისთვის (წამლის ხარისხის კონტროლი) შეუსაბამო აპარატურა საბაზროზე გაცილებით უფრო მაღალ ფასად. აპარატურის ადგილობრივი დისტრიბუტორი 2-ვე კომპანია „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებთან (ირაკლი ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რატი ბრეგაძე) არიან დაკავშირებული და პირდაპირ მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროსთვის ხელოვნურად გაძვირებული მრტ აპარატის მიყიდვის ანალოგიურ კორუფციულ სქემაში.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 13.12.2025; 04.03.2026

285. „ქართული ოცნების“ დეპუტატის საინვესტიციო დავალიანების სავარაუდოდ კორუფციული გზით ჩამოწერის შემთხვევა

ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოთქმულია ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი სავარაუდოდ დაეხმარა „ქართული ოცნების“ დეპუტატის ილია ინჯიას კომპანია „სისტემ ნეტს“ შეუსრულებელი საპრივატიზებო პირობის (თბილისში, კრწანისში მდებარე 17 ათასი კვ.მ მიწაზე 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და 10 მილიონი ლარის ინვესტირება) შედეგად დაგროვილი 3.5 მილიონი ლარის დავალიანების ჩამოწერაში (ხელმომწერი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი), რის შემდეგაც პრივატიზებულ მიწაზე კომპანიის მიერ აშენებულ სასტუმროში მამაცაშვილმა 20 ბინა იყიდა.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 12.12.2025

284. პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს

სტატიაში საუბარია შესაძლო კორუფციულ სქემაზე, რომლის ფარგლებშიც აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანმა მაიზერ ხვარეშიამ, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისა და გაუმჭვირვალე კორპორაციული გადაფორმებების გამოყენებით დამალა სწრაფად დაგროვებული ქონება და მონაწილეობა ბათუმსა და ქუთაისში მსხვილ სამშენებლო პროექტებში. გამოძიების მიხედვით, მისი პენსიონერი დედის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა შეიძინეს ძვირადღირებული მიწები, მიიღეს სამშენებლო ნებართვები და დაიწყეს საცხოვრებელი კომპლექსების განვითარება იმ პერიოდში, როდესაც ხვარეშია დროებით აღარ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მოგვიანებით კი კვლავ მაღალ თანამდებობაზე დაბრუნდა. გამოძიება კითხვებს აჩენს პროექტების დაფინანსების წყაროებთან და შესაძლო დაუდეკლარირებელ ქონებასა და შემოსავლებთან დაკავშირებით.

წყარო: ბათუმელები – 09.12.2025

283. პოლიციის მაღალჩინოსნის საეჭვო გამდიდრების საქმე

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პოლიციის მაღალჩინოსნის შალვა ბარელაძის ოჯახმა ბოლო 3 წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით ქონება დააგროვა, რაც კორუფციის ეჭვებს აღძრავს. ამ პერიოდში, მისი შვილების საკუთრებაში სესხის გარეშე გაჩნდა დიდი რაოდენობით ძვირადღირებული ბინები, სახლები და მანქანები.

წყარო: ტვ პირველი – 29.11.2025

282. სახელმწიფო ქონების მორგებული პრივატიზაციის სავარაუდო შემთხვევა

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ შეწყდა 2024 წლის ზაფხულში მანამდე ტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობის პრივატიზების აუქციონი, მიუხედავად იმისა, რომ ის კონკურენტული იყო და 136 ბიჯი ფიქსირდებოდა, რის შემდეგაც ხელახლა გამოცხადებულ აუქციონში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის შვილმა გაიმარჯვა.

წყარო: ტვ პირველი – 22.11.2025

281. პოლიტიკური კორუფცია: „ქართული ოცნების“ 2025 წლის სექტემბრის შემოწირულებები

2025 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შეწირა. შემომწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 12.11.2025

280. ახალციხის საკრებულოს წევრების სავარაუდო კორუფცია

2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24,811,129 ლარი მიიღეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 28.10.2025

279. ბათუმის ცენტრში 5 სართული უკანონოდ ააშენეს – მერია დუმს

ბათუმში, ქალაქის ცენტრში, ბათუმის მერიიდან ზუსტად ერთ კვარტალში, სამშენებლო კომპანია შპს „ელ ქსელმა“ 8 სართულიან შენობაზე უკანონოდ დააშენა კიდევ 5 სართული. მშენებლობის ნებართვა 8 სართულზეა გაცემული. თუმცა, კორპუსი უკვე 13 სართულიანია. არცერთი პასუხისმგებელი უწყება – არც ბათუმის მერია და არც ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია არ პასუხობს კითხვას, როგორ მოახერხა კომპანიამ ქალაქის ცენტრში 5 სართულის უკანონოდ აშენება.

წყარო: ბათუმელები – 10.10.2025

278. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის სავარაუდო კორუფცია

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ 2021 წლის დეკმებრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით გახარჯა 48,007 ლარის 17,037 ლიტრი (17 ტონა) საწვავი. საწვავის ეს ოდენობა ავტომობილს საშუალოდ ეყოფა 212,500 კილომეტრის გასავლელად, რაც დედამიწისათვის ხუთჯერ შემოვლის ტოლფასია. 2023 წლის მაისში „ფლანგვის დეტექსტორის“ მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრმა ზურაბ მესხმა, სიძის ჯერ „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად, ხოლო შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,568,800 ლარის შესყიდვები მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 10.10.2025; ფლანგვის დეტექტორი – 12.05.2023

277. პოლიტიკური კორუფცია: „ქართული ოცნების“ 2025 წლის ივლისი-აგვისტოს შემოწირულებები

2025 წლის ივლის-აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ 3.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 274 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს, 2016 წლიდან კი – 1 მლრდ ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 03.10.2025

276. ყოფილი მოსამართლე მმართველი პარტიიდან მომდინარე სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მას დაემუქრნენ, რომ „ტვინს გაასხმევინებდნენ“, თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე არ გამოიტანდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურდა. ის ამას 2022 წელსაც ყვებოდა: უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძემ „მთავარი არხთან“ ინტერვიუში მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. ალავიძის განცხადებით, რიგ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებისგან კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების შეთანხმებას მოითხოვდა. ბესარიონ ალავიძის განცხადება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა. გოგაშვილმა განაცხადა, რომ სუს-მა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა.

წყარო: 2022 წლის ინტერვიუ ბესარიონ ალავიძესთან – 03.10.2025; ტვ პირველი – 02.10.2025; ფორმულა – 28.05.2024; სოსო გოგაშვილის განცხადება – 20.09.2022; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 22.09.2022

275. კულტურის მინისტრის სავარაუდო კორუფცია

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანია „თიხარტმა“, რომელშიც თინათინ რუხაძე მინისტრად დანიშვნამდე დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ კონსულტანტად იყო დასაქმებული, მხოლოდ 2025 წლის სექტემბერში 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები პირდაპირი შესყიდვის პროცედურით მიიღო კონცერტებისა მოსაწყობად.

წყარო: ტვ პირველი – 27.09.2025

274. „ქართული ოცნების“ დეპუტატის უკანონო მშენებლობა ბათუმში

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონია ბათუმში მერიის შენობის პირდაპირ არსებული შენობის თავზე ორ სართულს 2023 წლიდან უკანონოდ აშენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა უკანონოდ ცნო და დეპუტატის კომპანია შპს „სახლი ძველ ბათუმში“ დააჯარიმა, გიორგი ჭყონიამ მშენებლობა გააგრძელა და ინსპექციის გადაწყვეტილება სასამართლოს გზით შეაჩერა.

წყარო: ბათუმელები – 17.09.2025

273. „საქართველოს რკინიგზაში“ არსებული სავარაუდო კორუფციული სქემები

„საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი რკინიგზაში დიდ კორუფციას ამხელს. მისი თქმით: ფასის არ მქონე ტექნიკის საფარქვეშ კრინიგზის სამეთვალყურეო საბჭომ 18 მილიონი ლარის ღირებულების მოწყობილობები ჩამოწერა, მათ შორის ვარგისი რელსები.; დაზიანებული შტადლერის მატარებლის კაბინის შესაკეთებლად თითქმის 5 მილიონი ლარი გადაიხადეს, მაშინ როცა მისი რემონტის რეალური ღირებულება 200,000 ლარს არ აღემატებოდა; 62 მილიონი დოლარი დაიხარჯა უხარისხო რელსების შესყიდვაზე; 15 მილიონი ლარი გამოიყო ფოთში მშენებლობისთვის, რომელიც რეალურად არ შენებულა. მან შესაბამისი განცხადება სუს-ში შეიტანა.

წყარო: ფორმულა – 15.09.2025

272. აჭარაში უკონკურენტო აუქციონებში გამარჯვებულებმა მილიონ ლარზე მეტი შეწირეს „ქართულ ოცნებას“

2022-2024 წლებში აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით 40 აუქციონი გაიმართა, რომელთაგან 28 აუქციონი უკონკურენტოდ შედგა და მათში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან –სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,050,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. შემწირველებმა უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონებზე 15,023,700 ლარის ღირებულების ქონება შეიძინეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 12.09.2025

271. საჩუქრების გამოყენებით უკანონო შემოსავლის დამალვის სავარაუდო სქემა

2024-2025 წლებში თანამდებობის პირებმა ოჯახის წევრებისგან 34 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები დაადეკლარირეს. იმის გამო, რომ კანონი თანამდებობის პირებს არანაირ შეზღუდვას ან კონტროლს არ უწესებს ოჯახის წევრებისგან მიღებულ საჩუქრებზე, არაკეთილსინდისიერი თანამდებობის პირისთვის მარტივია უკანონო შემოსავალი გაასაღოს ოჯახის წევრისგან მიღებულ საჩუქრად. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ანალიზმა ბოლო 2 წელში ასეთი სავარაუდო შემთხვევები მრავლად გამოავლინა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 11.09.2025; 09.10.2025

270. ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილის სავარაუდო კორუფცია

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელს თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვს – ის პირდაპირ და მრავალგზის არღვევს საჯარო მოხელისთვის დაწესებულ შეზღუდვებს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნიკოლოზ კვეზერელს კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დაუთმია წილის მართვის უფლება 12 კომპანიაში.

წყარო: ბათუმელები – 22.08.2025

269. ბიძინა ივანიშვილის ძმის სავარაუდოდ კორუფციული გზით მოპოვებული სამშენებლო ნებართვა

2022 წელს ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა საეჭვო გარემოებებში (ფიქტიური ზეგავლენის დასკვის წარდგენა), სავარაუდოდ მისი გავლენების გამოყენების შედეგად, თბილისის მერიისგან შეძლო ყაზბეგის გამზირზე მდებარე საბავშვო ბაღის ჯერ დანგრევის ხოლო შემდეგ 10 სართულიანი შენობის მშენებლობის ნერბართვის მოპოვება. ამის შემდეგ მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანია მან მალევე 2.7 მილიონ დოლარად გაყიდა. მშენებლობამ მომიჯნავედ მდებარე 15 სართულიანი შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 02.08.2025

268. „ქართული ოცნების“ შემომწირველების კომპანიამ ₾96 მილიონზე მეტის ტენდერები მოიგო და სამუშაოები არ შეასრულა

გამოძიების თანახმად, შპს „გზებმა“, რომლის მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 110,000 ლარი შესწირეს, 96 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერები მოიგო. კომპანიამ მსხვილი ტენდერების სამუშაოები 1-2 წლის დაგვიანებით ან საერთოდ არ შეასრულა, რაც კორუფციის კუთხით კითხვებს ბადებს.

წყარო: ფლანგვის დეტექტორი – 01.08.2025

267. პოლიტიკური კორუფცია „ქართული ოცნების“ შემოწირულებებში

კვლევაში აღწერილია პარტიულ შემოწირულებებთან დაკავშირებული მასშტაბური პოლიტიკური კორუფციის სქემა. 20205 წლის პირველ ნახევარში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მილიონი ლარის შემოწირულებები მიიღო. მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. 2024 წლიდან, დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო. სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 31.07.2025

266. სენაკის მერმა თავისი მეგობრის და ბიზნესპარტნიორის მამას 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა

შპს "აფოსთვის", რომელსაც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ყოფილი ბიზნესპარტნიორის და მეგობრის, გიორგი აფაქიძის მამა, ამირან აფაქიძე ფლობს, ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სენაკის მერიაა. მხოლოდ ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, 2021 წლიდან დღემდე, შპს “აფომ" სენაკის მერიისგან 5,293,214 ლარის ღირებულების 20 ტენდერი და 1,821,626 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 29.07.2025

265. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56 მლნ ლარი მიიღო

2014-2024 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა 56 მლნ ლარი მიიღეს, 25 მლნ ლარი მხოლოდ 2024 წელს მიიღეს, რაც ამ წლის სოფლის მეურნეობის პროგრამების მთლიანი ბიუჯეტის 13% იყო. ამავე დროს, კარიჭაშვილის კომპანიებმა და კომპანიების დირექტორებმა „ქართულ ოცნებას“ 783 ათასი ლარი შესწირეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 24.07.2025

264. პარტიული აქტივის დასაქმების სქემა ბიუჯეტის ხარჯზე

კვლევა აღწერს, თუ როგორ გამოიყენება 2022 წელს დაწყებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა, რომელზეც წელიწადში 100 მილიონი ლარი იხარჯება, ფიქტიური სამუშაო ადგილების შესაქმნელად. პროგრამა არაფორმალური დასაქმების სისტემად ჩამოყალიბდა, რათა მმართლველ პარტიას პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ ბიუჯეტის ხარჯზე ხელფასების გაცემას შეეძლოს.

წყარო: ფლანგვის დეტექტორი – 22.07.2025

263. სომხურ სატვირთო მანქანებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ნებართვისთვის 1500 დოლარს სთხოვენ

სომხეთში თხევადი ნავთობის აირის (LPG) ფასები 50%-მდე გაიზარდა, რადგან სომხურ სატვირთო მანქანებს, რომლებიც თხევადი აირის გადაზიდვას ახორციელებენ, რუსეთიდან საქართველოში შემოსვლაში ხელი ეშლებათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უარყოფენ, რომ სატვირთო მანქანებს ხელი ეშლებათ, სატვირთო მანქანების მძღოლები აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ ქვეყანაში შესვლის ნებართვის მისაღებად 1500 დოლარამდე ქრთამი გადაიხადონ.

წყარო: OC Media – 18.07.2025

262. ჰესების ციებ ცხელება – კორუფციის ნიშნები მცირე და საშუალო ზომის ჰესების მშენებლობის ნებართვებში

ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში 200-მდე მცირე და საშუალო ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა, ამ ნებართვების უმეტესოა მიიღო პარტიის წევრებმა და თანამდებობის პირებმა ან მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა: 1. გოჩა ენუქიძე – „ქართული ოცნების“ დეპუტატი; 2. დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დავით სონღულაშვილი, როგორც მინისტრი, თავად არის პასუხისმგებელი ნებრათვების გაცემაზე, რომელსაც მისი ძმა და მამა იღებენ, და თავად არის მაკონტროლებელი, რომ ჰესებმა გარემოს ზიანი არ მიაყენონ. ეს კი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ნიშნებს შეიცავს; 3. ალექსანდრე ჭიკაიძე – ყოფილი შსს მინისტრი; 4. ვიქტორ ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ დეპუტატი; 5. კახა საბანაძე – შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე; 6. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი – სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე,; 7. ბიჭიკო პაიკიძე – ვანის საკრებულოს წევრი და სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნათლია.

წყარო: მთის ამბები – 11.07.2025; 10.05.2026

261. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის ოჯახის დაუდეკლარირებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაარღვია ქონების დეკლარირების წესი. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მას მეტწილად ცარიელი აქვს, მაშინ როდესაც ის დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მას უნდა დაედეკლარირებინა იმ ოჯახის წევრების შესახებ სრული ინფორმაცია ვისთან ერთადაც ცხოვრობს.

წყარო: ტვ პირველი – 05.07.2025

260. თბილისის მერიისა და საკრებულო მაღალჩინოსნების მეუღლეებთან დაკავშირებული სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევები

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ არიან თბილისის საკრებულოსა და მერიის მაღალჩინოსნების მეუღლეები სავარაუდოდ ნეპოტიზმის გზით დასაქმებულები საჯარო სამსახირში: 1. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ აბაშიძის მეუღლე – დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; 2. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ახვლედიანის მეუღლე – თბილისის სატრანსპორტო კომპანია; 3. საკრებულოს წევრის შალვა ოგბაიძის მეუღლე – ქართული სპორტის მუზეუმი; 4. გლდანის გამგებლის ბესიკ კალაძის მეუღლე – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

წყარო: ტვ პირველი – 05.07.2025

259. სანქცირებული სულხან თამაზაშვილის უკანონო მშენებლობა და არადეკლარირებული ქონება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2,887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 04.07.2025

258. ბიზნესმენი კორუფციაში ამხელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შსს-ს

ბიზნესმენი დიმიტრი კონთხონჯია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შსს-ს მაღალჩინოსანს ქრთამის მოთხოვნაში ამხელს. ბიზნესმენის თქმით, მის წინააღმდეგ არსებული ძველი გამოძიების ჩასაფარცხად საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელმა და შსს-ს მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობას ის არ ასახელებს, მას 400,000 დოლარი სთხოვეს.

წყარო: ტვ პირველი – 28.06.2025

257. ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სავარაუდო კორუფცია

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გამრეკელს თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვს – ის თანამდებობის პირისთვის აკრძალულ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. კერძოდ, გამრეკელს კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დაუთმია წილის მართვის უფლება 3 კომპანიაში, რომლებისგანაც, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მან 2024 წელს 3 480 000 ლარი მიიღო. ლევან გამრეკელმა 2022-2024 წლებში, 14 მიწის ნაკვეთი, 5 სახლი და 15 ავტომობილი შეიძინა.

წყარო: მოზაიკა – 23.06.2025

256. კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის სავარაუდო კორუფცია

კულტურის მინისტრად დანიშნვამდე 2023 წელს თიკა რუხაძემ მისი მეგობრის კომპანიისგან 260,000 ლარი ანაზღაურება მიიღო როგორც მრჩეველმა. ამ კომპანიას ბოლო წლებში 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები აქვს მიღებული, ძირითადად თბილისის მერიისგან, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში. ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს ეჭვს, რომ თიკა რუხაძემ შესაძლოა კორუფციული გზით მოუპოვა პირდაპირი კონტრაქტები მისი მეგობრის კომპანიას, რომელმაც შემდეგ მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მას მრჩევლის ანაზღაურების სახით გადაურიცხა.

წყარო: ტვ პირველი – 21.06.2025

255. ბიძინა ივანიშვილმა ქონება არ დაადეკლარირა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს ქონებრივი დეკლარციის შევსება უწევდა. ეს ვალდებულება მას არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის გამო წარმოეშვა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ივანიშვილს არ შეუვსია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამით მან ცალსახად დაარღვია კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კანონი.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 20.06.2025

254. გდდ-ს ყოფილი უფროსის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ გადამალული ქონება

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ზვიად ხარაზიშვილს დიდი რაოდენობით უძრავი ქონება, 2 ძვირადღირებული კერძო საცხოვრებელი სახლი და მრავალი ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები მშობლებსა და სხვა ნათესავებზე აქვს გაფორმებული.

წყარო: ფორმულა – 14.06.2025

253. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებული სავარუადო კორუფცია

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას სიდედრმა ლია ლომსაძემ თბილისში მის კუთვნილ მიწაზე მაშინ მოიპოვა საეჭვო მშენებლობის ნებართვა (რაც იმ ზონაში არ უნდა გაცემულიყო), როდესაც ირაკლი ზარქუა თბილისის მერიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. აღნიშნული ნებართვიანი მიწა ლია ლომსაძემ შემდეგ სარფიანად გაყიდა კომპანიაზე, რომელსაც ფლობს ნუკრი ლიპარტაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილის ნათესავი.

წყარო: ტვ პირველი – 07.06.2025

252. სავარაუდო ნეპოტიზმი სახელმწიფო კომპანია „საქრუსენერგოში“

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ არიან, ან ბოლო პერიოდამდე იყვნენ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ნათესავები სავარაუდოდ ფიქტიურად დასაქმებული სახელმწიფო კომპანია „საქრუსენერგოში“: 1. ლექსო თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ყოფილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა; 2. რამაზ ყორანაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა; 3. გიორგი შოთაძე – ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ძმა; 4. ნუგზარ ჩიქოვანი – თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის მამა. სიუჟეტში ნახსენებია კიდევ რამდენიმე ადამიანი.

წყარო: ტვ პირველი – 07.06.2025

251. თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ვიქტორ წილოსანის დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ სავარაუდოდ როგორ მალავს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ უფროსი ვიქტორ წილოსანი ძვირადღირებულ ქონებას საკუთარი 22 წლის შვილის გამოყენებით. საუბარია 500,000 დოლარად შეძენილ 3 მიწის ნაკვეთზე თბილისში, ლილის ტბასთან, რომელთაგან ერთ-ერთზე უკვე აშენებულია ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი. ვიქტორ წილოსანის შვილი ადასტურებს, რომ ქონებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მამამისი იღებდა. იკვეთება ინტერესთა კონფლიქტიც, რადგან ლისის ტბასთან განაშენიანებისთვის საჭირო ნებართვის გაცემა სწორედ ურბანულ სამსახურს ეხებოდა. შვილის სახელზეა გაფორმებული წილები რამდენიმე კომპანიაშიც, მათი შორის ერთ-ერთი კომპანიის (შპს წერტი) 50%-იანი წილი მან უსასყიდლოდ მიიღო.

წყარო: ტვ პირველი – 31.05.2025

250. ფიქტიური სამუშაო ადგილები ოცნების ყოფილი დეპუტატებისთვის

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები სავარაუდოდ ფიქტიურად დასაქმებული მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიებში: 1. ლუკა კურტანიძე – გაზისა და ნავთობის კორპორაცია, ასევე მისი შვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში და სიძე საქრუსენერგოში; 2. ზურაბ ზვიადაური – გაზისა და ნავთობის კორპორაცია; 3. ზაქარია ქუცნაშვილი – გარდაბნის თბოსადგური.

წყარო: ტვ პირველი – 31.05.2025

249. სუს-ის ყოფილი უფროსის და ყოფილი გენერალური პროკურორის გადამალული, დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის დაუსაბუთებელი უძრავი ქონება თბილისში, მზიურის პარკში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ძმის კომპანიას ეკუთვნის. გრიგოლ ლილუაშვილი ამ შენობაში მდებარე 300 კვ.მ ბინაში ცხოვრობს, ხოლო გიორგი გაბიტაშვილი იმავე შენობაში მდებარე 200 კვ.მ ბინაში. ორივე ბინა ოფიციალურად დავით სონღულაშვილის ძმის კომპანიას ეკუთვნის. ბინები თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში არც ლილუაშვილს და არც გაბიტაშვილს არ შეუტანია. სავარაუდოა, რომ საქმე გვაქვს ძვირადღირებული ქონების გადამალვის სქემასთან.

წყარო: ტვ პირველი – 24.05.2025

248. გადაზიდვის ტარიფის ხელოვნურად გაზრდის სავარაუდო კორუფციული სქემა „საქართველოს რკინიგზაში“

ტვ პირველის გადაცემა „რეაქციისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლევან ხაბეიშვილი, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, საუბრობს „საქართველოს რკინიგზაში“ არსებულ სავარაუდო მასშტაბურ კორუფციულ სქემაზე, თუ როგორ ხდება შუამავალი პირების (ვაჟა ხარაბაძე) გამოყენებით სარკინიგზო გადაზიდვების საფასურის ხელოვნურად გაზრდა, რის შედეგადაც ხდება კორუფციული გზით მოპოვებული რამდენიმე ასეული მილიონი ლარის მითვისება.

წყარო: ტვ პირველი – 20.05.2025

247. სენაკის მერმა თავისი ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიებს 38 მილიონ ლარზე მეტი ტენდერები მოაგებინა

სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ – სს „არქეოპოლისმა“ ვახტანგ გადელიას მერად არჩევის შემდეგ, სენაკის მერიისგან 32,248,784 ლარის ღირებულების 17 ტენდერი მოიგო. აქედან 14 ტენდერში კომპანიას საერთოდ არ ჰყოლია კონკურენტი, ხოლო 3 შემთხვევაში მისი ერთადერთი კონკურენტი შპს „ინდიკო“ იყო, რომლის მფლობელიც მერის ბიძაშვილი, იოსებ გადელიაა. გადელიას მერად არჩევის შემდეგ შპს „ინდიკომ“ 5,845,170 ლარის ღირებულების 3 ტენდერში გაიმარჯვა. ვახტანგ გადელია წარსულში თავადაც იყო სს „არქეოპოლისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო მისი მოადგილე, ნანა ზარანდია, ამ კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 19.05.2025; 04.04.2023; 13.05.2022; აი, ფაქტი / ifact – 09.12.2025

246. ფიქტიური დასაქმება თბილისის მერიაში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რამდენიმე მომღერალი და მსახიობი (თაკო გაჩეჩილაძე, თემურ თათარაშვილი, თამარ აბზიანიძე, ზუკა ხუციშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, კოტე მჟავია) სავარაუდოდ ფიქტიურად დასაქმებული დიდ დიღომში გახსნილ თბილისის ახალ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში. მათ ხელფასზე წლიურად 150,000 ლარი იხარჯება.

წყარო: ტვ პირველი – 17.05.2025

245. მწერალთა კავშირის მითვისებული ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ გაფლანგა და მიითვისა წლების განმავლობაში მწერალთა კავშირის მნიშვნელოვანი რაოდენობის უძრავი და მოძრავი ქონება მისმა თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა.

წყარო: ტვ პირველი – 10.05.2025

244. ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა ადიგენის მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, 2017-2025 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებით 2,189,863 ლარი მიიღეს, აქედან 1,713,942 ლარი (78.2%)  პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხათ. არის შემთხვევები, როდესაც ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოებს ისე იბარებს, რომ  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 05.05.2025

243. თბილისის მერის მოადგილის დამალული, დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე სავარაუდოდ ფარულად ფლობს 1.2 მილიონი ლარის ღირებულების სასახლეს ბეთანიაში, რომელიც ფორმალურად თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, თამარ მელიქიშვილის სახელზეა რეგისტრირებული.

წყარო: „ტვ პირველი“ – 03.05.2025

242. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის ნათესავის სავარაუდო კორუფცია

დეპუტატ ნინო წილოსანის ნათესავმა, ომარ ხატიაშვილმა, 2018 წელს სახელმწიფო აუქციონზე სიმბოლურ ფასად — 5 ლარად კვ.მ-ზე — შეიძინა 30,000 კვ.მ-მდე მიწა კახეთში, კუდიგორის მთაზე. ხატიაშვილის კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულები, რაც მას მთავრობამ 2023 წელს აპატია და ვადა გაუხანგრძლივა. ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს ეჭვს, რომ აღნიშნული ქონება სინამდვილეში ნინო წილოსანს ეკუთვნის, რადგან საჯარო წყაროებით არ ჩანს, თუ საიდან შეიძლებოდა ომარ ხატიაშვილს ჰქონოდა ქონების შესაძენად და ინვესტიციის ჩასადებად საჭირო სახსრები.

წყარო: „ტვ პირველი“ – 03.05.2025

241. თბილისში სამშენებლო ნებართვა გაიცა მხოლოდ მას შემდეგ რაც კომპანიის მეწილე ივანიშვილის ნათესავი გახდა

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისში, ალექსიძის ქუჩა #9-ში, მრავალსართულიანი კორპუსის სამშენებლო ნებართვა მას შემდეგ გაიცა, რაც კომპანიის მეწილე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა, თამაზ ხარაიძე გახდა. მას კომპანიის 5%-იანი წილი აჩუქეს. მანამდე მერია მრავალი წლის განმავლობაში (2010 წლიდან) უარს აცხადებმა იმავე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართის გაცემაზე.

წყარო: ტვ პირველი – 26.04.2025

240. ვიქტორ ჯაფარიძესთან დაახლოებული პირის კომპანიამ მესტიაში 17 მილიონ ლარამდე ტენდერები მოიგო

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახთან დაახლოებული პირის, დავით ჩართოლანის კომპანიამ - შპს „ქორულდმა“ მესტიის მერიისგან 2021-2024 წლებში 16,856,815 ლარის ტენდერები კონკურენციის გარეშე, კონკურენტების დისკვალიფიკაციის გზით მიიღო, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მესტიის მერია და კომპანია წინასწარ ურიგდებიან ერთმანეთს. დავით ჩართოლანი 2012 წელს ბოლნისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 24.04.2025

239. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ჭყონიამ არჩევნების შემდეგ 37 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო

„ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 5 სახელმწიფო შესყიდვიდან  37,095,628 ლარი მიიღო. ჯამურად, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში 392 მილიონ ლარამდე მიიღო. ჭყონიამ 2016 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას” 400,000 ლარი შესწირა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და კომპანიების დირექტორებმა – 1,000,000 ლარზე მეტი.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 16.04.2025

238. ე.წ. „სკლინტიანი რძის“ სკანდალი – სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილება მთავრობის კრიტიკის გამო

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა საეჭვო გარემოებებში მოუგო 4.7 მილიონი ლარის მოცულობის მსხვილი სასამართლო დავა ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძეს, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებიდან 2 კვირით ადრე ღიად გააკრიტიკა პროევროპული აქციების ძალადობრივი გზით დაშლა. სასამართლომ იგივე დავა პაპაშვილს რამდენიმე წლის წინ არ დაუკმაყოფილა. ამჯერად კი მოსამართლემ გადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში, 7 დღეში მიიღო. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და რომ მოსამართლე ლაშა პაპაშვილის კომპანიის მიმართ იყო მიკერძოებული.

წყარო: „რადიო თავისუფლება“ – 31.03.2025

237. საირმის ფეოდალი თემურ კოხოძე

ჟურნალისტური გამოძიება აღწერს, თუ როგორ ართმევს მიწებს მილიონერი ბიზნესმენი თემურ კოხოძე საირმის ადგილობრივ მაცხოვრებლებს სახელისუფლებო კავშირების გამოყენებით. კერძოდ, ის იყენებს პროკურატურას, სატყეო სააგენტოსა და მუნიციპალიტეტს, რათა ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაუუქმდეს მიწის რეგისტრაცია და ისინი თაღლითებად გამოცხადდნენ.

წყარო: „მთის ამბები“ – 31.03.2025

236. შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის დაუსაბუთებელი ქონება და დამალული ბიზნესი

გამოძიების მიხედვით, გიორგი იოსებიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ქონების დაგროვება მოახერხა, რისი დიდი ნაწილიც პენსიონერი მშობლების სახელზე დაარეგისტრირა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იოსებიძის შემოსავალი მხოლოდ ხელფასია, რაც არ უნდა ყოფილიყო საკმარისი ამ ქონების შესაძენად. ამასთან, პენსიონერი მამის სახელზე ასევე რეგისტრირებულია დაცვის კომპანია, რაც გამოძიების ვარაუდით, ასევე გიორგი იოსებიძეს ეკუთვნის.

წყარო: ტვ პირველი – 08.03.2025

235. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის დაუსაბუთებელი ქონება

გამოძიების მიხედვით, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბოლო წლებში დიდ თანხებს ხარჯავს ძვირადღირებული დიზაინერული სამოსისა და უძრავი ქონების შესაძენად, რასაც ის ვერ უნდა ახერხებდეს მისი ოფიციალური საჯარო მოხელის შემოსავლით.

წყარო: ტვ პირველი – 22.02.2025

234. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სავარაუდო კორუფცია

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, ძალიან მოკლე დროში მოიპოვა წყნეთში მდიდრული რეზიდენციის მშენებლობის ნებართვა, რამაც კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა. მისმა ძმამ მიწის დიდი ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტისგან საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად შეიძინა და შემდეგ უჩას უსასყიდლოდ აჩუქა. შემდეგ ოჯახმა რამდენიმე ნაკვეთი გააერთიანა, რომელთაგან ზოგიერთს ადრე ზონირების შეცვლაზე უარი ეთქვა, ხოლო მშენებლობის შეზღუდვები სწრაფად მოიხსნა.

წყარო: Forbes Georgia – 19.02.2025

233. ყოფილი მოსამართლე „კაბელების საქმის“ განხილვის დროს მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს

ყოფილმა მოსამართლემ დავით ჯუღელმა განაცხადა, რომ ე.წ. „კაბელების საქმის“ განხილვის დროს მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით. „იყო მუქარა, თხოვნა, მოსყიდვის მცდელობა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი“. ჯუღელის თქმით, ზეწოლა მოდიოდა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მხრიდან.

წყარო: ტვ პირველი – 13.02.2025

232. მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენის სავარაუდო კორუფცია

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე, რომელიც მჭიდრო კავშირშია „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, ამ ურთიერთობების გამოყენებით ახერხებს განსაკუთრებული პრივილეგიების მიღებას თბილისში მისი ერთ-ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტის სასარგებლოს. უფრო კონკრეტულად, ნამორაძეს მოეხსნა მანამდე არსებული ვალდებულება, აეშენებინა ისტორიული სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობა; უნივერსიტეტის ნაცვლად მას მრავალსართულიანი შენობის აგების ნებართვა მიენიჭა.

წყარო: ტვ პირველი – 01.02.2025

231. აჭარის პოლიციის უფროსის დაუსაბუთებელი ქონება

აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაშია მხილებული, სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონების მფლობელია. გამოძიების მიხედვით, მაშინ, როდესაც გრიგოლ ბესელიას თავის სახელზე არ აქვს უძრავი ქონება, ხოლო ქონებრივ დეკლარაციაში მოკრძალებულ შემოსავალს უთითებს, ის ახერხებს, რომ გაურკვეველი წყაროდან დააფინანსოს ძვირადღირებული ორსართულიანი სახლის მშენებლობაში, რომელიც პენსიონერი მამის სახელზეა რეგისტრირებული.

წყარო: ტვ პირველი – 25.01.2025

230. ბათუმის პოლიციის უფროსის დამალული ბიზნესი

გამოძიების მიხედვით, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაშია მხილებული, სავარაუდოდ არღვევს საჯარო მოხელეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს მეწარმეობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, გამოძიების მიხედვით, დგებუაძე ბათუმში ორ ღამის კლუბს ფლობს, რომლებიც მისი შეყვარებულის სახელზეა რეგისტრირებული.

წყარო: ტვ პირველი – 18.01.2025

_________________________________________________________

2024 წელი

229. შსს-ს მინისტრის მოადგილის სავარაუდო ნეპოტიზმი

გამოძიების მიხედვით, შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ სავარაუდოდ ბოროტად გამოიყენა მისი თანამდებობა, რათა საჯარო სამსახურში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ისე სხვა სახელმწიფო უწყებებში, კონკურსის გარეშე დაენიშნა ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ცოლი, ძმა, ბიძაშვილი, მამიდა, ბიძა და მამა.

წყარო: ტვ პირველი – 21.12.2024

228. არჩევნების გაყალბება: მამხილებელი აღწერს „კარუსელის“ სქემას

2024 წლის ნოემბრის ბოლოს, მოქალაქე გოჩა ჩალაური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად აღწერს, თუ როგორ მონაწილეობდა კარგად ორგანიზებულ მასობრივ სქემაში, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მრავალჯერად ხმის მიცემას გულისხმობდა. მისი თქმით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილდებოდა 4 ადამიანისგან შემდგარი 120-130 მანქანა. ეს ადამიანები სხვების პირადობის ნომრების გამოყენებით აძლევდნენ ხმას. გოჩა ჩალაურის თქმით, მან თავად 30-ჯერ მისცა ხმა.

წყარო: მთავარი – 24.11.2024

227. ლენტეხის მერმა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა საკუთარი ცოლის კომპანიაზე გასცა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი ინტერესთა კონფლიქტის სკანდალში გაეხვა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს მან თავისი კომპანიის 67%-იანი წილი კანონიერად გადააფორმა ცოლზე, გამოძიებამ აჩვენა, რომ ონიანი კვლავ აქტიურად არის ჩართული კომპანიის მართვაში, რაც კანონდარღვევაა. მან პირადად გასცა მისი ცოლის კომპანიაზე სამსართულიანი, 18-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა.

წყარო: OCCRP – 22.11.2024; აი, ფაქტი / ifact – 22.11.2024

226. 29 ჰესი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიზნესმენმა კოკა კოკოლაშვილმა, რომელსაც ნათესაური კავშირი გააჩნია ბიძინა ივანიშვილთან (ის ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმაა), ქვეყნის მასშტაბით 29 ჰესის მშენებლობის ექსკლუზიური ნებართვა მიიღო. კოკოლაშვილი, რომელიც ადრე სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ფინანსური დირექტორი იყო, საჩუქრად მიიღო ორი კომპანია, რომლებმაც რამდენიმე თვეში მიიღეს აღნიშნული ნებართვები. მთავრობა ვალდებულებას იღებს ზოგიერთი ამ ობიექტის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შეძენაზე განსაზღვრულ ფასად 15 წლის განმავლობაში მათი ამოქმედების შემდეგ.

წყარო: OCCRP – 16.11.2024; სტუდია მონიტორი – 16.11.2024

225. არჩევნების გაყალბება: „ქოლ-ცენტრები“ ამომრჩეველთა უკანონო მობილიზაციისთვის

გამოძიებამ გამოავლინა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში დაახლოებით 3,000 „ქოლ-ცენტრი“ შექმნა. თითოეული ცენტრი, რომელიც საარჩევნო უბნებთან ახლოს იყო განთავსებული, შედგებოდა დაახლოებით ოთხი ადამიანისგან, მათ შორის ოპერატორებისა და „კაპიტნისგან“. ამ ცენტრების მიზანი იყო ამომრჩეველთა მობილიზაცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მათთან პირდაპირი კონტაქტის გზით. გამოძიებამ წარმოადგინა მტკიცებულებები, მათ შორის გაჟონილი ფაილები, აუდიოჩანაწერები და პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემები, რაც მიუთითებს ამომრჩეველთა პირადი მონაცემების უკანონო შეგროვებასა და დამუშავებაზე, სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყებების დახმარებით.

წყარო: ტვ პირველი – 11.11.2024

224. გამოვლენილია „ქართული ოცნების“ ქოლ ცენტრების საიდუმლო ქსელი საარჩევნო მანიპულაციისთვის

გამოძიების თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მმართველმა პარტიამ შექმნა ფარული საკომუნიკაციო ცენტრების ქსელი ამომრჩეველთა აქტივობის კონტროლისა და მართვის მიზნით. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, 50 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებდა, თითოეული მათგანი „კაპიტნის“ მეთვალყურეობის ქვეშ, სადაც ოპერატორები სატელეფონო და კომპიუტერული მონაცემების დამუშავებით იყვნენ დაკავებული. ამ ცენტრებს რეალურ დროში მიეწოდებოდა ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სახელები და პირადი საიდენტიფიკაციო ნომრები, რომლებიც შემდეგ ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში შეჰქონდათ. აღნიშნული ოპერაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევისა და მმართველი პარტიის მიერ შესაძლო საარჩევნო მანიპულაციის კუთხით.

წყარო: სტუდია მონიტორი – 08.11.2024

223. არჩევნების გაყალბება: „კარუსელი“, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება

ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა არჩევნების გაყალბების რამდენიმე სქემა. გამოძიება ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „კარუსელზე“, როდესაც პირები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მრავალჯერ აძლევდნენ ხმას. საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვასა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე. გამოვლინდა კონკრეტული შემთხვევები, სადაც ამომრჩევლებს სთავაზობდნენ მატერიალურ სარგებელს ხმის სანაცვლოდ, ასევე იყო ფაქტები, როდესაც პირები იძულებულნი იყვნენ დაეჭირათ მხარი მმართველი პარტიისთვის.

წყარო: ტვ პირველი – 06.11.2024; 06.11.2024

222. არჩევნების გაყალბება: არჩევნების მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ შეძლო არჩევნების გაყალბების მასობრივი, კოორდინირებული სქემის გამოვლენა. სქემის მომზადების ეტაპი მოიცავდა საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორების შერჩევის პროცედურის შეცვლას, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებას და პირადობების ჩამორთმევას. არჩევნების დღეს, გაყალბებაში ჩართული პირები იყენებდნენ სხვა პირების პირად ნომრებს ან პირადობის მოწმობების ასლებს, რათა მრავალჯერ მიეცათ ხმა. მათ დახმარებას უწევდნენ რეგისტრატორები, რომლებიც სწრაფად ამუშავებდნენ მათ მონაცემებს და სათანადოდ არ უკეთებდნენ მარკირებას.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ჩემი ხმა“ – 28.10.2024

221. ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ

გამოძიების თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანის ბიზნესში ჩართული რამდენიმე პირი ზეწოლაში, ძალადობაში და ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს ზურაბ გონაშვილს, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს.

წყარო: რადიო თავისუფლება – 10.10.2024

220. ბიზნესის რეკეტის სავარაუდო შემთხვევა – ელმავალმშენებლი ქარხანა

ელმავალმშენებელი ქარხნის ყოფილი მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი ჭითანავა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მასზე და ქარხნის სხვა წამომადგენლებზე სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობდა კოორდინირებული ზეწოლა ქარხნის დათმობის მიზნით. მისი თქმით, ქარხნის წართმევის გადაწყვეტილება მოდიოდა ბიძინა ივანიშვილისგან. მისივე გადაწყვეტილებით, ქარხანა აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ დეპუტატის ელგუჯა გოცირის ხელში. ჭითანავა ასევე საუბრობს ქარხნის შესაძლო გამოყენებაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების გვერდის არიდების მიზნით. ბიზნესმენი ამჟამად ქვეყნიდან გაქცეულია.

წყარო: ტვ პირველი – 08.10.2024

219. 2 მლნ ლარზე მეტი მმართველი პარტიას 9 თვეში და სანაცვლოდ მიღებული სარგებელი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დაადგინა, რომ აჭარაში მმართველი პარტიის დამფინანსებელ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556 090 031 ლარზე მეტი და  3 000 000 კვ. მ-ზე მეტ ფართობზე სამშენებლო ნებართვები მიიღეს. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დელეგატის, ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას კომპანიებმა ბოლო 12 წელიწადში 457 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა მიიღეს, მათ შორის 300 მილიონამდე ლარი უკონკურენტო, კონკურენტების დისკვალიფიკაციის და გამარტივებული შესყიდვების პირობებში. ჯამში ჭყონიასგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან მმართველმა პარტიამ 1,5 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 03.10.2024

218. სავარაუდო კორუფცია ჯანდაცვის სამინისტროში

გამომძიებელ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ელექტრონული მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების ნაწილი სახელმწიფო დაფინანსებას გავლენიანი პირების (მათ შორის მინისტრები, პარლამენტის წევრები, ასევე სასულიერო პირები) შუამდგომლობის შემდეგ იღებდნენ. მაგალითად, 2019 წლის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს ხელმძღვანელისგან, ხათუნა ჩაჩავასგან სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე იღებს 2 ფაილს, ერთ-ერთი სახელწოდებით „თხოვნები“, და რომელსაც იგი შემდეგ მაშინდელ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უგზავნის. სამინისტროს მაღალჩინოსნები ამ მიმოწერების სინამდვილეს არ ადასტურებენ.

წყარო: ტვ პირველი – 28.09.2024

217. პრემიერ-მინისტრის 1.2 მლნ ღირებულების მანქანა ემსახურება

ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 400 000 ევროდ ღირებულების (დაახლ. 1,2 მლნ ლარი) მანქანით გადაადგილდება. ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ დაადასტურა. ჩუბინიძის განმარტებით, მანქანა მაღალი რანგის უცხოელ სტუმრებს და საჭიროების შემთხვევაში პრემიერსაც ემსახურება.

წყარო: ტვ პირველი – 28.09.2024

216. მმართველი პარტიის ფინანსური მხარდაჭერა სამშენებლო ნებართვების სანაცვლოდ

ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ” შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965,000 ათასი ლარი მიიღო, მათ შორის 230,000 ლარი – მხოლოდ 2024 წელს. ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 26.09.2024

215. როგორ ხეირობენ ბიუჯეტის ფულით „ქართული ოცნების“ დონორი მსხვილი მეღვინეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, საქართველოში ღვინის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მმართველ პარტიასთან და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. ერთის მხრივ, ეს კომპანიები ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ ათობით მილიონ ლარის სუბსიდიებს და სანაცვლოდ, მათი მფლობელები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან. მაგალითად, 2017-2023 წლებში, სახელმწიფოს აგრო პროექტებიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 169 მლნ ლარის დაფინანსება მიიღეს, საიდანაც 74 მლნ ლარი იმ კომპანიებზე განაწილდა, რომელთა მფლობელებს და/ან მმართველებს „ქართულ ოცნებისთვის“ ჯამში 6.1 მლნ ლარი აქვთ შეწირული. ამასთან, სახელმწიფოსგან 11.5 მლნ ლარის სუბსიდია მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთა მფლობელები ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და პარლამენტარი ზაალ დუგლაძე არიან.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 17.09.2024

214. დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძის მიერ მოგებული ტენდერები

ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძემ, ალექსანდრე ამისულაშვილმა, რამდენიმე მილიონიანი ტენდერები მოიგო საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის, თუმცა სამუშაოები დადგენილ ვადებში არ შესრულდა. სიუჟეტის მიხედვით, ტენდერის თანხის ნაწილის ჩარიცხვის შემდეგ, ამისულაშვილმა და მისმა პარტნიორებმა კომპანია გააჩუქეს.

წყარო: ტვ პირველი – 14.09.2024

213. სავარაუდო ნეპოტიზმისა და კორუფცია ქუთაისის მუნიციპალიტეტში

ჟურნალისტური გამოძიება ავლენს ქუთაისის საკრებულოში ნეპოტიზმისა და კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. ლევან სანიკიძე, საკრებულოს ყოფილი წევრი და იმერეთის გუბერნატორის მოქმედი მოადგილე, დაკავშირებულია კომპანია "დინასთან", რომელიც მისი ცოლისა და სიდედრის საკუთრებაა; კომპანიამ სანიკიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამ წელიწადში დაახლოებით 23 მილიონი ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მოიგო. კიდევ ერთი შემთხვევა ეხება ქუთაისის საკრებულოს წევრ ამირან კოპალეიშვილს: მას შემდეგ რაც ის 2017 წელს საკრებულოს წევრი გახდა, მამამისის კომპანიამ 30 მილიონ ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო. გარდა ამისა, პაატა (ტატო) ლილუაშვილი, სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, დაინიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.

წყარო: სტუდიო მონიტორი – 07.09.2024

212. მმართველი პარტიის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს

„ქართული ოცნებისთვის“ 253 000 ლარის შემწირველი ბიზნესმენი, ალექსანდრე ბაღათურია, ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს. ბათუმის მერიამ ბაღათურია კომპანიას „შპს ახალი ბულვარი“ 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და კომერციულ საქმიანობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, უკანონოდ აგრძელებს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 06.09.2024

211. სახელმწიფო კონტრაქტები მუნიციპალური თანამდებობის პირის ოჯახის წევრს

მუნიციპალური სახელმწიფო კომპანია შპს ბორჯომის კეთილმოწყობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯემალ გოგოლაძის, შვილმა 2019-2024 წლებში, ბორჯომის მერიისა და მისი იურიდიული პირებისგან 800 568 ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო. ზურაბ გოგოლაძემ თანხის 100% უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით და პირდაპირი შესყიდვებით მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 04.09.2024

210. სავარაუდო კორუფცია სახელმწიფო შესყიდვებში

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატის აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის, სერგო შუღაროვის, კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 40,7 მილიონი ლარი მიიღეს. სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის. ალადაშვილი 2021 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრია და 2016 წლიდან – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ალადაშვილმა და შუღაროვმა ჯამში მმართველი პარტიას 100 000 ლარი შეწირეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 30.08.2024

209. ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილის სავარაუდო კორუფცია

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, „ქართული ოცნების“ შემწირველ, კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას” – ჯამში მათი შეწირულებები 486,000 ლარია.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 22.08.2024

208. ნეპოტიზმი პროკურატურაში

გამოძიების მიხედვით, გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნებმა შესაძლოა თავიანთი გავლენა და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, რათა ნეპოტიზმის გზით ოჯახის წევრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დაესაქმებინათ. გამოძიება რამდენიმე ასეთ შემთხვევას ასახელებს, სადაც მაღალი თანამდებობის პროკურორების კარიერულ წინსვლას ემთხვევა მათი ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება.

წყარო: სტუდიო მონიტორი – 10.08.2024

207. მმართველი პარტიის შემწირველის სახელმწიფო შესყიდვები ბორჯომში

„ქართული ოცნების“ შემწირველ ვახტანგ კაპანაძის კომპანია შპს მშენებელი 2012-მა,  2012–2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 15 ლარზე მეტი მიიღო. აქედან, 72.1% უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით. ვახტანგ კაპანაძის შვილს, ნოდარ კაპანაძეს  ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში, ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 08.08.2024

206. კახა კალაძის დაუდეკლარირებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს თბილისის მერის, კახა კალაძის, საათების კოლექციას, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს სცდება და რომლებიც თანამდებობის პირის მიერ შევსებულ არც ერთ დეკლარაციაში არ არის მითითებული. დეკლარაციაში არ არის მითითებული არც მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული ძვირადღირებული აქსესუარები.

წყარო: ტვ პირველი – 27.07.2024

205. პარტიული აქტივის დასაქმების სქემა რეგიონებში

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს ხელისუფლების მიერ რეგიონებში „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის დასაქმების სქემას ქუთაისში, ბორჯომში, ახალციხესა და გორში. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს სქემა, თუ როგორ ხდება მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმება სხვადასხვა მუნიციპალურ იურიდიულ პირებში, რომლებზეც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.

წყარო: სტუდია მონიტორი – 20.07.2024

204. ანზორ ჩუბინიძის თევზის ბიზნესი

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს კახეთში თევზის ბიზნესი აქვს. გამოძიების მიხედვით, მიწების ნაწილი ფიქტიურადაა გაფორმებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელ გიორგი მახარობლიშვილზე და რეალურად ჩუბინიძეს ეკუთვნის. ჟურნალისტთან ინტერვიუში, ჩუბინიძე ადასტურებს, რომ მახარობლიშვილი მისი სანდო პირია და ბიზნესიდან შემოსავალსაც იღებს.

წყარო: ტვ პირველი – 06.07.2024

203. სავარაუდო კორუფცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

სავარაუდო კორუფციული ნიშნები გამოიკვეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე კომპანიის მიერ მიღებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომლებიც სამშენებლო ან/და გზის მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ. ისინი დაკავშირებულნი არიან მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან, და/ან არიან პოლიტიკური შემწირველებიც. მაგალითად, შპს „ლიდერი+“-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ ბაია კვიციანის ძმაა. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37 232 754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 01.07.2024

202. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ბიზნესები და ქონება

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე, კანონის დარღვევით, თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა. ღამბაშიძეს აქვს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ბიზნესები. კომპანია შპს ბი-ემ-სი გეზს 2018 წლის შემდეგ არ აქვს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგება, რაც კანონდარღვევაა. ღამბაშიძე, სავარაუდოდ, მის თანამდებობასა და გავლენებს საკუთარი ბიზნესის საკეთილდღეოდ, ბოროტად იყენებს.

წყარო: ტვ პირველი – 22.06.2024

201. სავარაუდო კორუფციული სქემა იუსტიციის თანამშრომლების მონაწილეობით

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედი თანამშრომლები ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, არჩილ ობგაიძე და მისი მეუღლე, სააგენტოს იურისტი, ნუცა კანტიძე, სავარაუდოდ, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ერთი და იმავე პროექტით, სკოლის აშენების ცრუ მოტივით, უცვლიან სტატუსს, სკოლების ნაცვლად სახლებს აშენებენ და ყიდიან. რეესტრის თანამშრომლების მეჯვარე, საჯარო რეესტრის სააგენტოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილია, რომელიც შესაძლოა ამ სქემას მფარველობდეს.

წყარო: ტვ პირველი – 22.06.2024

200. ღარიბაშვილის ცოლის ძმის ჰესების ბიზნესი

პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, მთავრობის 3 განკარგულებით მაშავერას ხეობაში, ჰესების ასაშენებლად, 11 ჰა მიწა 49 წლით გადაეცა კომპანია შპს მომავლის ენერგიას, რომლის მეწილეც მეორე დღეს გახდა ალექსანდრე თამაზაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი. ჰესების მშენებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაქალაქარს და ხეობის ისტორიულ ძეგლებს. საინტერესოა, რომ მთავრობასა და კომპანიას შორის ჰესების მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მოეწერა.

წყარო: ტვ პირველი – 15.06.2024

199. მარნეულის ყოფილი მერის დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებებში ნაჩვენებია მარნეულის ყოფილი მერის და ბიძინა ივანიშვილის შვილთან ბერა ივანიშვილთან წარსულში დაახლოებული პირის თემურ აბაზოვის სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება, კერძოდ ძვირადღირებული სახლი, რომლის ასაშენებლად ყოფილ თანამდებობის პირს არ უნდა ჰქონოდა საკმარისი ლეგალური შემოსავალი.

წყარო: ტვ პირველი – 08.06.2024; მთავარი – 27.03.2021

198. „ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“ თბილისის მერიიდან ფინანსდებიან

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ პროტესტის მონაწილე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი ჯგუფების წევრები სავარაუდოდ ფიქტიურად არიან დასაქმებულები თბილისის მერიის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ დაფუძნებულ რამდნიმე ახალგაზრდულ და სპორტულ ორგანიზაციაში, რომელთა საერთო დაფინანსება ყოველ წელს რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.

წყარო: ტვ პირველი – 08.06.2024

197. მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუდეკლარირებელი და დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე კახეთში, ალაზნის ველიდან რამდენიმე კილომეტრში 170 ჰა მიწას ფლობს, რომელიც ახლობლის, თამთა მიქანაძის სახელზე აქვს რეგისტრირებული. თამთა მიქანაძის სახელზეა 120 კვ.მ ბინა იპოდრომთან, რაც, გამოძიების თანახმად, სავარაუდოდ, ასევე მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეიძინა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 01.06.2024

196. ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევები მესტიაში

მესტიის მუნიციპალიტეტის 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული. ამ თანამდებობის პირთა შორისაა პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც თავად არის ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 30.05.2024

195. როგორ იქცა სამთავრობო ა(ა)იპ-ი „დასაქმების კანტორად“

„აი, ფაქტის“ გამოძიება აჩვენებს ხელისუფლების მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხალხის გამოგონილ პოზიციებზე დასაქმების მაგალითებს იმერეთში. მთავრობა ბიუჯეტის ხარჯზე, შტატებს ხელოვნურად ზრდის და საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურს აძლიერებს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს 8 პირი, რომლებიც მერიის ა(ა)იპ-ების პარალელურად, საარჩევნო კომისიებშიც საქმდებიან, რაც აჩენს რისკს, რომ პარტიის მიერ დასაქმებულები, არჩევნებზე პარტიის მითითებებს შეასრულებენ.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 25.05.2024

194. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დაუსაბუთებელი ქონება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ილია შამუგიამ, 2023 წლის ოქტომბერში „თბილისი გარდენსის“ კომპლექსში 195.7 კვ.მ ბინა საბაზრო ფასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებად შეიძინა. საცხოვრებელ კომპლექსში ანალოგიური ბინის ღირებულება, კომპანიისვე ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია (512 000 აშშ დოლარი); ილია შამუგიამ კი ბინა 283 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთან, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მან კიდევ უფრო ნაკლები – 226 400 აშშ დოლარი მიუთითა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 23.05.2024

193. ვანო ჩხარტიშვილის თამბაქოს ბიზნესზე მორგებული კანონპროექტი

2024 წლის 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ერთდროულად სამ საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს და მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. კანონპროექტით თამბაქოს ნედლეულზე აქციზი განახევრდება, ხოლო ბიუჯეტი ყოველწლიურად 25 მილიონამდე ლარს დაკარგავს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის კომპანია სს თბილისის თამბაქო-სთვისაა ხელსაყრელი. ჩხარტიშვილი 2018 წლის 17 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერშიც ფიგურირებს, რომელიც საქართველოში თამბაქოს ბაზრის განაწილების სქემას ეხება. ამ ჩანაწერის ავთენტურობა პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია.

წყარო: სტუდია მონიტორი – 18.05.2024; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 26.09.2018

192. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ტყე და მამულები 1 ლარად

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავი აარიდა ბიუჯეტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. პაპუაშვილმა კახეთში, მდინარე ალაზნის პირას 100 ათასი კვ.მ ტყე 1 ლარად თავისი ბიძაშვილისგან გადმოიფორმა. კანონმდებლობით, ბიძაშვილებს ჩუქება რომ გაეფორმებინათ და არა 1 ლარად ნასყიდობა, პაპუაშვილი, როგორც საჩუქრის მიმღები, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარებოდა, რომელიც საბაზრო ფასთან მიმართებით დაახლოებით 200 ათასი ლარი იქნებოდა.

წყარო: მთის ამბები – 28.04.2024

191. კახა კალაძის მეჯვარის მიერ მოგებული უკონკურენტო და უპირობო აუქციონი

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით რეაბილიტირებული 4 ისტორიული შენობა „გუდიაშვილის მოედანზე“, უკონკურენტო და უპირობო აუქციონის გზით საბოლოოდ ქ. თბილისი მერის, კახა კალაძის მეჯვარის, ივლიანე წულაიას ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაში აღმოჩნდა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 27.04.2024

190. სარგებელი ხმის სანაცვლოდ

2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასურველი წევრების არჩევა ოპოზიციის დახმარებით შეძლო. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისცა. კენჭისყრიდან ორ დღეში მთავრობამ გააუქმა საპრივატიზებო პირობები ხაბულიანისთვის საინტერესო ორ ნაკვეთზე და მის კომპანიას წარსულში ჩამორთმეული სახელმწიფო ქონება უკან 1 ლარად დაუბრუნა.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 22.04.2024

189. ბიძინა ივანიშვილზე მორგებული ე.წ. „ოფშორების კანონის“ მიღება

2024 წლის გაზაფხულზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებები წარადგინეს, რომელიც  დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს. საკანონმდებლო ცვლილებები პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე იყო მორგებული. ე.წ. „ოფშორების კანონის“ მიღების შედეგად, რამაც ივანიშვილისთვის შესაძლებელი გახადა გადასახადების გადახდის გარეშე შემოეტანა ქვეყანაში ძვირადღირებული ფერწერული ტილოების კოლექცია და სხვა აქტივები, საქართველოს ბიუჯეტმა სავარაუდოდ 100 მლნ დოლარამდე პოტენციური ზარალი ნახა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 19.04.2024

188. „ინტელექტის ოკუპაცია“

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) წინააღმდეგ პროცესებს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოადგილე და მმართველი პარტიის იდეოლოგად ცნობილი – ლაშა ნაცვლიშვილი მართავს. გეგმის მიხედვით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) უნდა ჩაენაცვლებინა ახლად შექმნილ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას (GERA/IPOA), რომელსაც კავშირები რუსეთთან აქვს. ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების სხვადასხვა შტო. როგორც ირკვევა, რუსეთის ავტორთა საზოგადოება (RAO) სანქციებისგან თავის არიდებისთვის GERA/IPOA-ს საბანკო ანგარიშის გამოყენებას გეგმავდა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 13.04.2024, სტუდია მონიტორი – 17.06.2023

187. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის, სავარაუდოდ, დაუსაბუთებელი და არადეკლარირებული ქონება: მათ შორის, ძვირადღირებული სახლი ქ. მადრიდში, ესპანეთში, უძრავი ქონება საქართველოში. მიქაუტაძის დეკლარაციაში სრულად არ არის ასახული შემოსავალი, ხარჯები და ძვირადღირებული მოძრავი ქონება, მათ შორის შვილების ევროპაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები. ჟურნალისტურ გამოძიებაში იკვეთება თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებისა და ზეგავლენით ვაჭრობის  სავარაუდო კორუფციული დარღვევები.

წყარო: სტუდია მონიტორი – 06.04.2024

186. ადიგენის მერთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული შემთხვევა

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის, ძმა ერთ-ერთია იმ 5 ბიზნესმენს შორის, რომელმაც ადიგენის მერიასთან ერთად ააიპ „ადიგენის განვითარების ფონდი” დააფუძნა. ლევან ქიმაძეს ადიგენის მუნიციპალური ააიპ-ებიდან 2013-2023 წლებში შესყიდვებით 1 287 209 ლარი აქვს მიღებული. მერის მეორე ძმას, ჯემალ ქიმაძეს მეოთხე წელია ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის პოზიცია უკავია.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 05.04.2024

185. სავარაუდო კორუფცია, „მბრუნავი კარი“ და რუსული ინტერესები დაცულ ტერიტორიებში

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სავარაუდო კორუფციულ სქემას, როგორ აღმოჩნდა სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემული დაცული ტერიტორიები კომპანიასთან, რომლის მეწილეებიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთთან კავშირების მქონე, რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე არიან.

წყარო: მთის ამბები – 30.03.2024; 09.08.2025

184. როგორ დაარღვია კანონი ბაგა-ბაღების სააგენტომ

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, თუ როგორ ატარებს ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს თბილისის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტო. გამოძიების მიხედვით, სააგენტომ დამალა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ტენდერის ბედი უნდა გადაეწყვიტა და როგორც ჩანს, იგი კონკრეტულ კომპანიას (შპს კვებას) გამარჯვებაში ეხმარებოდა.

წყარო: რადიო თავისუფლება – 29.03.2024

183. საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში

აჭარაში თანამდებობის პირებთან, ძმებ აკაკი, როლანდ და რაულ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია შპს ესია ჯგუფმა 2021-2024 წლებში 5 344 077 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო. ეს თანხა კომპანიამ ან ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულებით, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებით მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 14.06.2023, 19.03.2024

182. ნეპოტიზმი და სავარაუდო კორუფციის ნიშნები ადიგენის მერიაში

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა, ჯემალ ქიმაძე 2021 წლიდან დღემდე  ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების  სამსახურის“ დირექტორია, რაც “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობაა. ჯემალ ქიმაძის დანიშვნის შემდეგ კი მისმა შვილმა, ჯუმბერ ქიმაძემ ადიგენის მერიისგან პირდაპირი შესყიდვებით 103,829 ლარი მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 13.03.2024

181. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი მიქაუტაძის მილიონიან ქონებას. მიქაუტაძის ქონების ღირებულება სცდება მის ოფიციალურ შემოსავალს. მიქაუტაძემ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2022-2023 წლებში დედამ 150 000 აშშ დოლარი აჩუქა. როგორც გაირკვა, მოსამართლის მიერ წარდგენილი ცნობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს დედამისის მიერ კონკრეტული კომპანიისგან მიღებულ შემოსავალს, შეუსაბამოა ამავე კომპანიის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებთან.

წყარო: ტვ პირველი – 09.03.2024, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 02.04.2024

180. მთავრობამ „ოცნების“ დეპუტატის კომპანიებს 5 მილიონი ლარი აპატია

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ „ქართული ოცნების“ დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანის კომპანიებს რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოაწერა. შპს ბევრილი ჯგუფსა და შპს გრანდე ჯგუფს ბიუჯეტის სასარგებლოდ 6 მლნ ლარზე მეტის გადახდა დაეკისრათ, თუმცა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ეს თანხა 610 ათას ლარამდე შემცირდა. დეპუტატის მტკიცებით, მას გავლენები არ გამოუყენებია დაკისრებული თანხის შესამცირებლად. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ჩანქსელიანმა თავისი ბიზნეს წილები მართვის უფლებით არ გადასცა სხვა პირს, რაც თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობაა.

წყარო: რადიო თავისუფლება – 08.03.2024

179. ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის უძრავ ქონებას. მისი ოჯახი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში რამდენიმე ბინას ფლობს. ცესკოში მუშაობის პერიოდში მან მიწები შეიძინა ბაზალეთზე და დუშეთში. კალანდარიშვილს რამდენიმე ბინა ოჯახის წევრების სახელზე აქვს რეგისტრირებული, რომელიც მისივე თქმით, მას ეკუთვნის. ცესკო-ს თავმჯდომარის მეუღლე, სალომე ჩიკვილაძე ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკშია დასაქმებული.

წყარო: ტვ პირველი – 02.03.2024

178. თბილისის ვიცე-მერის ქონება

თბილისის ვიცე-მერს ქონებრივი დეკლარაციის თანახმად სახლი არ აქვს, თუმცა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ირაკლი ხმალაძე ფეშენებელურ პენტჰაუზში კრწანისის ელიტურ დასახლებაში ცხოვრობს. ეს კომპლექსი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს ეკუთვნის. ნამორაძემ კრწანისი ვილა რეზიდენსის მშენებლობა უნებართვოდ 2015 წელს დაიწყო, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ მრავალბინიანი სახლების მშენებლობის უფლება მოიპოვა. მას შემდეგ ნამორაძემ თბილისის მერიისგან არაერთი პრობლემური ნებართვაც მიიღო. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ხმალაძის დეკლარაციაში  სხვა დარღვევებიც გვხვდება.

წყარო: სტუდია მონიტორი – 02.03.2024

177. სახელმწიფო ქონება და დაფინანსება უჩა მამაცაშვილის სიძეს

საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმამ ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან 189 000 კვ.მ მიწა კვადრატული 60 თეთრად მთავრობის განკარგულებით მიიღო. კოკა კოკოლაშვილის კომპანია „ბლუ ფილდმა“ 250 000 ლარი სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღო სოფლის მეურნეობის სამინისტროს „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში.

წყარო: ტვ პირველი – 02.03.2024

176. პარლამენტის ყოფილი წევრის სახელმწიფო შესყიდვები

პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით   306 909 196 ლარი მიიღო. ხაბულიანის კომპანიას მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. ხაბულიანმა და მისმა ოჯახმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ 398 000 ლარი გაიღეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 01.03.2024

175. ხობის მერიის სავარაუდოდ მორგებული ტენდერი

ხობის მერიამ 2024 წლის 17 იანვარს 6 სხვადასხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 10 818 151 ლარია. მერიის მიერ დადგენილი სატენდერო პირობები კონკურენციას ზღუდავს და სავარაუდოდ, მორგებულია სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია სს არქეოპოლისზე. ხობის მერიის 2023 წლის იანვარში გამოცხადებულ მსგავს ტენდერში სს არქეოპოლისმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 26.02.2024

174. პოლიცია და სასამართლო აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების სამსახურში

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სქემას, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება პოლიციასა და სასამართლოს აქტივისტების წინააღმდეგ. სიუჟეტში განხილულია 5 საქმე, როცა პოლიციამ აქტივისტები გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ დააკავა, ცრუ ჩვენებების საფუძველზე და შემდეგ ისინი სასამართლომ, ობიექტური მტკიცებულებების უგულებელყოფით, სამართალდამრღვევად ცნო. ამ საქმეების განხილვის ეტაპზე მოსამართლეები ნინო შჩერბაკოვი და კობა ჩაგუნავა გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნულნი. 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 22.02.2024; ნეტგაზეთი – 02.02.2024

173. ნეპოტიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროში

საგამოძიებო სიუჟეტი აჩვენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებს. ჟურნალისტთან საუბარში, მღებრიშვილმა დაადასტურა, რომ მისი უფროსად დანიშვნის შემდეგ ამავე უწყებაში დასაქმდა მისი ახლო ნათესავი, თუმცა როგორც მათ აღნიშნა, კონკურსის წესით. საჯარო სექტორში არიან დასაქმებული მღებრიშვილის ოჯახის წევრებიც: მეუღლე, ნანა ფეიქრიშვილი, სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოში, ხოლო შვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.

წყარო: ტვ პირველი – 10.02.2024

172. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და დანახარჯები ერთმანეთს არ შეესაბამება. ლევან გამყრელიძემ 2023 წელს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება შეიძინა და მეუღლესთან ერთად 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დახარჯა, შემოსავლის სახით კი, მხოლოდ 104 775 ლარი მიიღო.

წყარო: ბათუმელები – 05.02.2024

171. მიტაცებული ტყეები

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სავარაუდო კორუფციულ სქემას, თუ როგორ იღებენ თბილისის ყველაზე პრესტიჟულ სატყეო ზონებსა და მწვანე სივრცეში მშენებლობის ნებართვებს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და მმართველი პარტიის შემწირველები. პირველ ეტაპზე თბილისის სატყეო და სარეკრეაციო ზონებში თბილისის საკრებულო ტერიტორიებს ზონალურ სტატუსს უცვლის, შემდეგ კი მერია მშენებლობის ნებართვებს გასცემს. სპეციალისტების შეფასებით ამ ტერიტორიებზე გაჩეხილი ტყე და დაკარგული რეკრეაციული სივრცეები სტიქიური უბედურებების შემთხვევების რისკს ზრდის.

წყარო: სტუდია მონიტორი – 03.02.2024

170. თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან დაკავშირებული ნეპოტიზმი და დაუსაბუთებელი ქონება

თავდაცვის მინისტრის [უკვე ყოფილი] მოადგილის შვილმა აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქ. ბალტიმორში სახლი 205 000 აშშ დოლარად იყიდა. სიუჟეტით ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის შვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. თორნიკე ჩიქოვანი დედასთან ერთად ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, ხოლო 2021 წლიდან – თავდაცვის სამინისტროში გადავიდა, მას მერე, რაც ლელა ჩიქოვანიც ამ უწყებაში გადავიდა. 2022 წლიდან მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით თორნიკე ჩიქოვანი ქ. ნიუ-იორკში მიავლინეს. სიუჟეტში ნაჩვენებია ჩიქოვანებს მიერ იძულებით აღსრულების აუქციონზე ქონებების შეძენის საეჭვო შემთხვევებიც.

წყარო: ტვ პირველი – 27.01.2024

169. ბიზნესის რეკეტი ბიძინა ივანიშვილის სახელით და ოთარ ფარცხალაძის შესრულებით

საგამოძიებო სიუჟეტი აჩვენებს ოთარ ფარცხალაძის მიერ აზარტული თამაშების ბიზნესის რეკეტის სქემას. მამხილებელი მამუკა ქუნთელია კრისტალბეთის ყოფილი მეწილეა, რომელმაც კუთვნილი 10%-იანი წილი ოთარ ფარცხალაძის უშუალო მოთხოვნისა და ზეწოლის შემდეგ დათმო. პირველ ეტაპზე მას ფარცხალაძის სახელით სთხოვდნენ ბიზნესში წილის დათმობას, ხოლო შემდეგ საქმეში პირადად ფარცხალაძეც ჩაერთო. ფარცხალაძე მას არწმუნებდა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დავალებით კეთდებოდა. საბოლოოდ, 2019 წელს ქუთელიამ საკუთარი წილები დათმო. საქმეში ფიგურირებენ ამჟამად სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

წყარო: ტვ პირველი – 27.01.2024

168. შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ხელშეუხებელი სიძე

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს სასამართლო სხდომის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პატრულ-ინსპექტორმა ანდრია სიხარულიძემ გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა ვახტანგ გომელაურის სიძეს, ზობა მიხანაშვილს, რის გამოც სიხარულიძეზე ჯერ ზეწოლა განხორციელდა, მოგვიანებით კი დაიჭირეს.  მინისტრის სიძესთან მომხდარი ინციდენტიდან თვენახევარში ანდრია სიხარულიძე შსს გენერალურმა ინსპექციამ 300 ლ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. სიხარულიძეს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საქმის მთავარი მოწმე აგენტ-პროვოკატორია. როგორც სასამართლო სხდომის ჩანაწერიდან ირკვევა, ტაქსის მძღოლი, რომელიც საქმეში მოწმედ ფიგურირებდა, მალე პოლიციაში დასაქმდა. ოჯახის მტკიცებით დაკავების შემდეგ, სიხარულიძეზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს.

წყარო: ტვ პირველი – 20.01.2024

_________________________________________________________

2023 წელი

167. დეპუტატ კონცელიძესთან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესი და ინტერესთა კონფლიქტი

პარლამენტის წევრ რესან კონცელიძის საკანონმდებლო ინიციატივა ბათუმში სამშენებლო ამნისტიის შესახებ შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს, რადგან კონცელიძის ძმისშვილები ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები უშუალოდ არიან ჩართულნი სამშენებლო ბიზნესში ბათუმში. კონცელიძის კიდევ ერთი ძმისშვილი – არჩილ კონცელიძე, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსია და ბათუმში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა ევალება.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 22.12.2023

166. 335 მილიონის კონტრაქტები მმართველი პარტიის მსხვილ დონორს

ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას მხოლოდ 3-მა კომპანიამ 2011-2023 წლებში 335 638 719 ლარი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან. გარდა ამისა, მან სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება მიიღო. ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ჭყონიას ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი, ალა კახნიაური, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდანაა და დღესაც მისი რამდენიმე კომპანიის მმართველ რგოლშია.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 12.12.2023

165. ექს-პრემიერ მამუკა ბახტაძის უძრავი ქონება

საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ძმა მცხეთაში ხუთსართულიან საცხოვრებელ რეზიდენციას აშენებს, რომლის რეალური მფლობელი თავად ექს-პრემიერია. ყოფილი პრემიერის ძმამ ისტორიულ ქალაქ მცხეთაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 610 და 199 კვ.მ მიწის ნაკვეთები 2016 წელს დაიკანონა. შემდეგ კი, სახელმწიფოსგან 35 წლის ვადით იჯარით მიიღო მომიჯნავე 1590 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მშენებარე სასახლის ეზოს ფუნქციას შეასრულებს. კითხვებს ბადებს როგორც თავად მიწების დაკანონების პროცესი და იჯარით გადაცემა, ასევე მშენებლობისთვის საჭირო სახსრები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით პრემიერის ძმას არ უნდა ჰქონოდა.

ჟურნალისტური გამოძიება ასევე აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის წევრად გახდომამდე მამუკა ბახტაძეს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მისი ქონება აუქციონზე გასაყიდად იყო გატანილი და საცხოვრებლიდან ასახლებდნენ.

წყარო: ტვ პირველი – 09.12.2023

164. ადიგენის მერის წარმომადგენლის ოჯახის 2 მილიონამდე ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის გიორგი ენდელაძის ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1 905 649 ლარი მიიღეს. აქედან 896 271 ლარი (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 07.12.2023

163. კორუფცია თავდაცვის სამინისტროში

საგამოძიებო სიუჟეტი თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციულ შემთხვევებს ააშკარავებს. როგორც ირკვევა, ჯარი ვადაგასული პროდუქტებით იკვებება, დაბალი ხარისხის ტანსაცმლითა და თეთრეულით მარაგდება. საჯარო მოხელეები, რომლებმაც უარყოფითი დასკვნები დაწერეს საკვებისა და ტექსტილის ხარისხზე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მამხილებლების განცხადებით, ამ კორუფციულ პროცესში უშუალოდ ჩართულნი არიან მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მოადგილე ზურაბ აზარაშვილი (ამჟამად ჯანდაცვის მინისტრი). გარდა ამისა, კითხვებს ბადებს მშენებლობების ხარისხი. ამ პროცესში იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნებიც, რადგან სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და შესყიდვების სამსახურებში ბურჭულაძის ბიძაშვილის ოჯახის წევრები არიან დასაქმებულნი.

წყარო: ტვ პირველი – 02.12.2023

162. იმერეთში წიაღის მომპოვებელი კომპანიების პოლიტიკური შეწირულებები და მოგებული ტენდერები

იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ და ამასთან მმართველი პარტიის შემწირველები არიან. ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2 485 931 ლარის პოლიტიკური შემოწირულება გაიღეს. წიაღის მოპოვების ლიცენზიის მქონე 26 კომპანიამ ჯამში 757 566 585 ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო. ვანის საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან 2019-2021 წლებში სახელმწიფოსგან 26 226 116 ლარის ოდენობის კონტრაქტები მიიღო. პაიკიძის შვილის ნათლია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 22.11.2023; რადიო თავისუფლება – 27.06.2020

161. ვიქტორ სანიკიძესთან დაკავშირებული კორუფციის სავარაუდო შემთხვევა

2020 წელს კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძის „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტში მოხვედრიდან 5 თვეში, მის 9 თვის დაფუძნებულ კომპანიას სახელმწიფომ უზუფრუქტით, უფასოდ, 50 წლით გადასცა თბილისში, დიღომში მდებარე 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა. შენობა თავის დროზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა 2015-ის ფარგლებში აშენდა.

წყარო: ფლანგვის დეტექტორი – 21.11.2023

160. თავდაცვის მინისტრის შვილის მიწები კახეთში

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის 21 წლის ვაჟმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა კახეთში მიწის ნაკვეთები საეჭვო გარემოებებში დაირეგისტრირეს. კერძოდ, მიწები, რომელთა დაკანონებაზე საჯარო რეესტრმა ფიზიკურ პირებს ჯერ უარი უთხრა, შემდეგ ერთი და იგივე მოწმეების დახმარებით დაიკანონეს. დაკანონებიდან მეორე დღეს კი დავით ბურჭულაძის და მისი ბიზნეს-პარტნიორის საკუთრება გახდა. ამ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სასტუმრო უნდა აშენდეს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 1.5 მლნ ლარი დახარჯა ამ ნაკვეთებამდე გზისა და კომუნიკაციების მიყვანისთვის. მინისტრის შვილის კიდევ ერთი ბიზნესია რუსული აბანოები, რომელთან მისასვლელი გზა ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

წყარო: ტვ პირველი – 18.11.2023

159. პოლიციის მაღალჩინოსნის ძმის ბიზნესი მდინარე კინტრიშზე

ლიცენზიის გარეშე, პრემიერის განკარგულების საფუძველზე, მდინარე კინტრშიზე ინერტული მასალის მოპოვების შედეგად მდინარის კალაპოტი შეიცვალა, რამაც ადგილობრივების პრობლემები შეუქმნა. მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს შპს მაინინგ გრუპი, რომლის დირექტორი გურამ თამაზაშვილი, ქ. თბილისის პოლიციის უფროს სულხან თამაზაშვილის ძმაა. გარემოს დამცველი აქტივისტები და ადგილობრივების ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ იმაზე მეტი მასალის მოპოვება ხდება, ვიდრე ამას განკარგულება ითვალისწინებს, ხოლო კომპანიას, მისი დირექტორის კავშირების გამო, პასუხს არავინ სთხოვს.

წყარო: შაბათის ფორმულა – 18.11.2023

158. დეპუტატ ირაკლი ზარქუას მოცვის ბიზნესი

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა სამეგრელოში მოცვის პლანტაციებს მესამე პირების საშუალებით ფლობს. 55 000 კვ.მ პლანტაცია ოფიციალურად ზარქუას სახელზე არ არის გაფორმებული, თუმცა, 19 000 კვ.მ მიწა მის დედას, ხოლო დანარჩენი ბიძას, ბიცოლას, ბიძაშვილებისა და სხვა ახლობლების სახელზეა. ადგილობრივების თქმით, პლანტაციები დეპუტატს ეკუთვნის.

წყარო: შაბათის ფორმულა – 18.11.2023

157. ნეპოტიზმი საქართველოს რკინიგზაში

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მისი ახლო მეგობარი და ოჯახის წევრების ბიზნესპარტნიორები დანიშნა საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობებზე.

წყარო: სტუდია მონიტორი – 01.11.2023

156. კონტრაბანდული სიგარეტის ნაკვალევზე

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის სქემა. სტატია ასევე აჩვენებს კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, გაყიდვის შემთხვევებსაც. რამდენიმე მამხილებლის, მათ შორის ყოფილი პოლიციელების, განცხადებით კონტრაბანდული საქონლის ბიზნესს გავლენიანი თანამდებობის პირები მფარველობენ.

წყარო: რადიო თავისუფლება – 31.10.2023

155. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძის მიერ მიღებული სახელმწიფო ქონება

ჟურნალისტური გამოძიება ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ სახელმწიფო ქონების შუამავლებისა და ფიქტიური გარიგებების საშუალებით დაუფლების სავარაუდო კორუფციულ სქემას აჩვენებს.

კომპანია შპს ბლუბერი ლაბ 2019 წელს დაფუძნდა მოქალაქე ნინო ქარდავას მიერ. დაფუძნებიდან ორ კვირაში სახელმწიფომ 133 190 კვ.მ მიწა კომპანიას 25-წლიანი იჯარით, თვეში 437 ლარად გადასცა და 90 000 ლარიც გამოუყო მოცვის ბაღების გასაშენებლად. 2021 წელს ნინო ქარდავამ 33%-33% წილი რომეო მიქაუტაძეს და სს გეს საქრუსენერგოს დირექტორ ბაჩანა სულაძეს აჩუქა. საბოლოოდ, 2022 წელს რომეო მიქაუტაძის კომპანიამ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფოსგან იჯარით აღებული 133 ათასი კვ. მ მიწა აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით იყიდა, კვადრატული დაახლოებით 1,12 ლარად. ეს ქონება მიქაუტაძემ მისივე სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან იყიდა. ამასთან, რომეო მიქაუტაძესა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ნათელ-მირონობა და მეგობრობა აკავშირებთ.

წყარო: ტვ პირველი – 28.10.2023

154. ნინოწმინდის საკრებულოს მაღალჩინოსნის ბიძამ 3 მლნ ლარამდე შესყიდვები მიიღო

ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, გარუშ არზუმანიანის ბიძამ და მმართველი პარტიის შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2 840 710 ლარი მიიღო, აქედან 1 759 795 ლარი (მიღებული თანხის 61.9%) სხვების დისკვალიფიკაციის, უკონკურენტოდ ტენდერებისა პირდაპირი შესყიდვების გზით.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 27.10.2023

153. ყოფილი თანამდებობის პირების 28 მილიონიანი სახელმწიფო შესყიდვები

თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ სულხან ზუმბურიძისა და მამუკა პაპუაშვილის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონ ლარზე მეტი და 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთები მიიღეს 49 წლით, მათზე შენობა-ნაგებობების განთავსების უფლებით. ზუმბურიძე 2010-2018 წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო პაპუაშვილი ამავე სახელმწიფო კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრი იყო. სულხან ზუმბურიძის ბიზნესპარტნიორებმა სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 195 000 ლარი შეწირეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 24.10.2023

152. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის შვილის სახელზე გაფორმებული ბიზნესი და ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის 25 წლის შვილის, მარიამ ჩუბინიძის სახელზე არსებული სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი. გარდა ამისა, მხოლოდ 2023 წელს მარიამ ჩუბინიძის სახელზე დაახლოებით 12 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადაფორმდა. ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ქარხნის მშენებლობა, მიწის ნაკვეთების შეძენა, საწარმოო ხაზის დამონტაჟება და ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყება მხოლოდ ხელფასით მოახერხეს, რომელიც ღია წყაროებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით დაახლოებით 5000 ლარია. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ჩუბინიძის ოჯახმა საწარმოს მოსაწყობად ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსგან 491 263 ლარი მიიღო, ხოლო თავად ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია ჩადო.

წყარო: ტვ პირველი – 21.10.2023

151. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრის ქონება

ბაკურიანში ირაკლი ღარიბაშვილის სახლის მიმდებარედ 930 კვ.მ მიწა პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, მაია პაპიაშვილმა, 150 000 დოლარად იყიდა. ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ტერიტორიაზე პრემიერის დაცვა პატრულირებს და გადაადგილებას კრძალავს. ჩნდება ეჭვი, რომ ტერიტორია უკანონოდ პრემიერის ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაშია. პრემიერის სიდედრმა თბილისში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება ნაღდი ანგარიშსწორებით, სესხის გარეშე  2018 წელსაც შეიძინა.

წყარო: ტვ პირველი – 30.09.2023

150. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის დაუდეკლარირებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია სახელმწიფო კომპანია სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის, დაუდეკლარირებელი ქონება: ფეშენებელური ვილა, ძვირადღირებული მანქანა და მეუღლის ბრენდული აქსესუარები. კითხვებს აჩენს ამ ქონების შესაძენად საჭირო თანხების წარმომავლობაც, რადგან ფერაძის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლებით გაცილებით ნაკლებია.

წყარო: სტუდია მონიტორი – 30.09.2023; OCCRP – 29.09.2023

149. 53 მლნ ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვა სახელმწიფოსგან პრივილეგირებულ კომპანიას

სახელმწიფოსგან პრივილეგირებული კომპანია „ნეოსტარმა”, შვილობილ კომპანიებთან ერთად, 2011 წლიდან დღემდე  161 369 კვ. მ მიწის ნაკვეთები (მათ შორის 129 852 კვ. მ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად) და 53 661 137 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს. მათი უმრავლესობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებია, ხოლო ეს კომპანიები დაკავშირებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ უფროს ბადრი რომანაძესთან.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 28.09.2023

148. პრემიერ-მინისტრის მეუღლის ძვირადღირებული წვეულება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, პრემიერის მეუღლის მდიდრული წვეულება, რომელიც მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა. წვეულებისთვის წარმართვაში მოქმედი საჯარო მოხელეები არიან ჩართულნი. საჯაროდ დეკლარირებული შემოსავლის მიხედვით, პრემიერის ოჯახს ამ წვეულების ხარჯების ანაზღაურება არ შეუძლია. სიუჟეტების მიხედვით, დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა, რომლითაც პრემიერის მეუღლეს წლის განმავლობაში 1000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება არ შეუძლია, და ამავდროულად, მან მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

წყარო: ტვ პირველი – 09.09.2023; 23.09.2023

147. მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სამსახურში

2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. თანამდებობის დატოვების შემდეგ ფარცხალაძისა და მისი მეუღლის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვანი ქონება შეიძინა რუსეთშიც. 2016 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიამ ფარცხალაძის კომპანიას, სავარაუდოდ კორუფციული გარიგების შედეგად, არამართლზომიერად გადასცა ქონება. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის შემთხვევაში, ოთარ ფარცხალაძის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა არაერთ საქმეზე უნდა დამდგარიყო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 16.09.2023; 28.02.2018; ტვ პირველი – 16.09.2023; 23.09.2023

146. პრემიერ-მინისტრის საგვარეულო მამულის გაფართოება და დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, როგორ გაიზარდა 2012 წლიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგვარეულო მამულები დედოფლისწყაროში. პრემიერად გახდომის შემდეგ მამულის ფართი 4-ჯერ გაფართოვდა და 6 126 კვ.მ მიაღწია. 2023 წლის 27 მარტს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა 1339 კვ.მ-ში 5000 ლარი, კვ. მ მიწაში – 3.37 ლარი გადაიხადა, რაც საბაზრო ფასზე 15-ჯერ ნაკლებია, რაც აჩენს ეჭვებს სავარაუდო არალეგალური შემოსავლის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოძიების თანახმად, პრემიერის ოჯახის მიერ გალავნით შემორტყმული ტერიტორიის ნაწილი, მათ არ ეკუთვნით და უკანონოდ არის მითვისებული.

პრემიერის პენსიონერმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წლის თებერვალში ღვინის ქარხნის წილი იყიდა, მარტში – მეზობლის სახლ-კარი და მიწა, ხოლო 2021-2022 წლებში შვილს 300 000 ლარი აჩუქა. შვილის გაპრემიერების შემდეგ მან ჯამში 27 494 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებიც შეიძინა.

როგორც ოფიციალური პირები იუწყებიან, პრემიერს ჩარტერული რეისის 100 000 ლარიც მამამ დაუფინანსა. ამასთან, ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ პრემიერის ოჯახი კახეთში შატოსაც ფლობს. პრემიერის მამამ ააშენა კომპლექსი 3 ნაგებობით, 27 494 კვ. მ ტერიტორია ლითონით შემოღობა. ღარიბაშვილის შატოსკენ მიმავალი გზის მონაკვეთი კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააგო. კიდევ ერთი გამოძიებით ნაჩვენებია, რომ ტარიელ ღარიბაშვილი მისი შვილის გაპრემიერებამდე არც მილიონერი იყო და არც მნიშვნელოვან ქონებას ფლობდა.

წყარო: ტვ პირველი – 6.05.2023; 16.09.2023-I; 16.09.2023-II

145. სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება – ნაწილი 2

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის არაერთხელ გამოიყენა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. კალაძემ ჟურნალისტს ეს ფაქტი დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მომსახურების ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

წყარო: ტვ პირველი – 16.09.2023

144. სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება – ნაწილი 1

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და შვილი სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით 19 აგვისტოს წაიყვანა თბილისიდან მიუნხენში. ერთი კვირის განმავლობაში თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში ამერიკაში მყოფ პრემიერ ელოდებოდა, რომელიც უკან თბილისში, ამავე თვითმფრინავით 28 აგვისტოს დაბრუნდა. ფრენის ნამდვილობა დაადასტურა კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” მფლობელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა.

მოგვიანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და უკან 34 000 ევრო დაჯდა და აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. კითხვებს ბადებს ამ თანხის წარმომავლობაც, რადგან პრემიერის მამა პენსიონერია და მსგავსი თანხის გადახდა არ უნდა შესძლებოდა.

წყარო: ტვ პირველი – 09.09.2023

143. საგარეჯოს მერიის საეჭვო ტენდერები

2017-2021 წლებში საგარეჯოს მერიამ შპს მაიას სახელმწიფო შესყიდვებით თითქმის 1.5 მლნ ლარის კონტრაქტები გაუფორმა. სავარაუდოდ, ტენდერები თავიდანვე ამ კომპანიაზე იყო მორგებული: 18 ტენდერიდან 8-ში კომპანიას კონკურენტი არ ჰყავდა; 8 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო; ხოლო 18 ტენდერიდან 17-ში კონტრაქტის საბოლოო თანხა გაიზარდა. სავარაუდოდ, მერია ტენდერებს საჭიროზე დაბალ ფასად განზრახ, კონკურენციის შეზღუდვის მიზნით, აცხადებდა.

წყარო:  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 16.08.2023

142. „ჯავახეთის ფეოდალი“

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ჯავახეთში დეცენტრალიზაციის ნაცვლად,  კვლავაც კლანური მმართველობაა და მიწების უდიდესი ნაწილი რამდენიმე გავლენიანი და მდიდარი ადამიანის საკუთრებაში აღმოჩნდა. მაგალითად, სუმბატ და სეირან კიურეღიანების მფლობელობაში მონაკოს სახელმწიფოზე უფრო დიდი, რამდენიმე მილიონი კვ. მ ფართობის მიწაა. სუმბატ კიურეღიანი 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატია პარლამენტში, მანამდე 2012-2020 წლებში ის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მამამისი, სეირან კიურეღიანი კი 17 წელი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. სუმბატ კიურეღიანი, მისი ცოლი, დედა, მამა და შვილი ჯამში ჯავახეთში დაახლ. 3 800 000 კვ. მ მიწას ფლობენ.

წყარო: რადიო თავისუფლება/სტუდია მონიტორი – 05.08.2023; პუბლიკა – 31.10.2023

141. ქუთაისის მერიამ ახალ კომპანიას მსხვილი კონტრაქტი გაუფორმა

ქუთაისის მერიამ მმართველი პარტიის შემწირველების მიერ დაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიას 214,524 ლარის გამარტივებული (პირდაპირი) კონტრაქტი გაუფორმა იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომლის საჭიროებაც დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი.

წყარო:  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 08.07.2023

140. დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის არადეკლარირებული ქონება და შემოსავალი

პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა 58 000 ევროდ შეძენილი პარკინგის ადგილი პარიზში, 1 200 000 დოლარად ნაყიდი აპარტამენტები დუბაიში. ის დუბაიში ერთ-ერთ აპარტამენტს აქირავებს, საიდანაც წლიურად დამატებით 20 000$ აქვს შემოსავალი, რომელიც ასევე არ არის ასახული დეკლარაციაში.

წყარო: სტუდია მონიტორი – 08.07.2023; OCCRP – 08.07.2023

139. საეჭვო შესყიდვები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის მეგობარსა და კლასელ ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიები ადგილობრივ შესყიდვებში იმარჯვებენ. 2018 წლიდან დღემდე შპს “როუდ პლიუსი”-მა და  შპს “ბილდინგ გრუპ 17”-მა, ჯამში 22 108 948 ლარის ტენდერები მიიღეს, საიდანაც 77% უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგეს.  საინტერესოა, რომ 12 129 286 ლარის შესყიდვები უშუალოდ ზუგდიდის მერიაზე მოდის.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 04.07.2023

138. პრემიერ-მინისტრის ახლობლები საჯარო სამსახურში და სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდების კორუფციული სქემა

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევები, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ახლობლების საჯარო სექტორში დასაქმების მაგალითები. გამოძიებაში ასევე ნაჩვენებია სახელმწიფო მიწების იაფად მიღების სავარაუდო კორუფციული სქემა: სახელმწიფო ქონება ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადადის, შემდეგ მერია მიწების შესაფასებლად კერძო აუდიტს მიმართავს, რომელიც ქონებას საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად აფასებს. მაგალითად, მიწა იაფად ჯერ სავარაუდოდ ფიქტიურმა პირებმა იყიდეს, შემდეგ ირაკლი შიოლაშვილზე, ნუნუკა თამაზაშვილის კლასელზე, გასხვისდა. სახელმწიფო მიწის იაფად ამ სქემით პრემიერის მამამაც, მისმა ბიზნესპარტნიორებმაც მიიღეს.

წყარო: ტვ პირველი – 24.06.2023

137. ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიების საეჭვო ტენდერები

ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 49 სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2 687 008 ლარი მიიღეს. აქედან 1 928 488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი ნათესავი იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 22.06.2023

136. სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში

ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. მის დაქვემდებარებაშია იურიდიულ საკითხთა და სემეკ-თან ურთიერთობისა და გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტები. ამ ორ დეპარტამენტში ზარდიაშვილთან, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 19.06.2023; ტვ პირველი – 24.05.2025

135. შინაგან საქმეთა მინისტრის დამალული ქონება და ბიზნესი – ნაწილი 2

მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სახელზე ახალი უძრავი ქონება დარეგისტრირდა. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "არქი თაუერში" 200 კვ.მ საცხოვრებელი ფართში, დეკლარაციის მიხედვით, გომელაურმა 542 000 ლარი გადაიხადა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, "არქი თაუერში" კვ.მ-ის ღირებულება სულ მცირე 2 800 $-ია და მინისტრს რეალურად მილიონნახევრიანი საბაზრო ღირებულების ახალი ქონება აქვს. ამასთან, სხვადასხვა გარემოებები მიუთითებს, რომ გომელაური ამ ბინას მანამდე ფლობდა, ფიქტიურად კი სხვაზე იყო გაფორმებული.

2022 წლის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გომელაურის პირადი მცველი გიორგი მელაძე 2017 წლიდან ჭავჭავაძის გამზირზე "არქი თაუერში" 2 მიწისქვეშა ავტოფარეხს ფლობდა, რაც აჩენდა ეჭვს, რომ ეს ქონება ვახტანგ გომელაურს ეკუთვნოდა და აქ ბინასაც ფლობდა, რაც 2023 წელს დადასტურდა. 2022 წლის გამოძიების მიხედვით, გომელაურის მცველის სახელზე მილიონიანი ბიზნესები და უძრავი ქონებაა.

წყარო: ტვ პირველი: – 17.06.2023; 11.07.2022

134. კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის უკონკურენტო ტენდერები აჭარაში

კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, ილდარ ნევეროვის კომპანია „სევერი” (Север) უკონკურენტო ტენდერებს იგებს აჭარაში. 2013 წლიდან დღემდე კომპანია 73 სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდა, 69-ში გაიმარჯვა, მათ შორის 63-ში უკონკურენტოდ, 6-ში კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ჯამში მან 4,816,286 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში კომპანიასთან 163,428 ლარის 39 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 09.06.2023

133. სავარაუდო კორუფციული სქემები თბილისის მერიაში

ჟურნალისტური გამოძიება აღწერს სქემას, რომლის მიხედვით, სამშენებლო ბიზნესი თბილისის მერიისგან, სავარაუდოდ კორუფციული გარიგების შედეგად, იღებს კორპუსების ასაშენებელ მიწების მშენებლობისთვის გამოუსადეგარი მიწების სანაცვლოდ. მოქალაქე შალვა ქვრივიშვილმა 6 დღეში მშენებლობისთვის უსარგებლო მიწის ნაკვეთები 1 100 000 ლარად შეიძინა, ხოლო 11 დღეში მერიას მიმართა, მიწების გაცვლა მოითხოვა და, საბოლოოდ, ლისზე კორპუსების ასაშენებელი მიწა მიიღო. გამოძიების მიხედვით, ქვრივიშვილს მილიონიანი ქონების ყიდვა არ შეეძლო, მით უფრო სესხის გარეშე. ქვრივიშვილის ბიზნესპარტნიორმა და კომპანიის მეწილემ მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა.

წყარო: ტვ პირველი – 27.05.2023

132. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიაზე მორგებული მრავალმილიონიანი ტენდერის სავარაუდო შემთხვევა

შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ ალავიძის კომპანიამ „საქართველოს რკინიგზისგან“ 7.8 მლნ ლარიანი კონტრაქტი სავარაუდოდ მასზე მორგებული ტენდერის გზით მიიღო. „საქართველოს რკინიგზამ“ მიმწოდებლისგან არანაკლებ 20 წლიანი უწყვეტი გამოცდილება მოითხოვა, რითაც ალავიძის კომპანია შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნეს რეესტრის მიხედვით, საქართველოში უსაფრთხოების დაცვის სექტორში 20 წლიანი გამოცდილება, რომელიც დაცვის მომსახურება ცოცხალი ძალით ეწევა მხოლოდ ამ კომპანიას აქვს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 23.05.2023

131. სავარაუდო კორუფცია პოლიტიკური შემოწირულებების გაღებისას

ბათუმის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ნუკრი დოლიძემ ქართულ ოცნებას 50 000 ლარი შესწირა, ტენდერებიდან კი 2023 წლის პირველ ოთხ თვეში 45 მლნ ლარი მიიღო. 2021 წლის კვლევის მიხედვით, ნუკრი დოლიძის კომპანიები „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებლები არიან. 2010-2021 წლებში ორივე კომპანიამ უმეტესად ბათუმის მერიიდან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მილიონ ლარამდე მიიღო, მათ შორის 68% – უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 15.05.2023; 07.10.2024; 11.06.2021; ბათუმელები – 23.04.2026

130. სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების პროგრამაში

საქართველოს პარლამენტის წევრ, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ჯამში 8 562 573 ლარი მიიღო 2013-2022 წლებში. კომპანიებში ზაალ დუგლაძესთან ერთად საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს. რთველის სუბსიდირებაში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 2022 წელსაც წერდა: 2021 წელს მთავრობის მიერ რთველის სუბსიდირებაზე დახარჯული 138 მილიონი ლარიდან სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღეს მმართველი პარტიის შემწირველმა და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფმა კომპანიებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 11.05.2023; 29.04.2022

129. 290 000 ლარი ბიუჯეტიდან დეპუტატ გოჩა ენუქიძის ერთი სასტუმროდან მეორემდე გზის დასაგებად

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 290 000 ლარი გამოყო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის კუთვნილი ერთი სასტუმროდან მეორე, ახალაშენებულ სასტუმრო კოტეჯებამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის. ამ მონაკვეთზე არსებული ვიწრო გზის გასწვრივ არავინ ცხოვრობ და მას ოფიციალურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სტატუსიც კი არ აქვს. ენუქიძის ბიზნესობიექტამდე ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამანქანო გზის რეაბილიტირების პირველი შემთხვევა არ არის. სოფელ სადმელში, ამბროლაურის აეროპორტიდან 5 წუთის სავალზე, დეპუტატის სასტუმრო „კარსეს“ კომპლექსამდე მისასვლელი მეორე სამანქანო (შემოვლითი) გზის მშენებლობაც მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.

წყარო: მთის ამბები – 08.05.2023

128. მარნეულის მერის მოადგილის სავარაუდო კორუფცია

მარნეულის მერის მოადგილის, თემურ შუბითიძის, მამის კომპანიამ მარნეულის მერიისაგან 2022 წლიდან 17 თვის განმავლობაში 15 985 260 ლარი აიღო. თემურ შუბითიძე მარნეულის მერის მოადგილე 2021 წლის დეკემბრიდან გახდა, მას შემდეგ მისი მამის, პაატა შუბითიძის, კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებულ 22 ტენდერში გაიმარჯვა. პაატა შუბითიძე შპს „ქცია“-ს 50% წილს ფლობს. სწორედ „ქცია“ იმარჯვებს მერიის მიერ გამოცხადებული, გზის დაგების, ტენდერების უმრავლესობაში.

წყარო: რადიო მარნეული – 08.05.2023

127. ეკონომიკის მინისტრის ძმისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება და საეჭვო გარემოებები

ჟურნალისტურ გამოძიებაში  ნაჩვენებია, როგორ გახდა ვიცე პრემიერ, ლევან დავითაშვილის ძმა, დავით დავითაშვილი საგურამოში 8 500 კვ. მ-ის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელი.

11 610 კვ. მ სახელმწიფომ ნაწილებად გაყო. 2 500 კვ. მ-ს სტატუსი შეუცვალა, რომ მშენებლობა გამხდარიყო შესაძლებელი და სამ კვირაში პირდაპირი მიყიდვის წესით მინისტრის ძმას კვ. Მ 40 ლარად მიყიდა, ხოლო გვერდით მდებარე 6 000  კვ. მ მიწის ნაკვეთი სახნავ-სათესად დატოვა და აუქციონზე იჯარით გამოიტანა, რომელიც ასევე დავით დავითაშვილმა სახელმწიფოსგან თვეში 30 ლარად იჯარით, სასოფლო-სამეურნეო ვალდებულებით აიღო. აღებული ვალდებულების შესრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა შეემოწმებინა. იმ დროს კი მინისტრი მისი ძმა ლევან დავითაშვილი იყო. 2020 წელს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ეს ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფომ დავით დავითაშვილს კვ. მ 26 ლარად საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად მიჰყიდა.

ამავე განკარგულების საფუძველზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მაშინდელი უფროსის არჩილ ნიკოლეიშვილს ძმამ, გიორგი ნიკოლეიშვილმაც შეიძინა. არჩილ ნიკოლეიშვილმა ბაკურიანის ტყის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს ნახევარი საუკუნით გადასცა.

წყარო: ტვ პირველი – 06.05.2023

126. დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიერ სახელმწიფო მიწების მისაკუთრების საეჭვო გარემოებები

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიერ მარტვილში სახელმწიფო მიწების სავარაუდო მიტაცების სქემები. სიუჟეტში მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა, როცა დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო ქონებას უსასყიდლოდ ირეგისტრირებენ, სავარაუდოდ ყალბი ცნობების საფუძველზე, თითქოს აღნიშნული მიწები მათ სარგებლობაში წლების მანძილზე იყო. მაგალითად, ინჯიას სიძემ სოფელ ბანძაში 52 412 კვ. მ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა უსასყიდლოდ დაირეგისტრირა, რომელიც ადგილობრივების ცნობით, ხალხის საერთო სარგებლობაში იყო.

წყარო: ტვ პირველი – 06.05.2023

125. ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო

ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“, 2020-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 8,797,512 ლარი მიიღო. აქედან, 2,935,177 ლარი (33.3%) ახალციხის მერიიდან დაერიცხა. მათ შორის, 2,290,017 ლარზე (78%) ხელშეკრულებები ახალციხის მერიამ უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე გაუფორმა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 25.04.2023

124. ყოფილი თანამდებობის პირის კომპანიის საეჭვო ტენდერები

ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის და 2012 წელს ბოლნისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით ჩართოლანის კომპანია შპს „ქორულდი” მესტიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება 2,247,897 ლარია. 6 ტენდერიდან ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, ხუთჯერ უკონკურენტოდ, ერთხელ – კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 19.04.2023

123. დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის კომპანია სახელმწიფო შესყიდვებს იღებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანიამ ტენდერებიდან 6,549,941 ლარი, ხოლო საიდუმლო შესყიდვებიდან, სავარაუდოდ, 13,077,076 ლარი მიიღო. ალეკო ხვისტანი შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, მისი მეუღლე მაია ჭელიძე კი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია. ალეკო ხვისტანი “ქართული ოცნების” შემწირველიცაა. მან მმართველ პარტიას 2014-2020 წლებში ჯამში 110,000 ლარი.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 13.04.2023

122. სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია ხელვაჩაურის საკრებულოში

რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე 16,000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ. კომპანიასთან დაკავშირებულმა საქართველოს ორმა მოქალაქემ მმართველ პარტიას ჯამში 40 000 ლარი შესწირა და ორ კვირაში ხელვაჩაურის საკრებულოსგან განაშენიანების დეტალური გეგმაზე (გდგ) თანხმობა მიიღო. შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“12.04.2023

121. საეჭვო ნებართვები და ბინები თბილისის მერის მოადგილის ნათესავებისთვის

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის სამშენებლო კომპანიებთან საეჭვო კავშირებზე. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, თბილისის მერია მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებს მაინც გასცემს და სამშენებლო კომპანიების მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ამ კომპანიების მიერ აშენებულ კორპუსებში კი, ირაკლი ბენდელიანის ნათესავების ბინები აღმოაჩინეს, მათ შორის ოჯახის წევრების.

წყარო: სტუდია მონიტორი – 27.03.2023

120. კორუფციის შესაძლო შემთხვევები მუნიციპალურ დონეზე

ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანია ადგილობრივ ტენდერებს იგებს. მარტინ გაბრიელიანი, რომელიც 2013 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს, სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. მისმა კუთვნილმა შპს „მეგობრობა-5”-მა, 2019 წლის აგვისტოდან დღემდე 1,390,861 ლარის 36 სახელმწიფო შესყიდვა გააფორმა. აქედან, 21 შესყიდვით 667,186 ლარი (47.9%) ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 27.03.2023

119. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კომპანია მილიონიან სახელმწიფო შესყიდვებს იღებს

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის, კომპანია შპს ინფრაკონმა (ს/კ 405259660) რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებზე გააფორმა ხელშეკრულება. მაგალითად, ჯაველიძის კომპანიამ 2022 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან 1,438,247 ლარის, 2023 წელს ქარელის მუნიციპალიტეტთან კი 2,344,770 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. რევაზ ჯაველიძე შპს ინფრაკონის 100% წილის მფლობელია, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს მესამე პირზე.

წყარო: ტვ პირველი – 25.03.2023

118. „სასამართლო ვანო ჩხარტიშვილის სამსახურში“

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, თუ როგორ უგებს ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი ინვესტორებს ათეულობით მილიონ დოლარს ქართულ სასამართლოში, როგორ დააკისრა ორი ინსტანციის სასამართლომ 12 მლნ დოლარის გადახდა ყაზახურ კომპანიას ჩხარტიშვილის კომპანიის სასარგებლოდ, რისთვის ასესხა წამგებიანმა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზამ“ ჩხარტიშვილის კომპანიას 8.5 მილიონი დოლარი.

წყარო: რადიო თავისუფლება – 01.03.2023

117. მინისტრის მოადგილის დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის სავარაუდო დაუსაბუთებელი ქონება: ძვირადღირებული სახლები და მანქანები, სასტუმროს ბიზნესი, დეველოპერული კომპანია მიწებით წავკისსა და წაღვერში. გარდა ამისა, გამოძიება გვიყვება მერიის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების მიერ თბილისის ტურისტულ ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ყიდვის შესახებ, სავარაუდოდ, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

წყარო: სტუდია მონიტორი – 25.02.2023

116. „მბრუნავი კარის“ და ნორმატიული აქტის კონკრეტული კომპანიისთვის მორგების სავარაუდო შემთხვევა

საქართველოს სახელმწიფო კომპანიის სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ თანამდებობის დატოვებიდან ერთ დღეში კომპანია (შპს ინტერ რაო საქართველო) დაარეგისტრირა, რომელიც რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში და ტრანზიტში ჩაერთო. ეს ქმედება „მბრუნავი კარის“ განმარტებაში ჯდება.

ამბოკაძის კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მისი მოგების ზრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დადგენილებაში განხორციელებულმა ცვლილებამ განაპირობა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 23.02.2023

115. თანამდებობის პირების უკანონო მშენებლობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარაში 3 თანამდებობის პირის სავარაუდო უნებართვო მშენებლობები გამოავლინა, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ედუარდ ნაკაშიძემ საცხოვრებელი სახლი უკანონოდ აიშენა; ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის მეუღლემ უკანონოდ აწარმოა სამშენებლო სამუშაოები და სახლის საერთო ფართობი 5-ჯერ გაიზარდა; სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის, თემურ ყურშუბაძის მეუღლემ უკანონოდ ააშენა 2 ახალი შენობა-ნაგებობა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 20.02.2023

114. სავარაუდო კორუფციული შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალურ შესყიდვებში

თერჯოლის საკრებულოს წევრების მეგობრის და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ყოფილი თანამშრომლის, ლადო ხვარეშიას კომპანია „გოლდ ფაუერმა“ სახელმწიფო შესყიდვებით, 9 თვეში 500 000 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. პირველი ტენდერი კი დაარსებიდან სულ რაღაც ორ თვეში მოიგო. ერთ-ერთ ტენდერში თერჯოლის მერიამ ხვარეშიას კომპანიის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა ისეთი „ხარვეზის“ გამო, რომელიც სხვა დროს პრობლემა არ ყოფილა.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 15.02.2023

113. სავარაუდო კორუფციული გადაწყვეტილება თევზჭერის ლიცენზიების გაცემისას

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2018 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შავ ზღვაში ქაფშიის მოპოვებაზე ლიცენზია 2036 წლამდე გაუგრძელა ოთხ კომპანიას. ლიცენზიანტი კომპანიის მეწილეები მმართველ პარტიასთან “ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან უჩა მამაცაშვილთან არიან დაკავშირებული.

გამოძიების თანახმად, შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, კომპანიებს სალიცენზიო პირობები შეუცვალა და, ამასთან, ლიცენზირებული კომპანიები ფაქტობრივად მონოპოლისტურ მდგომარეობაში ჩააყენა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 11.02.2023; ბათუმელები – 21.03.2021

112. თავდაცვის მინისტრის შვილის ბიზნესი

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის შვილის, დავით ბურჭულაძის, კომპანია შპს კოლხეთი (ს/კ 405369694) სოფელ მუხათწყაროში რუსულ აბანოებს აშენებს. მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და უკვე დასრულებულია. ჯუანშერ ბურჭულაძე, დავით ბურჭულაძე და კომპანია ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებული, თუმცა მინისტრმა შვილი და მისი ბიზნესი დეკლარაციაში არ მიუთითა. კომპანიის დაფუძნების დროს მინისტრის შვილი 19 წლის იყო.

წყარო: ტვ პირველი – 11.02.2023

111. შინაგან საქმეთა მინისტრის დამალული ქონება და ბიზნესი – ნაწილი 1

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამშენებლო და სათამაშო ბიზნესებსაც ფლობს, რომელიც ფიქტიურად დავით ველიჯანაშვილის სახელზე აქვს გაფორმებული.

წყარო: ტვ პირველი – 09.02.2023

110. მესტიის საკრებულოს წევრის კომპანია ადგილობრივ შესყიდვებს იღებს

მესტიის საკრებულოს ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან, ბაჩუკი ნაკანთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს “ბუილდერ 21”-მა ადგილობრივი შესყიდვებიდან 1 212 404 ლარი მიიღო, მათ შორის 578 898 ლარი – ბაჩუკი ნაკანის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ. კომპანიამ ყველა ტენდერში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 08.02.2023

109. ვახტანგ გომელაურის სიძის მილიონიანი ქონება

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიძე, შალვა ომსარაშვილი, მინისტრის შვილთან ქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე და შემდეგ, დაახლოებით 1 წელიწადში, მილიონიან ქონებას აგროვებს. მინისტრის სიძის სახელზე ფიქსირდება ძვირადღირებული მანქანები და ბინები თბილისში, მაშინ როცა ანა გომელაურთან ქორწინებამდე ომსარაშვილის სახელზე გურჯაანში მხოლოდ რამდენიმე ჰა მიწის ნაკვეთი იყო რეგისტრირებული.

წყარო: ტვ პირველი – 04.02.2023

_________________________________________________________

2022 წელი

108. ნეპოტიზმის, ინტერესთა შეუთავსებლობისა და უკანონო გამდიდრების სავარაუდო შემთხვევები

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია სავარაუდო ნეპოტიზმის ათობით შემთხვევაზე, როდესაც პარლამენტის წევრების, მინისტრებისა და მათი მოადგილეების ოჯახის წევრები სახელმწიფოს მიერ დაარსებულ და დაფინანსებულ ორგანიზაციებში საქმდებიან. ასევე, გამოძიებაში მოხვდა სავარაუდოდ ინტერესთა შეუთავსებლობისა და უკანონო გამდიდრების, პარტია „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული პირებისა და ე.წ პარტიული აქტივის სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შემთხვევები.

წყარო: სტუდია მონიტორი – 25.12.2022

107. კორუფციის რისკები აბასთუმანში

2018 წლის აგვისტოდან 2022 წლის დეკემბრამდე 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის 249 920 551 ლარი დახარჯა, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში. მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით საკუთარი ეკონომიკური დაინტერესება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. დახარჯული თანხის 83.1% „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მმართველი პარტიის ანგარიშზე  1 276 000  ლარი შეიტანეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 09.12.2022; ბათუმელები – 03.10.2025

106. „ქართული ოცნების“ შემწირველის 1.7 მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც ეკუთვნის „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველს, და წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ არქიტექტორს გიორგი ჭყონიას.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 05.12.2022

105. ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და ცემენტის ბიზნესი

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ქართული ცემენტის მწარმოებელი კომპანია “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია” ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. გამოძიების მიხედვით, კომპანიის ივანიშვილთან კავშირის გამო, სახელმწიფო უწყებები კომპანიის კანონდარღვევებზე სათანადოდ არ რეაგირებენ.

წყარო: რადიო თავისუფლება – 26.11.2022

104. დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული სახელმწიფო მიწა

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ქართული ოცნების” დეპუტატის ლევან მგალობლიშვილის ოჯახმა წყნეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწა უკანონოდ მიიტაცა, შემოღობა და სახლიც ააშენა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიწა თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა და არც იჯარითაა გაცემული.

წყარო: ტვ პირველი – 26.11.2022

103. სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებით

სტატიაში აღწერილია გარემოებები, რაც მიუთითებს შესაძლო პოლიტიკურ კორუფციაზე მმართველ პარტიასთან დაახლოებული რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის მონაწილეობით. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ხიდაშელი 2020 წელს მმართველ პარტიას ამომრჩეველთა მობილიზების მიზნით პოლიტიკურად მოტივირებული საქმის წამოწყებაში დაეხმარა, მან პრიორიტეტულად მიიღო, 13-ჯერ უფრო მომგებიანი ბუნების კონსერვაციის პროექტის ხარჯზე, რაჭის ტყეში კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობის უფლება, რის შედეგადაც სახელმწიფომ დაახლოებით 2 მილიონი ლარის ზიანი მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 24.11.2022

102. დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის სამშენებლო ბიზნესი

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ქართული ოცნების” დეპუტატის ლევან მგალობლიშვილის სამშენებლო ბიზნესებს პირადად კურირებს, თუმცა კომპანიები ცოლის და სიმამრის სახელზეა რეგისტრირებული. ამასთან, კომპანია შპს “მარშალ დიდი დიღომი” ბინებს ისე ყიდის, რომ თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვა სრულად მიღებული არ აქვს. გარდა ამისა, გუდაურის სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის აშენებაზე დასაქმებული მუშები აცხადებენ, რომ კომპანია გაწეულ სამუშაოს არ უნაზღაურებს, ხოლო როცა გააპროტესტეს, მათ დეპუტატი პირადად დაემუქრა.

წყარო: ტვ პირველი – 19.11.2022

101. არჩევნების გაყალბების სქემა

საფრანგეთში გაქცეული რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ონიანი, ამხელს მმართველი პარტიის მიერ არჩევნებში ხმების მობილიზების სქემას. ონიანის თქმით, არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან ხალხის მოსასყიდად და შავი საქმეებისთვის დიდი ოდენობით შავ ფულს ატანდნენ. რუსთავში მობილიზებული ხმების სანაცვლოდ პარტია ან ფულს იხდიდა, ან შუამავლების ნათესავებს მერიაში ასაქმებდა. ასევე, ხმების სანაცვლოდ სურსათისა და მედიკამენტების ყიდვაც ხდებოდა. ონიანი ჰყვება ბიზნესის ჩართულობაზეც, რომ დიდი ბიზნესები მმართველი პარტიის სასარგებლოდ თანამშრომლების მობილიზებას ახდენდნენ. ონიანის თქმით, ეს ყველაფერი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებთან, კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძესთან, შეთანხმებით ხდებოდა. ონიანის თქმით, მას ავალებდნენ კონკრეტული ადამიანების სასარგებლოდ დადგენილებებისა თუ განკარგულებების მიღებასაც.

წყარო: ტვ პირველი – 19.11.2022

100. ბიზნესომბუდსმენ ოთარ დანელიას საეჭვო გამდიდრება

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია ბოლო 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის მქონე და ამჟამად ბიზნესომბუდსმენ ოთარ დანელიას საეჭვო გამდიდრება, ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონების მიუთითებლობა, შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობა და მის მეუღლესთან დაკავშირებით სავარაუდო ნეპოტიზმი.

წყარო: სტუდია მონიტორი – 12.11.2022

99. სავარაუდო კორუფცია სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში

2013-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა და თანამდებობებზე მყოფმა პირებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა,  ჯამში 39-მა სუბიექტმა, 54 ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 129 775 კვ.მ. მიწა,  7 725 685 ლარად იყიდეს. მათ შორის,  გასხვისებული მიწის  75 % (97 417 კვ.მ)  უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით 2 938 300 ლარად გაიყიდა. გარდა ამისა, 8 სუბიექტმა, 378 223 კვ.მ. ფართობი 1 458 387 ლარად, პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო.

დაბა აბასთუმანში დაშინების, რეკეტისა და ფიქტიური პირების საშუალებით ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო მიწების დაუფლებაზე საუბრობს ტვ პირველის ჟურნალისტური გამოძიებაც. მაგალითად, პენსიონერმა მარინა კბილაშვილმა, რომლის შვილი ელდარ კბილაშვილი ადიგენის საკრებულოს წევრია „ქართულ ოცნებიდან“, სახელმწიფოსგან 5 684 კვ. მ მიწის ნაკვეთი 568 400 ლარად შეიძინა და დამატებით 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც აიღო. მან ეს მიწა დაახლოებით ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია შპს ვილა აბასთუმანს მიყიდა. სიუჟეტში ნაჩვენებია მაგალითი, როცა მოქალაქეს წლობით მათ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები არ დაურეგისტრირეს და შემდეგ ეს მიწა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირს, დემეტრე თათეშვილს მიყიდეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 09.11.2022; ტვ პირველი – 19.11.2022

98. ბიძინა ივანიშვილის მიერ უკანონოდ გადახურული ტყე

ბიძინა ივანიშვილის ცოლის კომპანიამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყე (125 248 კვ. მ) სარგებლობის უფლებით გადაცემამდე შემოღობა, 25 მ სიმაღლეზე ბადეებით გადახურა და სამშენებლო სამუშაოები ნებართვის მიღებამდე დაიწყო. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყე ივანიშვილის ცოლის კომპანიამ 49 წლის ვადით იჯარით ოფიციალურად 2022 წლის 3 ნოემბერს მიიღო, თუმცა 27 ოქტომბერს ტყე უკვე გადახურული და შემოღობილი იყო. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსის მ/შ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო. საჩხერის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც მშენებლობის ნებართვა უნდა გაეცა, ასევე არაფერი იციან.

წყარო: ტვ პირველი05.11.2022; ნეტგაზეთი – 06.11.2022

97. სავარაუდო ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევები, როცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები საჯარო სამსახურში თანამდებობებს ინაწილებენ. მაგალითად, 1. ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილიშვილი, თათია ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული; 2. ფლორა მილორავა, ივანიშვილის პირადი მცველის ირაკლი სანიკიძის დედა, თბილისის საკრებულოშია დასაქმებული. მილორავას ეკატერინე ხვედელიძესთან ნათელ-მირონობაც აკავშირებს. გამოძიებაში ნაჩვენებია სხვა საეჭვო შემთხვევებიც.

წყარო: ტვ პირველი – 05.11.2022

96. ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს საეჭვო შესყიდვები

2019-2022 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერიასთან და საკრებულოსთან დაახლოებულ პირებს ხარაგაულის მერიამ 230 ათასი ლარის პირდაპირი ხელშეკრულებები გაუფორმა. ეს პროცესი კონკურენციის გარეშე წარიმართა და კომპანიებს არც გამოცდილება. პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მერიამ ხელშეკრულებები გააფორმა საკრებულოს წევრის მამასთან, საკრებულოს წევრის შვილთან და სიძესთან, მერიის თანამდებობის პირის ნათესავთან.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 01.11.2022

95. დეპუტატ ფრიდონ ინჯიას შვილის სასარგებლოდ გაცემული სამშენებლო ნებართვა

დეპუტატ ფრიდონ ინჯიას შვილმა, ილია ინჯიამ, 17 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან აუქციონზე 2016 წელს 5 მლნ ლარად შეიძინა, მრავალფუნქციური სასტუმროს აშენებისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის ვალდებულებით. თუმცა, მოგვიანებით 32 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გადაწყვიტა, რისი მშენებლობის უფლებისთვისაც თბილისის მერიამ 4 თვეში დასკვნა რადიკალურად შეცვლა, შედეგად სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეუცვალეს, სამშენებლო ზონად გადააკეთეს და თანხმობა გასცეს.

წყარო: ტვ პირველი – 29.10.2022

94. ქობულეთის მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო შესყიდვები

კომპანია „ზომა”, რომელიც ქობულეთის მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში უკონკურენტოდ იმარჯვებს. კომპანიის დირექტორი – ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ხელმძღვანელი იყო, ხოლო დირექტორის მოადგილე – გია გოლიაძის მეუღლე, ფატი ჯინჭარაძე, კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია.

„ზომას” გამარჯვებით დასრულებულ ყველა (18) ტენდერში შემსყიდველი ქობულეთის მუნიციპალიტეტია. აქედან კომპანიამ 847,974 ლარი მიიღო, მათ შორის 634,415 ლარი (75%) უკონკურენტო პირობებში. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა და მუნიციპალურმა იურიდიულ პირებმა კომპანიასთან 469,865 ლარის 25 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 26.10.2022

93. სოზარ სუბარის მიერ სასჯელისთვის თავის არიდების სავარაუდო შემთხვევა

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2015 წელს, როცა სოზარ სუბარი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო, არაფხიზელ მდგომარეობაში თავად მართავდა სამსახურეობრივ მანქანას და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ოფიციალურად მისმა მძღოლმა აიღო თავის თავზე, თუმცა ამ დანაშაულისთვის სასჯელი არც მას მოუხდია. სიუჟეტის მიხედვით, ინციდენტიდან მალევე მძღოლმა 190 000 დოლარად თბილისის ცენტრში აპარტამენტი შეიძინა, სესხი კი ქართუ ბანკმა მისცა. გარდაცვლილის მეუღლე ჟურნალისტებთან აღიარებს, რომ მას 20 000 ლარი გადაუხადეს, რომ არ ეჩივლა.

წყარო: ტვ პირველი – 15.10.2022

92. როგორ დაეპატრონა მერის წარმომადგენელი დუზაგრამას სოფლის მიწებს

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მუხტარ ისმაილოვი, რომელიც 2007 წლიდან სოფელ დუზაგრამაში საგარეჯოს მერის წარმომადგენელია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტების გაყალბების გზით, სახნავ-სათეს მიწებს ეპატრონება. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს თაღლითური სქემა, რომლითაც ისმაილოვი ნაკვეთებს (საუბარია 90 ჰა-ზე) უფორმებს თავის ოჯახის წევრებს ან სანდო პირებს, შემდეგ კი თავად იყენებს მათ პირადი მიზნით.

წყარო: აი, ფაქტი / ifact – 06.10.2022; OCCRP – 16.11.2022

91. დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკური ინტერესები და მასთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს. ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს. ასევე, 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევით გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდიაც მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 05.10.2022, 04.03.2021; 03.07.2020

90. ხელვაჩაურის მერის უნებართვო მშენებლობა და ხარვეზები მის ქონებრივ დეკლარაციებში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ბათუმში სახლის მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო, ხოლო მშენებლობის ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა. მერმა დეკლარაციაში არც კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებით მიღებული შემოსავალი (39,000 აშშ დოლარი) მიუთითა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 31.08.2022

89. მაჟორიტარობის 14 წელი ათეულობით მილიონი ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს

საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარად არჩეული ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის შემოსავალმა ტენდერებიდან 2011–2021 წლებში 13,647,191 ლარს მიაღწია. ანზორ ბოლქვაძის ნათესავის კომპანია შპს „როდამ” სახელმწიფო შესყიდვებით 4,891,873 ლარი მიიღო, საიდანაც 53% (2,611,087 ლარი) გამარტივებული შესყიდვებიდან, უკონკურენტო ტენდერებიდან და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული შემოსავალია.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 15.08.2022; 04.08.2021; 24.06.2020

88. მოსამართლეების დაუსაბუთებელი სიმდიდრე და კლანური მმართველობა

„სტუდია მონიტორისა“ და გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის OCCRP ერთობლივი გამოიძიებს მიხედვით, სასამართლო ხელისუფლების გავლენიანი ლიდერები – ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე ძვირადღირებულ ქონებას მალავენ. კერძოდ, ლევან მურუსიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირი (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი) ლელა ჭანია, შესაბამისად, არც მის სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება. მიხეილ ჩინჩალაძემ არ მიუთითა დეკლარაციაში ბინები და ავტოფარეხები თბილისის ცენტრში, ვერაზე, რომლებიც მამიდის სახელზეა გაფორმებული.

წყარო: სტუდია მონიტორი – 07.08.2022; OCCRP – 07.08.2022

87. „როგორ ართმევს პროკურატურა საირმელებს მიწებს“

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია, რომ საირმეში პროკურატურა 20 ოჯახს მიწის ნაკვეთების მითვისებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, კურორტ საირმის მფლობელის თემურ კოხოძის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ უკანონოდ ედავება. თემურ კოხოძის კომპანიები (თეგეტა მოტორსი) ყოველწლიურად მილიონობით ლარის სახელმწიფო შეკვეთებს იღებენ და პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. თავად კოხოძე ბრალდებას უარყოფს. გამოძიების თანახმად, კოხოძის ინტერესების სასარგებლოდ ადგილობრივებთან მოლაპარაკებებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე მონაწილეობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2012 წელს წერდა, რომ 2010 წელს კურორტ საირმეში დაახლოებით 20-მდე ადგილობრივმა მეწარმემ 1 კვირის განმავლობაში სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრედ მოგვიანებით მაჟორიტარი დეპუტატის თემურ კოხოძის კომპანია დარეგისტრირდა. კოხოძე მაშინ მიწების იძულებით დათმობასთან კავშირს უარყოფდა. კოხოძე და მისი კომპანიები იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ.

წყარო: რადიო თავისუფლება – 22.07.2022; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 31.10.2012

86. მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და „სამართლიანმა არჩევნების” ერთობლივი კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება. ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) – 21.07.2022

85. იმერეთში ტენდერებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია იგებს

ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია, შპს „ბორანი“ იგებს. კომპანიამ, რომლის მეწილეები მმართველი პარტიის შემომწირველები არიან და რომელიც თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩხიკვაძის ოჯახს ეკუთვნის, 2013 წლიდან 2022 წლის 12 ივლისამდე 34,970,860 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 20.07.2022

84. თანამდებობის პირების სავარაუდო კორუფციული გარიგებები სასულიერო პირებთან

ჟურნალისტური გამოძიება, სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ფარული მიყურადების დოკუმენტებზე დაყრდნობით აღწერს, თუ როგორ ახერხებდნენ კონკრეტული მაღალი რანგის სასულიერო პირები მაღალჩინოსნების დახმარებით და ანაზღაურების სანაცვლოდ, მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების საპროცესო შეთანხმებით ან ვადამდე ადრე გათავისუფლებას. გამოძიებაში აღწერილია რვა საქმე და ნახსენებია შემდეგი თანამდებობის პირების სახელები: იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

წყარო: სტუდია მონიტორი – 14.05.2022

83. დეპუტატ გიორგი ვოლსკთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დეპუტატ გიორგი (გია) ვოლსკის კლასელისა და მეგობრის, ამირან მანჯავიძის კომპანიები, სავარაუდოდ მორგებულ სახელმწიფო ტენდერებს იგებენ. მანჯავიძის ერთი კომპანია შავ სიაში მოხვდა სატენდერო პირობების შეუსრულებლობის გამო, რის შემდეგაც მან ახალი კომპანია დაარეგისტრირა. რადგან ახალი კომპანია გამოუცდელი იყო, ახალი სატენდერო პირობებით 10-წლიან გამოცდილება აღარ იყო მოთხოვნილი, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო. გიორგი ვოლსკის მეუღლე, მანჯავიძის ერთ-ერთ კომპანიაშია დასაქმებული.

წყარო: ტვ პირველი – 14.05.2022; მთის ამბები – 12.02.2022

82. „მბრუნავი კარის“ და შესაძლო კორუფციის შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბლოგში საუბარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში „მბრუნავი კარის“ და შესაძლო კორუფციის შემთხვევაზე. 2018 წელს ბორჯომის საკრებულოში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ფირან გოგიჩაშვილმა შპს „მშენებლობა და პროექტირება“ უსასყიდლოდ გააჩუქა, თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, 2022 წელს, აწ უკვე ყოფილმა დეპუტატმა კომპანია უკან დაიბრუნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2018-2021 წლებში,  შპს „მშენებლობა და პროექტირებამ“ და ინდ. მეწარმე ვასილ მჭედლიძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 52 სახელმწიფო შესყიდვიდან 2,203,460 ლარი მიიღეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 06.05.2022

81. სენაკის საკრებულოს ყოფილმა წევრმა კომპანია გააჩუქა და ტენდერებს ისევ იგებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2021 წლის თებერვალში წერდა სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას და მისი კომპანიის შესყიდვებზე. სწორედ ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიამ 7 მილიონ ლარამდე შესყიდვების ისტორიის მქონე კომპანია, შპს „დაგი“ უსასყიდლოდ გააჩუქა. შედეგად, კომპანიას სახელი შეუცვალეს და შპს „მენათი“ გახდა, შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართიც. სახეცვლილების შემდეგ, კომპანიამ სენაკის მუნიციპალური შესყიდვებით 1,389,507 ლარის ღირებულების ხელშეკრულება მიიღო. ექვსი ტენდერიდან ხუთი და ორივე გამარტივებული შესყიდვა „მენათმა“ მაშინ მიიღო, როცა ადამია ჯერ კიდევ საკრებულოს წევრი იყო. დათო ადამია, სავარაუდოდ, ცდილობს დამალოს საკუთარი კავშირი როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთან.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 06.04.2022; 17.02.2021

80. თბილისის მერიის მიერ სავარაუდო უკანონო სამშენებლო ნებართვების გაცემა

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო სამშენებლო ნებართვების გაცემაზე ულტრა-მემარჯვენე ჯგუფ ალტ-ინფოსა და პარტია „კონსერვატიული მოძრაობა / ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის კონსტანტინე მორგოშიასა და მისი ძმის გიორგი მორგოშიასთვის, რომლებმაც შეძლეს მანამდე მრავალჯერ დახარვეზებული სამშენებლო ნებართვების მოპოვება. 2021 წელს გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებში კიდევ ერთი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საუბრობს, რომ კახა კალაძემ კონსტანტინე მორგოშიას ორჯერ მისცა უკანონო მშენებლობის ნებართვა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 03.04.2022

79. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საეჭვო შესყიდვები

ჩხოროწყუს მერიამ ორი თვის დაფუძნებულ შპს „სალომე 92“-ს 207,197 ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გაუფორმა. კომპანიის მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მამა-შვილი, სალომე და ჯამბულ პაპავები არიან. ჩხოროწყუში მათ 2012 წლიდან ჯამში 1,080,842 ლარის მუნიციპალური შესყიდვები აქვთ მიღებული.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 31.03.2022

78. წყალტუბოს საკრებულოს წევრის კომპანიებმა 63 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს

წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა შპს “ჯ და ჯ”-მ და შპს “როსტვერკმა” 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63,039,857 ლარი მიიღეს. ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ “როსტვერკმა” პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 2017-2021 წლებში 135,000 ლარი შესწირეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 24.03.2022

77. ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა აჭარის მუნიციპალურ შესყიდვებში

„ქართული ოცნებიდან“ ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილმა კომპანიებმა „აჭარგანათებამ“ და „განათებამ“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2022 წლებში 66,844,339 ლარი მიიღეს. ამ თანხის 91% კომპანიებმა უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 22.03.2022; 25.11.2019

76. სავარაუდო კორუფციული ფაქტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში

ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან დაკავშირებულმა შპს „მაი თაუნმა“ და ინდმეწარმემ, შორენა თაბაგარმა 2014-2021 წლებში 68 სახელმწიფო შესყიდვით 4,117,864 ლარი მიიღეს; აქედან 2,162,992 ლარი (საერთო თანხის 52%) უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის გზით.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 18.03.2022

75. შპს „ილი ჯგუფი“ მრავალმილიონიან ხელშეკრულებას არღვევს და თან ახალ ტენდერებს იგებს

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია შპს „ილი ჯგუფზე“, რომელსაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი მფარველობს. კომპანიასთან დაკავშირებული პირები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან (ჯამში 350,000 ლარი). კომპანია მარტივად იგებს მრავალმილიონიან ტენდერებს ქვეყნის მასშტაბით (ჯამში 123 მლნ ლარზე მეტი), მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს; მაგალითად: ერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კომპანიამ პატიმრების კვებაზე გაფორმებული ხელშეკრულება 29-ჯერ დაარღვია, თუმცა მას არც კონტრაქტი შეუწყვიტეს და არც „შავ სიაში“ შეიყვანეს. კომპანიამ მალევე დამატებით 10 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა.

წყარო: რადიო თავისუფლება – 07.02.2022; 17.12.2021

74. ტყის საეჭვო გადაცემა კომპანიისთვის, რომელსაც თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მეუღლე ხელმძღვანელობს

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მეუღლე დაინიშნა იმ კომპანიის მმართველად, რომელმაც 2 თვით ადრე, დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში უკონკურენტოდ მოიგო აუქციონი, რომლის საფუძველზეც თბილისის ეროვნული პარკის ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მართვაში 40 წლის ვადით მიიღო.

წყარო: ნეტგაზეთი – 28.01.2022

73. თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დედის კომპანიას სახელმწიფო ქონება იაფად გადაეცა

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია, როგორ მიჰყიდა თბილისის მერიამ საინვესტიციო ვალდებულების გარეშე კიკეთში, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ტერიტორია იმაზე გაცილებით იაფად, ვიდრე შეფასებული იყო, კომპანია შპს „კიკეთი დეველოპმენტს“, რომლის ერთ-ერთი მეწილე თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დედა, მარინე სამსონაშვილია. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, კომპანიის მხრიდან ხელმომწერი გალაქტიონ ბუაძეა, რომელიც 2016-2018 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად მუშაობდა, მისი პირველი მოადგილე კი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო.

წყარო: შაბათის ფორმულა – 22.01.2022

72. პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ უფლებამოსილების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენება სახელმწიფო ქონების მითვისების მიზნით

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება, რათა ბაკურიანში მისი სახლის მომიჯნავედ არსებული 6 ათას კვ.მ-მდე ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში გადაცემულიყო მისი მეუღლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის. ტყის გაფორმებიდან დაახლოებით 1 წელში ტერიტორია მავთულხლართებითაა შემოღობილი, ხელშეკრულებით ნაკისრი მოთხოვნების საპირისპიროდ.

წყარო: TV პირველი – 22.01.2022; 11.02.2023

71. პარლამენტის წევრ ნინო წილოსანის ნათესავისთვის ტყის საეჭვო გადაცემა

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პარლამენტის წევრისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო წილოსანის სიძის ომარ ხატიაშვილის კომპანია შპს “ღვინის გზას” საეჭვო გარემოებებში გადაეცა ყვარელში მდებარე 8 ჰექტარი ტყე. ომარ ხატიაშვილი ნინო წილოსანის ბიძაშვილისა და ბიზნესპარტნიორის გვანცა წილოსანის მეუღლეა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 22.01.2022

________________________________________________________

2021 წელი

70. „ოცნების“ შემწირველების და თანამდებობის პირების კომპანიები სახელმწიფო პროგრამებიდან სუბსიდიებს იღებენ სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ წევრებისა და შემწირველების, ასევე, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიებს და  სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ. 2018-2020 წლებში, 17-მა ასეთმა სუბიექტმა, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 2,240,794 ლარი მიიღო, რაც პროგრამით რეგიონში დახარჯული თანხის მესამედია. მათ შორის 9 სუბიექტს, სხვადასხვა დროს  სახელმწიფო შესყიდვებით 4,733,891 ლარი დაერიცხა, 7-მა კი „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 594,400 ლარი შესწირა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 17.12.2021

69. სავარაუდო კორუფციის შემთხვევა სასამართლოში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნა და მისი შედეგები. მაგალითის სახით ნაჩვენებია ინტერვიუ შვეიცარიელ ინვესტორ შპს „ბაზელის“ ხელმძღვანელ რონალდ ვოლდმენთან, რომელიც აცხადებს, რომ: „კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა მოგვთხოვეს, გადაგვეხადა მილიონობით ლარი, რათა ჩვენი საქმის წარმოება გაგრძელებულიყო და საბოლოოდ მოგვარებულიყო. ამის გამო დაგვჭირდა საქმეში ჩაგვერთო შვეიცარიის და სხვა ქვეყნის საელჩოები, რათა საქმის გასაგრძელებლად არ დაგვჭირვებოდა ქრთამის გადახდა.“

წყარო: სტუდია მონიტორი – 04.12.2021

68. გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილეების დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონება. შოთაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია თბილისში ბინის რემონტისა და მოწყობისთვის გაღებული ხარჯები, რომლებიც ბევრად აღემატება მის ოფიციალურ შემოსავალს. გარდა ამისა, წავკისში, შოთაძის მეუღლის სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობისთვის გაცემული ნებართვით დგინდება, რომ გენერალური პროკურორი ძვირადღირებულ კერძო სახლის აშენებას აპირებს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე დაითვალეს გენერალური პროკურორის მოადგილეების გიორგი გაბიტაშვილისა და გიორგი ბადაშვილის ქონებები, რომელთა ღირებულება ასევე სცდება მათ ოფიციალურ ანაზღაურებას.

წყარო: მთავარი არხი – 15.05.2021; ტვ პირველი – 27.11.2021

67. სავარაუდო გავლენებით ვაჭრობა სასულიერო პირების სასარგებლოდ

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია 4 შემთხვევაზე, როდესაც გავლენიანი სასულიერო პირები, სავარაუდოდ, იყენებდნენ კავშირებს მაღალი თანამდებობის პირებთან სხვადასხვა კორუფციული სარგებლის მისაღებად: 1. მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ ანტონ ბულუხიას დახმარება; 2. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის მიერ დეკანოზ გიორგი ტატუნაშვილისთვის სამშენებლო ნებართვის მიღებაში დახმარება; 3. დეპუტატების სოზარ სუბარისა და ირაკლი ქადაგიშვილის მიერ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დახმარება შვილის სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში; 4. შსს-ს ყოფილი მოადგილის კახა საბანაძისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილის მიერ მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის დახმარება.

წყარო: სტუდია მონიტორი – 23.10.2021; აი, ფაქტი / ifact – 10.05.2022

66. სასამართლო გადაწყვეტილებებზე არასათანადო გავლენის მოხდენის სავარაუდო მცდელობა

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, არსებობს, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, „ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი კოვზანაძე და პაატა კვიჟინაძე, მათი კოლეგის, ამჟამად უკვე ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის დახმარებით ახდენენ გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესში, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დეპუტატ მამუკა მდინარაძესაც.

წყარო: ტვ პირველი – 25.09.2021; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 27.09.2021

65. პოლიტიკური შემოწირულების იძულების სავარაუდო შემთხვევა

მედია სიუჟეტის თანახმად, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეამოწმა მონაცემები და დაადასტურა დროის მოკლე მონაკვეთში მმართველი პარტიისადმი სამცხე-ჯავახეთიდან უჩვეულოდ კონცენტრირებული შემოწირულებების არსებობა (2-16 აგვისტოს პერიოდში 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა).

წყარო: მთავარი არხი – 22.08.2021; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 26.08.2021

64. საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერი კონკურენციას ზღუდავს

სს ,,საქართველოს რკინიგზამ" მაგისტრალური რელსების შესასყიდად 52.8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და მომწოდებლებისგან რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრული სერტიფიკატები მოითხოვა. წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „უნი-2“-მა წარადგინა. 52.8 მლნ-იან ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანიის მონაწილეობა ეჭვს აჩენს, საქმე ხომ არ გვაქვს, ე.წ. კონკრეტულ მიმწოდებელზე „მორგებულ“ ტენდერთან.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 05.08.2021

63. თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში – პოლიტიკური კავშირები და ეკოლოგიური პრობლემები

ფოთში გარემოსდაცვითი პრობლემები დაკავშირებულია თევზის გადამამუშავებელ კომპანიებთან რომელთა მეპატრონეები ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მათ 783, 100 ლარის პოლიტიკური შემოწირულება გაიღეს და ფინანსდებიან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 23.07.2021

62. ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს

ნინოწმინდის ცენტრში არსებული პარკი, რომელიც საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, ნაბიჯ-ნაბიჯ კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა. საგულისხმოა, რომ 2,840 კვ.მ. მიწის მფლობელები გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, მათთან დაახლოებული პირები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირდაპირ შესყიდვებს, მრავალი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნინოწმინდის მერია და მისი იურიდიული პირები აფორმებენ.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 08.07.2021

61. პრივილეგიები ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისთვის

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე. კერძოდ, მისი ძმის კომპანიების პროექტებისთვის (ღორების ფერმა რაჭაში, აგურის ქარხანა კასპში და ხამონის წარმოება რაჭაში), ნათესაური კავშირების შესაძლო გამოყენების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საპარტნიორო ფონდიდან, აწარმოე საქართველოდან გადაცემულ თანხებისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პირგასამტეხლოს პატიებაზე.

წყარო: სტუდია მონიტორი – 26.06.2021

60. „მბრუნავი კარის” შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტში

ნანა ზარანდია, 2014 წლიდან იყო სენაკის მერიის ჯერ იურიდიული, შემდეგ კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 2019 წლის 8 თებერვალს ზარანდია მერიიდან წავიდა და სს „არქეოპოლისის” დირექტორად დაინიშნა, რის შემდეგაც, „არქეოპოლისმა” 6, 054, 373 ლარის 6 ტენდერი და 1 გამარტივებული შესყიდვა მიიღო სენაკის მერიისგან. 2020 წლის ივნისიდან, ზარანდია კვლავ მერიის ადმინისტრაციის უფროსად დაბრუნდა, „არქეოპოლისმა” კი, სენაკის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი მოიგო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 3, 874, 513 ლარი.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 25.06.2021

59. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესები ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ჯუმბერ იზორიას ოჯახის კომპანია „თოგენი” ახორციელებს. ავტომობილების შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების მუნიციპალურ შესყიდვებს კი ჯუმბერ იზორიას მეგობარი, ცაბუ გოგუა იგებს. მას ჯამში 257, 987 ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან 12 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია, ერთ შემთხვევაში კი მან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღო კონტრაქტი, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 24.06.2021

58. სამცხე-ჯავახეთში კორუფციისთვის ნასამართლევი პირები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა: ნოდარ ბალახაშვილმა, თამაზ პეტაშვილმა, დავით ჩაჩანიძემ და გურამ ფარცახაშვილმა 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7, 442, 197 ლარი მიიღო

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 18.06.2021

57. ჩხოროწყუს მერთან დაკავშირებული პირების საეჭვო მონაწილეობა ადგილობრივ შესყიდვებში

ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა საეჭვო გარემოებებში (კონკურენტების დისკვალიფიკაცია და კონტრაქტის ღირებულების ცვლილება) იგებენ. ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 2011 წლიდან დღემდე 3,377,519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 24.05.2021

56. ბიძინა ივანიშვილის პროექტებში ჩართვის შემდეგ კომპანია მრავალმილიონიან ტენდერებს საეჭვო გარემოებებში იგებს

2018 წელს, მას შემდეგ რაც შპს „არალის“ მესაკუთრემ (რომელიც წარსულში სახელმწიფო შესყიდვებიდან თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნეს), აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდა და ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში ჩაერთო, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან მრავალმილიონიანი კონტრაქტების მიღება დაიწყო. თუ კომპანიას მანამდე 7 წლის განმავლობაში 51.5 მლნ ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ორ წელიწად ნახევარში 125.4 მლნ ლარის კონტრაქტები მოიგო. ტენდერების მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიამ კონკურენტების დისკვალიფიკაციის საფუძველზე მოიპოვა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 22.05.2021

55. ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის საეჭვო სქემები

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილმა ემზარ ივანიშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა გრიგოლ ხურციძემ გამოიყენეს მათი კავშირები და გავლენა, რათა სამი სხვადასხვა სამშენებლო პროექტისთვის მიეღოთ საეჭვო ნებართვები.

წყარო: სტუდია მონიტორი – 15.05.2021

54. ქუთაისის მერის მოადგილის ინტერესთა შეუთავსებლობა

ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორმა ქუთაისის მერიის 5 ტენდერი (294,545 ლარის ჯამური ღირებულების) ძირითადად უკონკურენტოდ მიიღო. სატენდერო კომისიის ხელმძღვანელი თავად იუზა უგულავა იყო; მან ინტერესთა შეუთავსებლობა თავიდან არ აირიდა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 13.05.2021

53. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კორუფციის ბრალდებები ლისის ტბასთან მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები (მაგ: კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა) და პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველი (შპს „ლისი ჰილსის“ მეწილე მიხეილ ჯაფარიძე) უპრობლემოდ იღებენ მშენებლობის ნებართვებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან.

წყარო: სტუდია მონიტორი – 17.04.2021

52. „ქართული ოცნების“ დეპუტატის სავარაუდო ჩარევა მიმდინარე გამოძიებაში

ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ისკო დასენი იყენებს მის გავლენას, რათა შეაფერხოს პროკურატურაში შპს „ვიპ ტრეიდის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება. შპს „ვიპ ტრეიდი“, რომელსაც მოქალაქეები ვალუტის კურსით ვაჭრობის თაღლითური სქემის განხორციელებაში ადანაშაულებენ, წარსულში ისკო დასენის ორ ვაჟს ეკუთვნოდა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 03.04.2021

51. ბათუმის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა შეუთავსებლობა

ბათუმის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანია „ტრეიდინგ სერვისი“, რომლის წილი მან სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტებს იღებს ბათუმის მერიის იმ ა(ა)იპ-ებისგან, რომელთა კონტროლი პატარიძეს ევალება.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 19.03.2021

50. კორუფციის რისკები ქობულეთის მუნიციპალიტეტის უკონკურენტო შესყიდვებში

მას შემდეგ, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა (2011-2014) ბადრი რომანაძემ შპს „ჯორჯიან სტოუნში” დირექტორის პოზიცია დაიკავა, კომპანიამ მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 24.6 მილიონი ლარი საეჭვო გარემოებებში (კონკურენტების დისკვალიფიკაცია და დაუსაბუთებელი ცვლილებები დადებულ კონტრაქტებში) მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 03.02.2021; 23.04.2020

49. სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყურძნის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში ცვლილებები იქნა შეტანილი, იმისთვის, რომ მომხდარიყო პროგრამის მორგება მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიებისა და ბიძინა ივანიშვილთან (მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილისა და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, მეშვეობით) დაკავშირებული კომპანიების ინტერესებთან.

წყარო: სტუდია მონიტორი – 23.01.2021

_________________________________________________________

2020 წელი

48. ფოთის მერის ბიზნესპარტნიორი გამარტივებულ შესყიდვებს იღებს

მას შემდეგ, რაც 2017 წელს გოჩა კურდღელია ფოთის მერად აირჩიეს, მისი ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის კომპანიამ – შპს „ხალიბმა“ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი გამარტივებული კონტრაქტების მიღება დაიწყო ფოთის მუნიციპალური იურიდიული პირებისგან, რამაც კორუფციის შესახებ კითხვები გააჩინა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 07.12.2020

47. მეორე ინსტანციის სასამართლოზე სავარაუდო არაჯეროვანი ზეგავლენის შემთხვევა

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია შესაძლო არაჯეროვანი ზეგავლენის შემთხვევა მეორე ინსტანციის სასამართლოზე, რომელმაც შეცვალა მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებული იყო გერმანელი ინვესტორის, რიჩარდ სალერის, სააპელაციო საჩივარი სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ. საქმე ეხება 7 მლნ დოლარის გაფლანგვას სალერის ადგილობრივი პარტნიორის, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“, მიერ, რომელსაც ყოფილი სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხელმძღვანელობს. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენებია, რომ სასამართლოს სხდომის თავმჯდომარე, მზია თოდუა, წარსულში (ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი) სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

წყარო: სტუდია მონიტორი – 17.10.2020

46. კორუფციის ნიშნები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი მაღალჩინოსნების (ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და გიორგი ბალიაშვილი) და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველების (ნუგზარ და ნუკრი აბალაკები) კომპანიებმა – შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ – 2011-2020 წლებში 200 მილიონ ლარზე მეტის შესყიდვები ძირითადად უკონკურენტოდ მიიღეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 07.10.2020

45. კორუფციის ნიშნები კახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში

კახეთის 8 მუნიციპალიტეტის შესყიდვების ანალიზმა (167 მილიონ ლარზე მეტი 2013-2020 წლებში) გამოავლინა, რომ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს ხშირად (58 სუბიექტიდან 17 შემთხვევაში) იღებენ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები. 52-დან 32-მა შპს-მ გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერების მიღება დაფუძნებიდან მალევე დაიწყო, ზოგ შემთხვევაში კი – რამდენიმე დღეში.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 06.10.2020

44. მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი კაპანაძის ბიზნეს პარტნიორების მხრიდან კერძო კომპანია შპს „იბერიაზე“ ზეწოლის სავარაუდო შემთხვევა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოები კომპანიის პრობლემების მიმართ უყურადღებობას იჩენენ.                                          

წყარო: რადიო თავისუფლება – 01.10.2020

43. თბილისის მერიის მიერ მსხვილი ტენდერის სავარაუდო მორგება კონკრეტულ კომპანიაზე

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესაძენად 30 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და შემზღუდავი სატენდერო მოთხოვნების დაწესებით, კვალიფიციურ პრეტენდენტებს მასში მონაწილეობის საშუალება არ მისცა, რის შედეგადაც ტენდერი მმართველი პარტიის შემომწირველმა კომპანიამ მოიგო.

წყარო: რადიო თავისუფლება – 13.09.2020

42. სავარაუდო კორუფციის/„მბრუნავი კარის“ შემთხვევა, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტების მიღებას უკავშირდება

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, რომ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული სააქციო საზოგადოების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის (სულხან ზუმბურიძისა და მამუკა პაპუაშვილის) მიერ დაფუძნებულმა შპს „პარვუს ჯგუფმა“, მათი თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, უკონკურენტოდ და სხვადასხვა საეჭვო გარემოებებში მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო, რომელთა საერთო ღირებულება 19 მლნ ლარს შეადგენდა.

წყარო: რადიო თავისუფლება – 18.08.2020

41. ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზიის საეჭვო მონაწილეობა ნინოწმინდის მუნიციპალურ შესყიდვებში

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014  წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის შესყიდვების ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 17.07.2020

40. კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა და გამოავლინა 21 კონკრეტული შესყიდვა, სადაც სახელისუფლებლო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირი იკვეთება. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 07.07.2020

39. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო გამდიდრება

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მიიღეს 100 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მმართველი პარტიის შემომწირველმა კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გრიგოლ ლილუაშვილის მეგობართან და ნათესავთან, ბიჭიკო პაიკიძესთან. ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ხელმძღვანელია.

წყარო: სტუდია მონიტორი – 27.06.2020

38. ბიძინა ივანიშვილის ნათესავის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ (შპს “მშენინვესტი” და ინდ. მეწარმე) 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო. ყველაზე მეტი შესყიდვები მან საჩხერის მუნიციპალიტეტისგან მიიღო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 18.06.2020

37. კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის საახალწლო შესყიდვებში

თბილისის მერიის მიერ 2019 წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის განხორციელებულ შესყიდვებში (6.6 მლნ ლარი) მორგებული ტენდერების და კორუფციის ნიშნები გამოიკვეთა. ჩნდება ეჭვი, რომ საახალწლო შესყიდვები მორგებულია იტალიურ კომპანია IDO SRL-ზე, რომელიც წლების განმავლობაში უკონკურენტოდ იღებს სახელმწიფო კონტრაქტებს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 06.06.2020

36. გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში

კახეთში ორი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გიორგი ზედელაშვილთან (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილე) დაკავშირებული კომპანიებისთვის შესაძლოა ხელოვნურად შეიქმნა ხელსაყრელი პირობები.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 28.05.2020

35. სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის არჩევის შემდეგ მისი ძმა თამაზ მელიქიძე (შპს „ნუკია”) და რძალი ნანა მაისურაძე (ააიპ „სათნოების სახლი”) ახალციხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს იგებენ. ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის არჩევის შემდეგ კი მისმა ძმამ მალხაზ მელიქიძემ (სს „XXI საუკუნე“) ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვება დაიწყო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 08.05.2020

34. რეექსპორტის ბაზრის სავარაუდო მონოპოლიზება მაღალჩინოსნების მონაწილეობით

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ სძალავენ თანხებს თურქეთიდან საქართველოს გავლით სატრანზიტო გადამზიდავ კომპანიებს რუსი ბიზნესმენის, ფელიქს ხუდოევის, სასარგებლოდ. ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოთქმულია ეჭვი, რომ ეს შემოსავლების სამსახურისა და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით ხორციელდება, რომლებიც საქართველო-თურქეთის საზღვარზე აღნიშნულ კომპანიებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან.   

წყარო: ნეტგაზეთი – 28.04.2020

33. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო უკანონო გამდიდრება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა (და ყოფილმა თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა), ირაკლი ღარიბაშვილმა, ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა ძვირადღირებული საათების კოლექცია, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს, რაც უკანონო გამდიდრების ნიშნებზე მიუთითებს.

წყარო: რადიო თავისუფლება – 22.04.2020

32. ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევა „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო პროექტში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია 7 მლნ ლარის საეჭვო მომგებიანობის საინვესტიციო პროექტი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდი“ აფინანსებს და რომელიც კომპანია „გლობალ ბრენდმა“ სავარაუდოდ ფავორიტიზმის გზით მიიღო. კომპანიას ლევან გაჩეჩილაძე მართავს, რომელსაც პირადი კავშირები აქვს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელთან, დავით საგანელიძესთან, და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

წყარო: სტუდია მონიტორი – 29.02.2020

31. ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საჯარო სამსახურის დატოვებიდან მოკლე დროში მოახერხა მნიშვნელოვანი ქონების შეძენა, რასაც რამდენიმე საეჭვო გარემოება ახლდა თან.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 28.02.2020

30. გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა” 2013 წლის შემდეგ მსხვილი ტენდერების მოგება დაიწყო (105 მილიონზე მეტი მხოლოდ კახეთის რეგიონში). საეჭვო გარემოებებს შორისაა: კონკურენტთა დისკვალიფიკაცია, შეწყვეტილი ტენდერები, უკონკურენტო ტენდერები.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 17.02.2020

29. ყოფილ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

ახალქალაქი-ნინოწმინდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამმა კომპანიამ 2010-2019 წლებში ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 2,312,278 ლარი მიიღეს. თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობდა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 30.01.2020

28. სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების საპრივატიზაციო აუქციონის სავარაუდო ჩაწყობა

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მოხდა სახელმწიფოს კუთვნილი ისტორიული შენობისა და მის ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება კომპანიის მიერ, რომლის რეგისტრაციაც საპრივატიზაციო აუქციონის გამოცხადებამდე მხოლოდ ორი საათით ადრე განხორციელდა, რაც საპრივატიზაციო აუქციონის ჩაწყობაზე მიუთითებს.

წყარო: ბიზნეს მედია ჯორჯია (BMG) – 17.01.2020

_________________________________________________________

2019 წელი

27. საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორმა ოთარ ბუზარიაშვილმა (შპს „ახალი კომპანია 2018“) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 1,336,748 გამარტივებული შესყიდვა იყო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 16.12.2019

26. კორუფციის ნიშნები სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში

ივანე მირიანაშვილი 2017 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. მისი შვილის დავით მირიანაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა (შპს „სეივონი”, შპს “მ.ს.მშენი”, შპს „ინტერ პლიუსი”, შპს “ორბა 7”, შპს “თი ენ სი” და შპს “ცოტნე”), 2013-2019 წლებში 5,375,427.64 ლარის შესყიდვები მიიღეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 27.11.2019

25. სავარაუდო კორუფცია თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორცის შესყიდვის პროცესში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ ჩაანაცვლა თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივი წარმოების ხორცის შესყიდვა იმპორტულით, რის შემდეგაც ხორცის ერთადერთი მიმწოდებელი ყოფილი პარლამენტის წევრის („ქართული ოცნებიდან“), გოდერძი ბუკიას, ქალიშვილის სრულ მფლობელობაში არსებული კომპანია გახდა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე გამოთქმულია სერიოზული ბრალდებები ხორცის ხარისხთან დაკავშირებით.

წყარო: სტუდია მონიტორი – 17.11.2019

24. ახალციხის მერის მრჩევლის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის (ინფრასტრუქტურის საკითხებში) გელვასი გელაძის კომპანია „მშენებელი 2004“ ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. გელვასი გელაძე ერთდროულად იყო, სატენდერო და მიღება-ჩაბარების (დღემდე რჩება) კომისიების წევრიც, მიმდინარე პროექტების ზედამხედველიც და სამუშაოების შემსრულებელიც.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 21.10.2019

23. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შემდეგ თემურ ღვინჯილიას ბიზნესპარტნიორი ბაგრატ ღვინჯილია (შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო”) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს (5 მილიონ ლარზე მეტი) უკონკურენტოდ იგებს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 01.10.2019

22. ყოფილ დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში

ტენდერებში მაკრახიძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები (შპს “იბოლია”, შვილი ოფელია მაკრახიძე – შპს “შარა”, ძმა ალექსანდრე მარკახიძე – შპს „არქმშენსტუდია 2002”) ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები იყვნენ.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 02.09.2019

21. ახალციხის მერის კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში

2015 წელს ახალციხის მერად არჩევის შემდეგ ზაზა მელიქიძის კუთვნილმა და ყოფილმა კომპანიებმა (შპს „მელიზა” და შპს „მესხეთი XXI”) ახალციხის მუნიციპალიტეტისგან სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყეს.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 15.07.2019

20. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებული ბრალდებები

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია პარლამენტის მოქმედი წევრისა და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის, საეჭვო გამდიდრების, არადეკლარირებული აქტივებისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების შესახებ.

წყარო: რუსთავი 2 – 11.05.2019

19. მაღალჩინოსნების არადეკლარირებული უძრავი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებულია სამი მაღალჩინოსანი, რომელმაც ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონების დეკლარირება არ მოახდინა და მითითებულია დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღების ნიშნები. ეს მაღალჩინოსნები არიან: ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე; და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი.

წყარო: სტუდია მონიტორი – 09.03.2019

18. ზუგდიდის მუნიციპალური კომპანიის დირექტორის მოგებული ტენდერები

ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.

ჯამში, სამ კომპანიასთან 2011-2018 წლებში შემსყიდველ ორგანიზაციებს ტენდერებისა (567 188 ლარის ღირებულების 59 ტენდერი) და პირდაპირი შესყიდვების (125 035 ლარის ღირებულების 125 პირდაპირი შესყიდვა) გზით 692 223 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ამასთან, 431 106 ლარის ხელშეკრულება მაშინ, როცა მეწილე/დირექტორი ბადრი ნემსაძე ან მისი მეუღლე იყო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“18.02.2019

_________________________________________________________

2018 წელი

17. კორუფციის ბრალდებები ბოლნისის მერის წინააღმდეგ

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის, ნათესავები და მეგობრები რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების მუნიციპალურ კონტრაქტებს უკონკურენტოდ იღებენ. შერაზადიშვილს ნათესაური კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილესთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან.

წყარო: სტუდია მონიტორი – 15.12.2018

16. ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანიის მოგებული ტენდერები

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ „ევრომშენი 999”-მა 2016-2018 წლებში 39 ტენდერში გაიმარჯვა, ჯამური ღირებულებით 1 628 151 ლარი. კომპანიას  ზუგდიდის მერიასთან  29 773 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული.

მოგებული 35 ტენდერიდან,  27 შემთხვევაში ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრი იყო, თუმცა, ხელმოწერით აღნიშნავდა, რომ შპს „ევრომშენი 999”-თან ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებოდა. მანამდე კომპანიას არცერთ სახელმწიფო შესყიდვასა და ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“13.12.2018

15. თავდაცვის მინისტრის სახლების მშენებლობის არადეკლარირებული ხარჯები

2013-2018 წლებში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლევან იზორიამ ორი სახლი აიშენა, თუმცა, ამ სახლზე გაწეული ხარჯები კანონდარღვევით დეკლარაციაში არ მიუთითა. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს აღნიშნული ხარჯების წარმომავლობა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 11.12.2018

14. ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ფონდი ქართუ“ 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. ეს ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აშკარა შემთხვევა იყო, რადგან საქართველოს მთავრობა დაპირების აღსრულების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 19.11.2018

13. ყოფილი მთავარი პროკურორის დაუსაბუთებელი ქონება

თანამდებობაზე ყოფნისას საქართველოს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართის 2 უძრავ ქონებას ფლობდა, თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე წელში კი მათი ქონება უეცრად გაიზარდა – მათ სახელზე 7 900 კვ.მ ფართობის 24-მდე უძრავი ქონება ფიქსირდება.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 09.11.2018

12. სავარაუდო კორუფცია სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზაში“ ნავთობ-პროდუქტების სომხეთში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სახელმწიფოს კუთვნილმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზამ“ უკანონო გარიგება დადო „ლუკოილ ჯორჯიასთან“ (რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, ხელმძღვანელობდა), რითაც ყველა სხვა კომპანიას საქართველოს გავლით ნავთობ-პროდუქტების სომხეთში ტრანსპორტირება შეეზღუდა.  

წყარო: სტუდია მონიტორი – 20.10.2018

11. დეპუტატებისა და მინისტრების სავარაუდო უკანონო გამდიდრება

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია მაღალჩინოსნების საკუთრებაში არსებული არადეკლარირებული ან/და ძვირადღირებული უძრავი ქონების შესახებ, რაც აჩენს კითხვებს უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებით. საუბარია შემდეგი მაღალჩინოსნების უძრავ ქონებაზე: ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია; ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე; შინაგან საქმეთა  მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, მანანა კობახიძე; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი; პარლამენტის ყოფილი წევრი და ფრაქცია „კონსერვატორების“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური.

წყარო: რუსთავი 2 – 13.10.2018

10. ე.წ. „ომეგა ჯგუფის საქმე“

2018 წლის სექტემბერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებისა და გასაჯაროებული ფარული აუდიოჩანაწერების თანახმად, ადგილი ჰქონდა გარიგებას კერძო კომპანიებს, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შორის, რომელიც გულისხმობდა თანამდებობის პირთა ძალაუფლების გამოყენებას თამბაქოს ბაზარზე ამ კომპანიებისთვის დომინანტი პოზიციის უზრუნველყოფის მიზნით. ამის შედეგად გენერირებული შემოსავლები კი განაწილდებოდა კომპანიებსა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფს შორის. მასალებში ნახსენები იყო ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის, სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის სახელები.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 26.09.2018

9. სავარაუდო კორუფცია საგარეო საქმეთა სამინისტროში

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმის კუთვნილმა კომპანიამ ამავე სამინისტროსგან მსხვილი პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი კომპანიის რეგისტრაციის მეორე დღესვე. აღნიშნული შესყიდვის თანხა სამინისტროს კომპანიის რეგისტრაციის დღეს გადმოერიცხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რომელზეც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნები არ ვრცელდება.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) – 04.09.2018

8. მორგებული პირობების სავარაუდო გამოყენება სახელმწიფო შესყიდვებში

2013-2018 წლებში საჯარო უწყებებმა უმეტესწილად უკონკურენტო ტენდერის გზით შპს „გლობალ მოტორს ჯორჯია – ჯი ემ ჯისგან” (რომლის დამფუძნებელი გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ობგაიძის დეიდაშვილია) 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული წარმოების „ნივები” შეისყიდეს, სავარაუდოდ, მორგებული პირობებით.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 18.07.2018

7. კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებში

2018 წელს პროკურატურამ ორი ყოფილი მინისტრი დაკითხა: ყოფილი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საქმეებზე მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა მედია-საშუალებები ვარაუდობდნენ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებში საკუთარი ნათესავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ედებოდა ბრალად, ხოლო ზურაბ ალავიძე კორუფციის/„მბრუნავი კარის“ შემთხვევასთან იყო კავშირში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 56 მლნ ლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების ხარჯვას ეხებოდა. 

წყარო: რადიო თავისუფლება – 18.07.2018

6. ქონების გადაცემა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის

2016 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” არამართლზომიერად გადასცა ქონება, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი იყო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 28.02.2018

_________________________________________________________

2017 წელი

5. კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“

2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს (ე.წ. „ზონალური საბჭო“) საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი სავარაუდო შემთხვევა.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 18.10.2017

4. ცხვრის ექსპორტში ოთარ დანელიას სავარაუდო გავლენები

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის (ამჟამად, ბიზნესომბუდსმენის) ოთარ დანელიას სავარაუდო უკანონო გავლენებზე ქართული ცხვრის ექსპორტის ბიზნესში. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოწვეული იყო არა ბუნებრივი კონკურენციით, არამედ კომპანია „ვიქტორიას“ ხელმძღვანელობის პირადი კავშირებით ოთარ დანელიასთან, რის გამოც კომპანია კონკურენტების ხარჯზე ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდა. თავად დანელია ბრალდებებს უარყოფს.

წყარო: სტუდია მონიტორი – 27.05.2017

3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებული ბრალდებები

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, საეჭვო გამდიდრებასა და არადეკლარირებულ ქონებაზე.

წყარო: რუსთავი 2 – 23.04.2017

_________________________________________________________

2016 წელი

2. კორუფციის ნიშნები თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის განკარგვის პროცესში

თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზების, ასევე ამ და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობაზე სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის პროცესი ატარებდა არსებითად ფიქციურ ხასიათს და ემსახურებოდა უფრო ადრე, არაფორმალურ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივად გაფორმებას.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 13.05.2016

1. კორუფციის ნიშნები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების კვლევამ გამოავლინა, რომ მაშინდელ მინისტრთან და სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირად იღებნენ სამინისტროსგან საბიუჯეტო თანხებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 06.05.2016

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“